ხელოვნების პედაგოგის, მეთოჯინე ირმა ფრანგიშვილის ნამუშევრები საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა. საინტერესოა როგორც მისი ნამუშევრები, ასევე, მისი ბიოგრაფია, რომლის შესახებაც ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ირმა ფრანგიშვილი: დავიბადე თბილისში, რადგან იმ პერიოდში დედა სტუდენტი იყო და აქ სწავლობდა. მაგრამ სამტრედიაში გავიზარდე, რვა კლასი იქ დავამთავრე. ბავშვობა ცოტა რთული მქონდა, რადგან ჩვენს ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს – და-ძმა გარდამეცვალა. ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს და სამწუხაროდ, ორივე ერთნაირად გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, ბავშვობის პერიოდი ჩემთვის ძალიან რთულად გასახსენებელია. ოჯახში იმდენად რთული მდგომარეობა იყო, რომ მამამ რვა კლასის დამთავრების შემდეგ სასწრაფოდ თბილისში წამომიყვანა. ტექნიკუმში ჩავაბარე და სამკერვალო წარმოების ტექნოლოგიის სწავლა დავიწყე. თუმცა, ოჯახს უნდოდა, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა და მეც ეს სურვილი მქონდა.
– ალბათ, ამის მიზეზი თქვენი და-ძმის გარდაცვალებაც იყო...
– დიახ, მათ სწორად ვერ დაუსვეს დიაგნოზი. ამიტომ ძალიან მინდოდა, ექიმი გავმხდარიყავი და ასეთი შემთხვევებისთვის ხელი შემეშალა. თუმცა, იმავდროულად, ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ პირველივე კლასიდან განსაკუთრებული მონაცემები გამოვავლინე, პირიქით, თავიდან ვერც ვხატავდი, დედა ფანქარზე ხელს მომაკიდებინებდა და თავისი ხელით მახატვინებდა. მერე და მერე უფრო გავიხსენი, ეს ჩემი ხატვის მასწავლებლის დამსახურება იყო. სამხატვრო სკოლაშიც ჩავაბარე, მაგრამ მაშინ უკვე მუსიკალურში ვსწავლობდი და რადგან იმ დროს მუსიკალური უფრო მოთხოვნადი იყო და დროები ემთხვეოდა, მუსიკალური ვარჩიეთ და სამხატვროს თავი დავანებე. მიუხედავად შვიდწლედის დამთავრებისა, მივხვდი, რომ მუსიკა ჩემი არ იყო.
– თოჯინები როდის გახდა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი?
– სულ ვხატავდი, ვძერწავდი, მიყვარდა კერვა, ქსოვა – ამას ბებია მასწავლიდა. რვა კლასი რომ დავამთავრე, ზუსტად მაშინ გარდაიცვალა ჩემი ძმა. მაშინ სამედიცინოზე ვერ მოვახერხე ჩაბარება და როგორც გითხარით, მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში ჩავაბარე, სადაც კერვა ძალიან კარგად ვისწავლე. შემდეგ ინსტიტუტში, ქიმიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, რადგან სამედიცინოსთან იყო ახლოს. მესამე კურსზე მეორადად დიზაინის ფაკულტეტი ავირჩიე, თუმცა, ომიანობის პერიოდი დამემთხვა და სასურველი განათლება ვერ მივიღე. შემდეგ ბაღსა და სკოლაში დავიწყე მუშაობა, ხელოვნებას ვასწავლიდი, წრეები მქონდა, ბავშვებს ვამუშავებდი. ყველაფერი აქედან დაიწყო. ათ წელზე მეტი წლის წინ მოსწავლეთა სასახლე ხშირად ატარებდა კონკურსებს, მათ შორის, თოჯინების. ვცდილობდი, მათში ჩემს ბავშვებთან ერთად მიმეღო მონაწილეობა – სახალისო იყო მათთვისაც და ჩემთვისაც. იმდენად დამაინტერესა თოჯინებმა და ბავშვებიც ისეთი მონდომებულები იყვნენ, მათ რბილი, ხელზე წამოსაცმელი თოჯინები დავამზადებინე, დავამზადეთ დეკორაციებიც და სკოლაში თოჯინების თეატრი დავდგით, რომელიც კონკურსზე გავიტანეთ და გავიმარჯვეთ. შემდეგ სიღნაღში ვიყავით ფესტივალზე, მერე დაიწყო მიწვევები და მოგვეწონა ეს ყველაფერი. წარმატება მოგვიტანა ჩვენმა თოჯინებმა.