მარიამ კერესელიძე ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, გენერალ ლეო კერესელიძის ქალიშვილი იყო.
მამამისი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის გამო 1906 წელს იძულებული გახდა, შვეიცარიაში გახიზნულიყო. ჟენევაში მან თავისი მომავალი მეუღლე მართა (მარტა) ეჩოულტრე გაიცნო, რომელიც შვეიცარიული საათების განთქმული ფირმის („ჟაეგერ–ეჩოულტრე“) დამაარსებლისა და მფლობელის ქალიშვილი იყო. საბჭოთა უშიშროების მასალების მიხედვით, 1922 წლის 13 ივლისს, თურქეთში, მათი ერთადერთი შვილი დაიბადა.
მარიამმა ბავშვობა პარიზში გაატარა, სადაც მამამ ქართული ენა შეასწავლა. ლეო შვილს დედოფალივით ზრდიდა და თან სპარტანულ წესებს აჩვევდა, რათა მარიამს ცხოვრებასთან გამკლავება შესძლებოდა. საშუალო განათლება რომში, „წმინდა მარიამის სახელობის მონასტერში“ მიიღო. პოლიგლოტი იყო, როგორც ევროპულ, ისე აღმოსავლურ ენებს ფლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ოჯახი მაროკოში, ქალაქ ტანჟერში გადასახლდა, სადაც მამას წმინდა სისხლის ცხენები ჰყავდა. მარიამი შესანიშნავი ცხენოსანი იყო. 17 წლისამ, მაროკოს ტრადიციული, უდაბნოს ხუთდღიანი ჯირითი იმდენად მოკლე დროში დაამთავრა, რომ ყველა რეკორდი მოხსნა.
შემდგომში, მარიამი ტანჟერში შვედეთის დესპანზე დაიშნა, მაგრამ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. შემდეგ ცოლად გაჰყვა ერთ–ერთ მსხვილ ინგლისელ ჩინოვნიკს, თუმცა არც ეს კავშირი აღმოჩნდა მტკიცე.
1940 წელს, ლეო კერესელიძემ ტანჟერი დატოვა და ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა. ამ დროიდან მოყოლებული, მარიამმა ტანჟერსა და ესპანეთის მაროკოში მოქმედ გერმანიის დაზვერვასთან თანამშრომლობა დაიწყო. 1942 წელს, მარიამი დედასთან ერთად ბერლინში გადავიდა. მამის დაჟინებული მოთხოვნით, ვუსტრაუს ტყვეთა ბანაკში ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა და მამის ინტერესებს იცავდა.
1943 წლის 23 ნოემბერს, მოკავშირეთა მიერ ბერლინის დაბომბვისას იმ სახლს, რომელშიც ლეო კერესელიძე ცხოვრობდა, ამერიკული ყუმბარა მოხვდა და ნანგრევებში ჩაიტანა მისი ასამდე მცხოვრები.
1945 წლის 26 მარტს, მარიამი დედასთან ერთად ჩრდილოეთ იტალიაში გაემგზავრა, სადაც 150 იძულებით გადაადგილებულ თანამემამულეს შეუერთდა. მარიამის წერილებიდან ირკვევა, რომ ის იტალიაში ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა და პარტიზანების მხარდამხარ იბრძოდა:
"ომის ბოლოს პარტიზანი ვიყავი, იტალიის მთებში, წამიყვანია 600 ქართველი ბიჭი. გერმანელმა „ესესებმა“ კინაღამ დამხვრიტეს. მაგრამ, როგორც იყო გადავრჩი. დედამ საშინელი დრო გაატარა, სულ მოელოდა ამბავს, რომ მკვდარი ვიყავი. მის შემდეგ რაღაც ჯილდო უნდოდათ მოეცათ, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მანდ, იტალიის მთებში ქართველებს აღმერთებენ და ოფიციალურად გამოაცხადეს რომ „ქართველების წყალობით და მარიამის წყალობით ჩვენ გადავრჩითო" - წერდა მარიამი.
II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ნაცისტრურ გერმანიასთან თანამშრომლობის გამო, მარიამ კერესელიძე დევნილობაში იმყოფებოდა. საბჭოთა კავშირი ევროპის ქვეყნებში ნაცისტური გერმანიის მომხრე პოლიტიკური ემიგრანტებს, ტყვედ ჩავარდნილებსა და გერმანიის მხარეზე გადასული საბჭოთა მეომრებს იჭერდა და ხვრეტდა. მარიამ კერესელიძემ ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან ერთად, სამხრეთ ამერიკას მიაშურა. პერუში დამკვიდრდა და ლიმას უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.
მარიამ კერესელიძე 2002 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან მეუღლეს ანდერძი დაუტოვა, რომ გორში, კერესელიძეების საგვარეულო სასაფლაოზე მისი ფერფლი მიმოებნია. 2013 წელს მანუელ ჰერერა საქართველოში ჩამოვიდა. მან საგვარეულო საფლავს ვერ მიაგნო და მარიამ კერესელიძის ფერფლი იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში დამარხა.