მსახიობი მაია გელოვანი „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო.
მსახიობმა მისი და ნიაზ დიასამიძის სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.
„ნიაზი ნიკო გომელაურთან გავიცანი. მასთან სახლში ვიყავი სტუმრად. ნიაზის წარმატებული კარიერა უკვე დაწყებული იყო. მანამდე შორიდან ვიცნობდი. თავიდან არც მოწონება მქონდა და არც არმოწონება. მერე თავისთავად მოხდა ყველაფერი. რამდენიმე ადგილას გადავიკვეთეთ.
სიყვარულზე საუბარი მიჭირს, ვერ ვლაპარაკობ... რთულია გრძნობის სიტყვებით გადმოცემა.
მე და ნიაზი უკვე 25 წელია ერთად ვართ და ეს სიყვარული სხვადასხვა ეტაპზე გადადის და უფრო იზრდება. მართლა დიდი ბედნიერებაა, ასე ძალიან რომ შეგიყვარდება ადამიანი...
მე და ნიაზი ცხრა მაისს დავქორწინდით. 21 დეკემბერს – სტალინის დაბადების დღეს, გაჩნდა თეიმურაზ დიასამიძე და 22 აპრილს, ლენინის დაბადების დღეს, დაიბადა ანდრია დიასამიძე. ასეთი უცნაური სამკუთხედი შეიკრა…
ნიაზი როდესაც ახალ ალბომს უშვებს, ყოველთვის სხვა მის ძალიან ახლო მეგობრებს შორის მეც ვარ ხოლმე, ვინც პირველად უსმენს. ამ ყველაფერს შვილებიც შემოუერთდნენ. მათ ძალიან უყვართ ამ პროცესში ჩართულობა“, – ამბობს მაია გელოვანი.
კითხვაზე, ნიაზიც ეუბნებოდა თუ არა აზრს მის როლებზე, მაია პასუხობს:
„ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემს სპექტაკლზე, იმიტომ, რომ ძალიან ღელავს“.
მაშინ, როდესაც ისეთ ოჯახებზე ვსაუბრობთ, სადაც სიყვარული და ხელოვნება პირდაპირპროპორციული ცნებაა, შეუძლებელია, ყველასთვის კარგად ნაცნობი დიასამიძეების ოჯახი არ გაგვახსენდეს.
ნიაზ დიასამიძე - ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსია დიდი საგვარეულო ისტორიით. მისი მუსიკასთან ურთიერთობა 15 წლის ასაკში დაიწყო და ძალიან მალევე ერთად ჯგუფიც ჩამოაყალიბა. კარიერაში მას არაერთი ფილმისთვის შეუქმნია საუნდტრეკები და ათობით საავტორო ნაწარმოების ავტორია. გარდა ამისა, ნიაზ დიასამიძე არის ცნობილი ფესტივალის, „არტ გენის“ თანადამაარსებელი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, განსაკუთრებული ურთიერთობა და სიყვარული მეუღლესთან, მსახიობ მაია გელოვანთან აკავშირებს. წყვილი 20 წელზე მეტია ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება. მათ ორი ვაჟი - თემურიკო და ანდრია ჰყავთ. "პირველად საერთო მეგობრის, არაჩვეულებრივი მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის ოჯახში შევხვდით. ერთმანეთი გავიცანით, მაგრამ შემდეგი 2 წელი ურთიერთობა არ გვქონია. შემდეგ ისევ შევხვდით და ჩვენი სიყვარულის ამბავიც ამის შემდეგ დაიწყო, რამდენიმე თვეში დავქორწინდით. ნიაზი ჩემს სპექტაკლებს არასდროს ესწრება. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, მოვიდა და, როცა ჩემი სცენაზე შესვლის დრო დადგა, დარბაზიდან გავიდა. გასვლის დროს თვალი მოვკარი, არც ვიცოდი, მოსული თუ იყო. უზომოდ ემოციურია, საკუთარ თავს ეკრანზე არ უყურებს. ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა მარტოა. მისი კარგად მესმის. არსებობს რაღაც სივრცე, რომელიც ჩემია, იქ აღარ იჭრება. მე მის ყველა კონცერტს ვესწრები, თამამად და ამაყად ვიტყვი, მისი შემოქმედების პირველი შემფასებელი და გულშემატკივარი ვარ..." - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი მაია გელოვანი.