„ეს კაცი რომ ხელმწიფე არ ყოფილიყო, ვინატრებდი, მასაც ძალიან მოვწონებოდი, რადგან თავდავიწყებამდე გამიტაცა...“ - რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე პირველის მისამართით ნათქვამი ეს სიტყვები ტრაგიკული ბედის მქონე ულამაზეს ქართველ ქალს, ბარბარე თურქესტანიშვილს, იგივე ვარია თურქესტანოვას ეკუთვნის.
ბარბარეს პაპა – ბაადურ თურქესტანიშვილი, ქართლის მეფის, ვახტანგ მეექვსის მრჩეველი იყო და 1724 წელს მას რუსეთშიც გაჰყვა. მონაწილეობდა რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველთან გამართულ მოლაპარაკებებში.
ბარბარე 1775 წელს დაიბადა თელავში, რუსეთის არმიის გენერლის, ილია თურქესტანიშვილისა და მარია ერიოპკინას ოჯახში. მშობლები ბარბარეს მალე გარდაეცვალა და ობოლი გოგონა 20 წლის ასაკში რუსეთის იმპერატორის კარზე იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას ფრეილინა გახდა.
ბარბარე არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ჭკვიანი და განათლებული ქალი იყო, რომელმაც სახელი ჟურნალისტური წერილებითაც გაითქვა. ცნობილია მისი მეგობრობა და მიმოწერა შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენელ ფერდინანდ კრისტისთან 1812-1819 წლებში და, როგორც ჩანს, იმდენად საინტერესო იყო, რომ მოგვიანებით ფრანგულ და რუსულ ენებზე ჟურნალშიც დაიბეჭდა. ამ წერილში კარგად ჩანს, რომ ბარბარემ შესანიშნავად იცოდა ისტორია და მისი დროის პოლიტიკური ვითარება.
ასევე, პოპულარული იყო მისი „სამგზავრო წერილები“, სადაც აღწერილია მოგზაურობა ევროპაში და გადმოცემულია იმ ეპოქის იდეები და განწყობილებები.
ვარიას თელავში არ უცხოვრია, მაგრამ მისი ინიციატივით მშობლიურ ქალაქში გახსნილა წმიდა ნინოს სახელობის სასწავლებელი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა პეტერბურგიდან.
ბარბარე თურქესტანიშვილის ტრაგიკული ბედი მისი სიყვარულის ისტორიასთან არის დაკავშირებული.
1813 წელს, როდესაც იმპერატორის, ალექსანდრე პირველის მთავარი ფავორიტი მარია ნარიშკინა საზღვარგარეთ გაემგზავრა, შესამჩნევი გახდა იმპერატორის დაინტერესება ბარბარეთი. იმპერატორი სულ უფრო ინტერესდებოდა ქართველი სეფექალით და ხშირად უგზავნიდა ფაიფურის მინიატურებს საკუთარი პორტრეტითა და წარწერით „ის, ვისაც თქვენ არჩევთ, გირჩევთ თქვენ“.
სასახლეში ყველა იმპერატორის ახალი ფავორიტის შესახებ ჩურჩულებდა, თუმცა 1817 წელს დაწყებული რომანი მალე ტრაგიკულად დასრულდა. ბარბარე თურქესტანიშვილს იმპერატორის ოფიციალურ ფავორიტობაზე პრეტენზია არ ჰქონია. ცდილობდა, იმპერატორთან მისი სასიყვარულო ურთიერთობა ყველასთვის დაფარული ყოფილიყო.
1818 წლის შემოდგომაზე იმპერატორის დედამ თავადის ქალი ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა. ავსტრიაში ყოფნისას ბარბარე შეუძლოდ გახდა, საგანგებოდ მოწვეულმა ექიმმა ფრეილინა გასინჯა და უთხრა, რომ ფეხმძიმედ იყო. ქალისთვის ეს თავზარდამცემი ცნობა იყო, თუმცა საიდუმლოს დამალვა მოახერხა.
ევროპაში მოგზაურობა 1818 წლის ბოლოს დასრულდა. ბარბარეს ფეხმძიმობა ძალიან გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა. იმპერატორმა ჯერ სიმართლე არ იცოდა, მაგრამ ქალის ავადმყოფობამ ააფორიაქა.
თვითმკვლელობამდე კრისტინისადმი მიწერილ უკანასკნელ წერილში ბარბარე თავის ტკივილებს უჩიოდა და დასძენდა: „დიდ ბატონს სურს, რომ განსაკუთრებით ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე! თითქოს ეს შესაძლებელი იყოს ჩვენი კეთილი დიასახლისის ხელში“.
1819 წლის 20 მარტს ბარბარეს გოგონა შეეძინა, რომელსაც მარია (მიმი) დაარქვეს. ბავშვის დაბადებიდან ძალიან მალე ბარბარემ საწამლავი დალია და რამდენიმეკვირიანი ტანჯვის შემდეგ, 1819 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. იმპერატორის დედა თავის სეფექალს ბოლო წუთამდე არ მოშორებია და ლოგინში უგონოდ მწოლიარეს ლოცვებს უკითხავდა.