24 ივლისს ჯენიფერ ლოპესმა 55 წლის იუბილე აღნიშნა, მაგრამ ვარსკვლავმა დაბადების დღის აღნიშვნა რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. შაბათს ჰემპტონში ბრიჯერტონის თემაზე წვეულება მოაწყო. ამჯერად მომღერალი "ინსტაგრამზე" საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ჯენიფერი, როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურება.
"მთელი მსოფლიოდან მილოცავენ დაბადების დღეს, ლამაზ ვიდეოებს და პოსტებს მიგზავნიან. გამეცინა, გამეღიმა, ცრემლები გადმომცვივდა და თაიმს სკვერზე ბილბორდი რომ დავინახე, მთლად ავტირდი. მე ნამდვილად მყავს მსოფლიოში საუკეთესო, ყველაზე საოცარი თაყვანისმცემლები. ვერასდროს გამოვხატავ, რამდენად აღელვებული ვარ ან რა წარმოუდგენლად ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ. ძალიან დიდი მადლობა. იმდენი სიყვარული მაქვს თქვენდამი.
მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი ხართ. ყოველთვის ჩემ გვერდით იყავით კარგ და რთულ დროს. ყოველთვის შემიძლია იმედი მქონდეს და მინდა იცოდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ. გმადლობთ თქვენი ზრუნვისთვის, თქვენი გაგებისთვის, თქვენი ერთგულებისთვის და რაც მთავარია, თქვენი სიყვარულისთვის. გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ…" - წერს ჯენიფერი.
უკვე რამდენიმე თვეა ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი საზოგადოებაში ერთად არ გამოჩენილან. ჰოლივუდის პრესა წერს, რომ წყვილი განქორწინებას აპირებს. ცოტა ხნის წინ ბენი პაპარაცებმა ყოფილ მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან ერთადაც კი დააფიქსირეს.
აფლეკი და ლოპესი ბოლოს ერთად მათი მილიონ დოლარად შეფასებული სახლის წინ ნახეს. როგორც ცნობილია, წყვილი ქონების გაყიდვას გეგმავს. მათ წარმომადგენლებს განქორწინებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ინსაიდერები კი ადასტურებენ, რომ ჯეი ლო უკვე დაიღალა ამ ურთიერთობისთვის ბრძოლით და დაიწყო მომავლის გეგმების შედგენა, რომელშიც ბენის ადგილი არ არის.
ცოტა ხნის წინ 54 წლის ჯენიფერი ახალი ფილმის პრესკონფერენციას ესწრებოდა, რომელიც მეხიკოში შედგა. მომღერალს რეპორტიორმა ჰკითხა: "თქვენი და ბენ აფლეკის განქორწინების შესახებ ჭორები სიმართლეა? რეალურად რა ხდება?"
ლოპესმა ასეთი კითხვის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა, სახე შეეცვალა, სავარძელში წამოიწია და რეპორტიორს მიმართა: "ეს არ გეკადრებათ".
ლოპესსა და აფლეკს მათი განქორწინების შესახებ მოარულ ხმებზე კვლავ არ სურთ საჯაროდ საუბარი. ბოლო 1 თვის განმავლობაში წყვილი იშვიათად ჩნდება ერთად, თავს არიდებს პრესასთან საუბარს და ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ პაპარაცებმა ბენ აფლეკი ქორწინების ბეჭდის გარეშე უკვე არაერთხელ შენიშნეს. ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობის ნგრევის შესახებ ჭორები მაშინ დაიწყო, როცა 2024 წლის 6 მაისს გამართულ Met Gala-ზე ჯეი ლო მარტო გამოცხადდა. მოგვიანებით ის ინფორმაციაც გაჟღერდა, რომ ბენი მისგან განცალკევებით, საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. კიდევ ერთი სიახლე, რამაც მედიის ყურამდე მიაღწია, ისაა, რომ ჯენიფერ ლოპესი თავადაც ახალი საცხოვრებლის ძიებაშია.