- ჰოდა, ”რასტოვში” ვიყავი, რა... მაგარ საქმეებს ვატრიალებდი. ერთი რუსი შეყვარებული მყავდა, მაგარი მამიკოს შვილი იყო. ჰოდა, ვგრიალებდი ჩემს გემოზე. მამამისს თავისნაირი, მელეხი ძმაკაცები ჰყავდა... ძმაკაცები, რა... მაგათ ძმაკაცობა სად იციან? ”პროსტო”, საქმეში იყვნენ ერთად, რა... ჰოდა, მე, როგორც სიძეს, ყველასთან წარმადგენდნენ ხოლმე. ”სიმამრს” მაგრად ”ვევასებოდი” და ხშირად მეუბნებოდა, შენნაირი სიმპათიური ქმარი ჩემს ნადიუშას ჯერ არ ჰყოლიაო.
- კი მაგრამ, რამდენი ქმარი ჰყავდა? - ვკითხე გაოცებულმა.
- ქმარი არა, ისა... ერთი მე ვიყავი ქმარი და მეორეც - დანარჩენები. ”პროსტო”, რა, ნაშა იყო და კაცები ჰყავდა. გარეგნობით დიდი არაფერი ქალი იყო. ფული ჰქონდა და ამიტომ თუ აიტანდა კაცი. მამამისის ძმაკაცებს ”ჩავუსასტავდი” და ყველას შევაყვარე თავი.
- რად გინდოდა მათთან ასეთი დაახლოება? - მიამიტად ვიკითხე.
- ბიჭო, შენ მგონი, მართლა ციდან ხარ ჩამოფრენილი, ხომ იცი... რად მინდოდა და ჩემი ბიჭებისთვის ინფორმაციას ვაგროვებდი. იმათ კიდევ, მათი სახლები თუ სეიფები გაჰქონდათ. როცა მელეხი ბიძების სახლები იქურდებოდა, მე ამ დროს ან სიმამრთან, ან ნადიასთან ერთად ვიყავი და უტყუარი ალიბი მქონდა. ასე რომ, ჩემზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა.
- ვააა... ე.ი. ბანდაში იყავი?
- ეეე... ნუ დაიწყე ახლა შენ, რა... ბანდაში კი არ ვიყავი, საბავშვო ბაღში მასწავლებლად ვმუშაობდი...
- მერე?
- მერე, ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს ნადიასთან ერთად მისი სკოლის მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი (მანამდე ამ გოგოს არ შევხვედრივარ). კარგა ბლომად ხალხი შეიკრიბა რესტორნის ფოიეში, თავად იუბილარი კი არ ჩანდა. ნადიას მეგობრის ქმართან ლაპარაკში ვიყავი გართული, როცა მომესმა - ოოო... როგორც იქნა, მოვიდააა... ¬ მოვტრიალდი და პირი ღია დამრჩა. რესტორანს რაღაცნაირი, გრძელი ფოიე ჰქონდა. შემოსასვლელი კარიდან იმ ადგილამდე, სადაც ჩვენ ვიდექით, ასე, 20-30 მეტრი მაინც იქნებოდა. ამ გრძელი დერეფნის ბოლოდან ქალი მოდიიის... ზღაპრებში რომ გინახავს, ისეთი ლამაზი: მაღალი, შხვართი, ქერა, გრძელი, გაშლილი თმა ჰქონდა. მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ისე მსუბუქად იდგა, თითქოს ბალერინა იყო. გულამოჭრილი, წითელი ატლასის კაბა ეცვა, ტანზე მოტმასნილი და შეხსნილი. ნაბიჯს რომ დგამდა, მარჯვენა ფეხი ბოლომდე უჩანდა. ასეთი ლამაზი ქალი მართლა არასდროს მენახა. სუნთქვა შემეკრა და ხმას ვერ ვიღებდი. მის უკან 2-მეტრიანი მუტრუკი მოდიოდა. ეგრევე მივხვდი, რომ დაცვა იყო. ნადიას ვკითხე, რას წარმოადგენდა ეს მარინა. - არაფერს, საყვარელი ჰყავს მილიონერიო, - მითხრა.
- ისე, ასეთ ქალს კი ეყოლებოდა ფულიანი საყვარელი.
- მოიცა, ბოლომდე გითხრა. სადღაც 2-3 საათის მერე მოვიდა მისი საყვარელიც. ის მარინას წელამდე ძლივს სწვდებოდა, დაბალი და მრგვალი იყო. როცა დავინახე, ლუარსაბ თათქარიძე გამახსენდა.
- ვაა... შენ ”დაჟე” ლუარსაბიც იცი? - გულწრფელად გამიკვირდა.
- ეეე... შენ მე ეგრე ნუ მიყურებ, მე-9 კლასამდე ხუთოსანი ვიყავი.
- მერე? მოყევი ის ამბავი, რა მოხდა მერე?
- მერე, მისი მახინჯი საყვარელი რომ ვნახე, უფრო მომეცა გული და იმდენი ვქენი, რომ იმ მარინამ ტელეფონის ნომერი თვითონ მომცა.
- ვაა... არ არსებობს...
- გეუბნები, ასე იყო... ჰოდა, მერე ჩემს ნადიას ვუღალატე და მარინას ვხვდებოდი. მის საყვარელს იმდენი ფული ჰქონდა, რომ ორივეს გვყოფნიდა. ეგ იყო, სულ ვიმალებოდით, რადგან ეს ამბავი იმ ”ლუარსაბს” რომ გაეგო, ორივეს დაგვხოცავდა.
- აკი დაცვა ჰყავდაო? როგორ ახერხებდა შენთან შეხვედრას?
- დაცვას დიდ მაყუთს, თითოს თვეში 5 ათასს უხდიდა, ჩუმად რომ ყოფილიყვნენ.
- საყვარელი არ უხდიდა ხელფასს?
- კი, მაგრამ მხოლოდ 1.000-1.000-ს და ეგ იყო. მარინასთან მაგრად ძმაკაცობდნენ. მაგარი ”დუშკა” გოგო იყო და ამიტომაც, ის მთელი სულითა და გულით შემიყვარდა. რამდენიმე დღის განმავლობაში თუ ვერ ვნახავდი, ჭკუაზე აღარ ვიყავი, ისე მენატრებოდა, მაგრამ მე არასოდეს ვურეკავდი, რადგან არ ვიცოდი, როდის იყო იმ თავის ”პუტკუნასთან” ერთად.
- არ ეჭვიანობდი?
- კი, როგორ არა, მაგრამ მეუბნებოდა: რაც მასთან მაქვს, ამას სექსს ვერ დაარქმევ, ამაზე არ ინერვიულოო.
- და შენც არ ნერვიულობდი?
- ვნერვილობდი, როგორ არა, მაგრამ რას ვიზამდი? ჰოდა, ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ იმ ღამით შემეძლო მასთან მისვლა. ჩუმად შევიპარე მის სახლში, როგორც ყოველთვის. დაცვის ბიჭები თავის ოთახში ისხდნენ. მე და მარინა კი საძინებელში შევედით. მთელ ღამეს ვაპირებდი მასთან დარჩენას, მაგრამ ღამის 2 საათზე ხმაურმა გამომაღვიძა. მარინას უკვე ეღვიძა. ცოტა ხანს უსმინა ხმაურს და ძაღლის წკმუტუნი რომ გაიგო, მერე ჩურჩულით მითხრა: გოგიტა, ძაღლი ასე მხოლოდ ოლეგის მოსვლისას წკმუტუნებს, დროზე წადი, მგონი, მოვიდაო. თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. კერძო სახლში ცხოვრობდა. მეორე სართულიდან გადმოვხტი და ღობეს ელვის სისწრაფით გადავევლე. იმ დღის მერე მარინა უკვალოდ აორთქლდა. მხოლოდ ღმერთმა იცის, მოკლეს თუ სადმე გადამალეს. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე, ჩემი სიგარეტის ნამწვავებმა გამთქვა. მარინაც ეწეოდა, მაგრამ მისი სიგარეტები პომადიანი იყო, ჩემი კი სხვა ფორმის იყო და თანაც, სუფთა ფილტრი ჰქონდა. არ ვიცი, მე მეძებდნენ თუ არა, მაგრამ მაინც, საგულდაგულოდ ვიმალებოდი, ერთი თვის მერე კი ტაშკენტში წავედი და ”რასტოვისკენ” პირიც აღარ მიქნია. აი, ასე გამთქვა სიგარეტმა და როცა ვამბობ, სიგარეტი მაგარი ”ვეშია”-მეთქი, ყოველთვის ეს ამბავი მახსენდება. ახლაც ამიტომ გამახსენდა და ”პახოდუ”, მოგიყევი კიდეც.
- საინტერესოა, სად გააქრეს ის ქალი?
- აბა, რა ვიცი, მისი საყვარელი შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი იყო და იმას არაფერი გაუჭირდებოდა.
- ჰოო, მაშინ კი ექნებოდა ბლომად ფული... ¬ ეს ჩემი ფრაზა გოგიტამ უკომენტაროდ დატოვა და ერთ ადგილზე თვალგაშტერებული კარგა ხანს ისე იჯდა, ხმა არ ამოუღია. მერე ერთი ამოიოხრა და ხელი ჩაიქნია. ორივე ჩვენ-ჩვენს საფიქრალს დავუბრუნდით.
- კი, მაგრამ ეს რა არის? ამხელა კაცმა შეშის დაჩეხა არ იცის? ღუმელში არ ეტევა... ვითომ, პარიზიდან იყო ჩამოსული და არც ღუმელი გენახოს ჯერ, არც შეშა და არც ნაჯახი... - შეშის ნაჭერს ცხვირწინ უტრიალებდა და მთელი ხმით უყვიროდა ასანიძეს გამომძიებელი ლაშა გულდედავა და თან გულმოსული ქშინავდა.
- ბატონო ლაშა, შეიძლება? – თავი შემოყო გოჩა ლაბაძემ.
- მოდი, - უპასუხა ლაშამ და შეშის ნაჭერი იქვე, ღუმელთან გაბრაზებულმა მიაგდო. - შენ შეგიძლია, წახვიდე, - მიუბრუნდა ისევ ასანიძეს, კარამდე მიჰყვა და მის ზურგს უკან საგულდაგულოდ მიხურა. - აბა, როგორ ხარ? - მხარზე ხელი დაჰკრა გოჩას. საახალწლოდ ღორი არ დაკალი?
- კი, დავკალი... - დამნაშავესავით აიწურა გოჩა.
- მერე, რატომ არ შეგვატყობინე ეს სასიხარულო ამბავი?
- მე... მე... არ მეგონა, თუ ჩემს ღარიბულ სახლში მოსვლას იკადრებდით, - დაიბნა გოჩა.
- ეეე... ლაბაძე... ლაბაძე... ცუდად გვიცნობ, ცუდად... ჩვენც ჩვეულებრივი ხალხი ვართ, შენნაირი, ასანიძისნაირი... რა სხვაობაა ჩვენ შორის? არაფერი! უბრალოდ, მე 5 წლით მეტი ვისწავლე... მერე რა, სამაგიეროდ, შენ ცხოვრებამ დაგაბრძენა... ¬ ფილოსოფოსობის გუნებაზე დადგა გამომძიებელი. - ჰო, მართლა, შენი დახმარება გვჭირდება.
- გისმენთ, - მორჩილად დაუქნია თავი გოჩამ.
- როგორც იცი ხოლმე, რა...
- მოწმე გჭირდებათ?
- ჰო...
- გისმენთ, ბატონო ლაშა. - გამომძიებელი ცოტა ხნით ჩაფიქრდა. თვალი ერთ წერტილს გაუშტერა, თან ფეხს ნერვიულად აქანავებდა. მერე თითქოს ერთბაშად გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა.
- მოკლედ, შენ თუ გახსოვს, 25 ოქტომბერს, ღამით, ტყეში საკუთარ ღორებს რომ მწყემსავდი?
- კი, მახსოვს, 25 ოქტომბერს, ღამით, ტყეში საკუთარ ღორებს ვმწყემსავდი, - სიტყვასიტყვით გაიმეორა გოჩამ.
- ჰო... - თავი მოიქექა ლაშამ. - ჰოდა, საგურამოს ტყეში რომ მეტყევის ქოხია, ხომ იცი?
- კი, ეგ თუ არ ვიცი, აბა, რა ვიცი?
- იმ ქოხთან ყვითელი ფერის მანქანა ხომ არ დაგინახავს?
- კი, დავინახე.
- რა მარკის იყო მანქანა?
- ”ჟიგული” იყო, უფროსო, მაგრამ ფერი, ზუსტად არ მახსოვს. ”03” თუ ”06” მარკის ”ჟიგული” იყო.
- არც ნომერი გახსოვს?
- არა, - თავი გააქნია გოჩამ.
- რამდენი ადამიანი იჯდა მანქანაში?
- რამდენი და სამი - ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ერთი კაცი დაბალი ტანის იყო, მეორე - საშუალოზე მაღალი.
- მერე?
- მერე გასროლის ხმა გავიგონე.
- რამდენჯერ გაისროლეს?
- 3-4-ჯერ, ზუსტად არ მახსოვს.
- კარგია, ყოჩაღ! - შეაქო ლაშამ. - ახლა კარგად მომისმინე. მართალია, ეს პირველი საქმე არ არის შენთვის, მაგრამ ძალიან ყურადღებით უნდა მომისმინო და ამასწინანდელი ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების საქმესავით არ უნდა ჩააფლავო.
- მაშინ ჩემი ბრალი არ იყო, ზურაბიჩ... მე ყველაფერი ისე ვთქვი, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მაშინ მოსამართლე ვერ ”იყიდეს” და იმანაც, ლამის მე ”გამსროკა” ყალბი ჩვენებისთვის... თქვენ რომ არა, ციხე არ ამცდებოდა.
- კარგ ადამიანებს ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით... ხომ გაგიგონია, ხელი ხელს ბანს და ორივე - პირსო! თუმცა, შენ ალბათ, არ გაგიგონია... ახლა მე მოგიყვები, შენ კი მომისმინე. მოკლედ, 25 ოქტომბერს, ღამით, საგურამოს ტყეში შენ საკუთარ ღორებს მწყემსავდი. მანქანის ხმა გაიგონე, მიუახლოვდი იმ ადგილს და დაინახე, რომ თეთრი ”შპაკლით” აჭრელებული, ყვითელი ფერის ”ნოლშესტი” მივიდა ქოხთან. იქიდან გადმოვიდა 3 კი არა, 4 ადამიანი და ის საშუალოზე მაღალი ბიჭი, ვინც შენ დაინახე, შენი სოფლელი, ნიკა ტატიშვილი იყო. მას ახლდა ერთი ძალიან მაღალი მამაკაცი, მეორე - დაბალი და ერთიც, ახალგაზრდა გოგო. ქოხში შევიდა ის, ვინც ყველაზე მაღალი იყო. ცოტა ხნის შემდეგ 4 გასროლის ხმა გაიგონე. გასაგებია?
- კი, - ყოყმანით, პაუზის შემდეგ თავი დაუქნია გოჩამ.
- რა იყო, რამე ვერ გაიგე?
- უფროსო, მე რომ ამას ვიტყვი, ნიკას დაიჭერთ? - ძლივს ამოღერღა სათქმელი.
- ნუ გეშინია, ნიკას არ დავიჭერთ, მაგრამ შენ ენას კბილი დააჭირე და რასაც გეუბნები, ის გააკეთე.
- კარგი.
- აბა, გაიმეორე, რაც მე გითხარი.
გოჩამ სხაპასხუპით, სიტყვასიტყვით გაიმეორა ლაშას მონაყოლი, რის გამოც ქებაც კი დაიმსახურა.
- წავიდე?
- ხვალ ოფიციალურად გამოგიძახებ დაკითხვაზე და ოქმსაც შევადგენ. ახლა კი წადი და ღორებს მიხედე. - გოჩა უკუსვლით გავიდა ოთახიდან და კარს მიეფარა თუ არა, თავი სულაძემ შემოყო:
- უფროსო, ვიღაც კაცი გკითხულობთ, ამბობს, ლადო ვარ, ნიკა ტატიშვილის დის ქმარიო. შემოვუშვა?
- შემოუშვი, - ამოიოხრა ლაშამ. ოთახში ახოვანი მამაკაცი შემოვიდა.
- დაბრძანდი, - მიუთითა ღუმელთან მდგარ სკამზე ლაშამ, თვითონ კი მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა და ხელები ცეცხლს მიუფიცხა.
- რა ხდება, რისთვის დამიბარეთ? - საუბარი მოსულმა დაიწყო.
- რა ხდება, ბატონო ჩემო და, თქვენი ცოლისძმა შესაძლოა, კარგა ხნით გამოამწყვდიონ ციხეში. რა თქმა უნდა, თუ მკვლელობა დაუმტკიცდა.
- რას ამბობ, კაცო, აბა, მაგის შენ თვითონ გჯერა, რასაც ამბობ?
- მჯერა, აბა...
- ბალღი არ დაღუპოთ, კაცო, ტყუილს ნუ დააბრალებთ.
- ეგ ბალღი არის მთავარი მოწმე. მოწმე კი არა, ეჭვმიტანილი. თუ სხვა მკვლელი არ გამოჩნდა, მაშინ მაგის მოკლულია.
- და ჩემი ნახვა რაღად გინდოდა? ყველაფერი გცოდნია, უკვე...
- რად მინდოდა და შენი ცოლისძმა უნდა დაარწმუნო, რომ ნამდვილი მკვლელის ვინაობა თქვას.
- ვააა... როგორ უნდა თქვას, კაცო, თუ არ დაუნახავს?
- ჰოდა, თუ არ დაუნახავს, მაშინ თვითონ მოკლა და ეგ არის...
- არა-მეთქი, არა, კაცო, მაგის მოკლული არ არის.
- დედას თუ დაიფიცებს, თორემ, სხვანაირად ეგ თავის სიმართლეს ვერ დააჯერებს მოსამართლეს. დედის დაფიცება კიდევ, არც ალიბია და არც საქმეს წაადგება.
- ვააა... მაშ, რა უნდა ვქნათ, კაცო?
- რა უნდა ქნათ და რასაც გეტყვი, ის უნდა ქნა. მერე შენს ცოლისძმას შეგახვედრებ და უნდა აუხსნა, რომ რასაც თვითონ ამბობს დაკითხვაზე, ის არის არასწორი და რასაც ჩვენ ვიტყვით, ის იქნება სიმართლე. თუ დაგვიჯერებს, გადარჩება, თუ არა და, წავიდეს ”სროკზე”, რა, ჩემი რაღა მიდის?
- თქვენ იმას ამბობთ, რომ ყალბი ჩვენება უნდა მისცეს?
- ჰო, დაახლოებით მაგის თქმა მინდა... არა, ის ბიჭი ნამდვილად მკვლელია, მოწმე არ გვყავს და ვერ ვუმტკიცებთ, თორემ მკვლელია, რა, ნაღდად ვიცი...
- ე.ი. მკვლელი დაჭერილია და ნიკამ ხელი უნდა დაადოს იმ კაცს, ვისზეც თქვენ ეტყვით?
- ჰო, ხელი უნდა დაადოს და კიდევ, უნდა მოგვიყვეს, როგორ მოხდა ყველაფერი...
- ბიჭს აფუჭებთ, არა? 17 წლის ბიჭი უნდა ”გაბოზდეს”, არა? თქვენ ხომ ხალხი არ ყოფილხართ! - ხმას აუწია ლადომ.
- აბა, აბა, დაწყნარდი ახლა და არაფერი მიქარო, თორემ დაგსვამ შენი ცოლისძმის გვერდით და მერე ამტკიცეთ ორივემ ერთად, რომ მართლები ხართ...
- კაცო, ერთი ეს მითხარი, დავუშვათ და, ნიკა ისე მოიქცა, როგორც თქვენ ამბობთ. თუ ის კაცი, ვისაც ნიკა ხელს დაადებს, მკვლელი არ არის, ცოდვა უნდა აიკიდოს ბალღმა? მერე, სიმართლე რომ გაირკვეს? ან განა როდემდე იქნება ის კაცი ციხეში? რომ გამოვა და რამე აუტეხოს, მერე თქვენ აგებთ პასუხს?
- ვერ გამოვა, მაგაზე არ იდარდო, მაგას დახვრეტას მიუსჯიან...
- მერე, გამოდის, ნიკაზე ყოფილა დამოკიდებული და მკვლელად გინდათ აქციოთ? იმ კაცს თუ დახვრეტას მიუსჯიან, მაშ, ნიკას კისერზე არ იქნება ეგ ცოდვა?
- მაშინ თვითონ ”დაჯდეს” და სხვის ცოდვას ნუ დაიდებს... დამიჯერე, ციხეში ჩაჯდომას ყველაფერი სჯობს. მაგას ”მალალეტკებში” გაუშვებენ, იქ გააფუჭებენ ბიჭს. ჯობია, სხვა გაწიროს...
- ეგ კაცური საქციელი არ არის...
- შენ დაელაპარაკე ბიჭს, იქნებ დაგიჯეროს?! თვითონ გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა...
- შენ როგორ მოიქცეოდი ამ ბალღის ადგილზე? - ჰკითხა ლაშას და თვალი გაუშტერა.
- მე დავუჯერებდი გამომძიებელს იმიტომ, რომ იმან უკეთ იცის, ვინ არის მტყუანი და ვინ - მართალი...
- ჰმ... - ჩაიცინა ლადომ. - მაშ, დაუჯერებდი, არა? აი, მე კი სხვანაირად მოვიქცეოდი, მაგრამ ძალა აღმართსა ხნავს... კარგი, იყოს, როგორც თქვენ გინდათ... მე დაველაპარაკები ნიკას. თავად გადაწყვიტოს, კაცობა ურჩევნია თუ არაკაცობა...
- მასე თუ დაუწყებ ლაპარაკს, რა თქმა უნდა, არ დაგიჯერებს და ჩვენთან თანამშრომლობაზე არ წამოვა.
- მტერს არ ვუსურვებ თქვენს ხელში ჩავარდნას... გახრწნილი ხალხი ხართ...
- ენა გააჩერე... არც შენ ხარ მამა აბრამის ბატკანი...
ლადო წამოდგა და ირონიული ღიმილით დატოვა გამომძიებლის კაბინეტი.
- ხვალ, შუადღისას მოდი, - მიაძახა კართან მისულს ლაშამ.
ლადო გავიდა თუ არა, ტელეფონმა დარეკა. ვაჟა იყო და გამომძიებელს თავისთან უხმობდა. პროკურორის მოადგილის კაბინეტში ლევან დოდაშვილი დახვდა.
- ოოო, ექსპერტს გაუმარჯოს! - მხიარულად მიესალმა ლაშა. ლევანი სკამიდან წამოიწია და ხელი ჩამოართვა. - ახლა არ მითხრა, რომ ჩუთლაშვილის საქმეზე ხარ მოსული.
- ჰო, განცხადებაა შემოსული.
- ჩივის, არა? - ჩაიცინა ლაშამ. - რაო, რა მინდაო? მცემესო?
- კაცო, ერთი ეს მითხარი, რამდენჯერაც აქ მომიწია ჩამოსვლამ, ყოველთვის შენს გამოძიებულ საქმეზე ჩამოვდივარ. სინდისი აღარ გაქვს?
- მაბრალებენ, ლევან. მტრები მყავს, მტრები... ჩამოსვლით ბევრჯერ ჩამოხვედი, მაგრამ ერთხელაც არ დადასტურებულა ფაქტი.
- შემახვედრეთ პატიმარს, - მოკლედ მოუჭრა ექსპერტმა. ლაშამ ვაჟას გადახედა. მან შეუმჩნეველი თავის ქნევით ანიშნა, რომ შეეძლო, დათანხმებოდა. მერე, თვითონვე გასძახა თანამშრომელს და ზაზას ამოყვანა უბრძანა. ცოტა ხნის შემდეგ ამ თანამშრომელმა ისევ შემოყო თავი ოთახში და უფროსს მოახსენა, რომ პატიმარი ექსპერტთან შეხვედრაზე უარს აცხადებდა.
- აი, ხომ გითხარით, მტრები მყავს-მეთქი. მაგ ბიჭს ინტრიგანი ადვოკატი ჰყავს და კლიენტთან შეუთანხმებლად მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა. პატიმარი კი უარს ამბობს თქვენთან შეხვედრაზე. ნაცემი და ნაწამები რომ იყოს, ხომ არ იტყოდა უარს? პირიქით, გაუხარდებოდა თქვენი ნახვა, - ენას არ აჩერებდა გამომძიებელი და თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა.
- კარგი, მომეცი ოქმი, სადაც წერია, რომ პატიმარი უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე, ხელს მოვაწერ, - ამოიოხრა ლევანმა.
- აგერ, ბატონო, - გამზადებული ოქმი ამოაძვრინა საქაღალდიდან ლაშამ.
- პატიმარს რომ არ აქვს ხელი მოწერილი?
- არა უშავს, ხომ თქვენი ყურით გაიგონეთ, რომ უარს ამბობს? ჰოდა, თქვენ მოაწერეთ, რომ დრო აღარ დაკარგოთ, ალბათ, ბევრი საქმე გაქვთ... პატიმარს კი, წახვალთ თუ არა, მაშინვე მოვაწერინებთ. - ლევანმა თავი გადააქნია და ხელი მოაწერა ოქმის ბოლოში.
- ესეც ასეეეე... - თქვა ხელების ფშვნეტით, კმაყოფილმა გამომძიებელმა მას შემდეგ, რაც ექსპერტი ოთახიდან გავიდა. - ნამდვილი გენიოსი ხართ, კონსტანტინოვიჩ... წინასწარ გყავდათ გაფრთხილებული ის თქვენი თანამშრომელი?
- თანამშრომელი კი არა, დროზე დაამთავრე ეგ საქმე. დღეს გენერალური პროკურატურიდან დამირეკეს და მუშტი დამიბრახუნეს. რა გახდა, ბოლოს და ბოლოს, ერთი საქმის გამოძიება? თუ სანამ არ მომხსნიან, მანამდე არ გაინძრევი? - დატუქსა ვაჟამ. - ასეთი საქმეები ცხელ კვალზე იხსნება ხოლმე...
- თქვენ არ მითხარით, დრო გავწელოთო? - წინააღმდეგობის გაწევა სცადა გამომძიებელმა.
- ახლა გეუბნები, რომ დროზე დაამთავრე და ეს პატიმარიც გადააგზავნე ციხეზე. როდემდე უნდა იყოს აქ?
- კონსტანტინოვიჩ, გუშინ მოვიდა ბადრაგი წასაყვანად. ამ დროს ზაზა დაკითხვაზე ამოჰყავდათ. რომ დაინახეს, წაყვანაზე უარი თქვეს.
- რატომ?
- ეს კაცი 2 დღეში მოგვიკვდება, მერე ჩვენ უნდა დაგვბრალდეს და რატომ გავყოთ თავი შარშიო? თქვენი გაფუჭებული საქმე თქვენ გამოასწორეთ, თუ გადარჩება, მერე გადავიყვანთ ციხეზეო.
- ისე, მგონი, მართლა ზედმეტი მოგივიდა, ხომ იცი...
- ხომ ნახეთ, როგორი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა? დიდი ხანია, არ მახსოვს, რომ ერთ დღეზე მეტი გაეძლოს ვინმეს ჩვენი ბიჭებისთვის. მაგან 3 დღე გაუძლო. ცოტა ადრე ეღიარებინა დანაშაული და ამდენი აღარ მოხვდებოდა. სანამ ბიჭებმა არ უთხრეს, რომ გარეთ გაგიყვანთ და მერე, გაქცევის მცდელობისთვის გაგაგორებთო, მანამდე არ შეეშინდა.
- ახლა რას უპირებ?
- ახლა დაისვენოს, ხვალ დავუძახებ დაკითხვაზე და ტატიშვილი და ლაბაძე ამოიცნობენ...
ჯერ ისევ ადრიანი დილა იყო, როდესაც ზაზას დედამ, ქალბატონმა ნათელამ, ეზოს ჭიშკარი შეაღო. ხმაურზე მისი მეუღლე, გიორგი აივანზე გამოვიდა და როდესაც ცოლი დაინახა, მაშინვე კიბეზე დაეშვა, მომცრო ჩანთა ჩამოართვა და შინ შეიტანა. ოთახში შესულმა ნათელამ იქაურობა მოათვალიერა. ყველაფერი ისევე დახვდა, როგორც დატოვა. ჩაიდანიც კი კვლავ ღუმელზე იდგა.
- რა ხდება ჩვენი ბიჭის თავს, მშვიდობაა? - მოუთმენლად ჰკითხა გიორგიმ.
- ეჰ, რაღა მშვიდობაა, - ხელი ჩაიქნია ქალმა და თვალებიდან ცრემლი წასკდა.
- რა იყო, დავიღუპეთ? - ხელები უღონოდ ჩამოუცვივდა მამას.
- 2 კაცის მკვლელობისთვის დაიჭირეს.
- ეგ როგორ, კაცო, ზაზა ადამიანს როგორ მოკლავდა, მაგის დაკლული ქათამიც კი არ მინახავს, - სკამზე დაეშვა გიორგი და მასაც თვალები აუწყლიანდა.
გაგრძელება იქნება
ავტორი: მარი ჯაფარიძე