"თავისუფლება არის ცხოვრება საკუთარი არჩევანის მიხედვით, რა თქმა უნდა, სხვისი უფლებების პატივისცემით. დამთრგუნველი შეზღუდვების გარეშე, თავისუფლება მოიცავს, როგორც გინდა, ისე აზროვნებას, როგორც გინდა, ისე ლაპარაკს"... - ამბობს მსახიობი სოფი ხიზანიშვილი. როგორ აღმოჩნდა ის სერიალის "ბოლო სეზონი" გადასაღებ მოედანზე, რას ფიქრობს საკუთარ პერსონაჟზე, რა აკვირვებს ყველაზე მეტად ამ სამყაროში, რისი ფობია აქვს და რა ვერ გაბედა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...2000 წლის 31 ოქტომბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ასტრონავტი. ცაში აფრენის, კოსმოსის უკიდეგანო სივრცის შესწავლის იდეა ძალიან მომწონდა. მაინტერესებდა, რა ხდებოდა ჩვენი პლანეტის მიღმა და წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა ვარსკვლავებს შორის მოგზაურობა.
- მსახიობობის სურვილი რა ასაკში გაგიჩნდა?
- ძალიან გვიან მოვიდა ეს სურვილი. დღეს ვთვლი, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გავაკეთე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ლაღიაო. ხშირად ვიღიმი, გულწრფელი ვარ და ძალიან მიყვარს ურთიერთობები კოლეგებთან, მეგობრებთან, მათი ამბების მოსმენა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება მსიამოვნებს.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ნაკლებად მოვექცეოდი და უფრო დიდ ყურადღებას იმაზე გავამახვილებდი, თავად რა მინდა.
- დროთა განმავლობაში, თავად შენში, სტერეოტიპების მსხვრევას ახერხებ თუ ვერა?
- წლების მატებასთან ერთად ვახერხებ.
- სტერეოტიპების თავს მოხვევა საზოგადოების ბრალია? საიდან მოდის?
- მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ კომუნიზმის და საბჭოთა კავშირის ბრალია. მომდევნო თაობა ამ გავლენების ქვეშ აღარ მოექცევა.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...ვფიქრობ, წინ მელოდება. წარსულში მქონდა რამდენიმე სასარგებლო გამოცდილება და შესაძლებლობებიც, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც განვიხილავ, როგორც წარმატებისკენ მიმავალ ნაბიჯებს.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...დედას. ოდესმე ჩემს ცხოვრებაში კარგი რამ თუ მომხდარა, ამაში დედაჩემის უდიდესი დამსახურებაა. ის ყოველთვის იყო ურყევი მხარდამჭერი, სულ მამხნევებდა, მახალისებდა. დედა ჩემი სიძლიერის მუდმივი წყაროა.
- რას გეუბნება დღეს, როდესაც ეკრანზე გიყურებს?
- დედა ყოველთვის მკაცრი იყო და დღემდე ასეა. შენიშვნებს ვიღებ, ისევე, როგორც მხარდაჭერას და დიდ სიყვარულს.
- თავად რა განცდა გაქვს, როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ხედავ?
- ეს პროცესი სასიამოვნო ნამდვილად არ არის, ვუყურებ იმისთვის, რომ გავიგო, რა მაქვს მომავალში გამოსასწორებელი. ამ პროცესით სიამოვნებას ვერ ვიღებ.
- ბედნიერი ვარ...
- ...და ამავე დროს, ძალიან მადლიერი, რომ მეძლევა სწავლისა და ზრდის საშუალება. კიდევ ის მაბედნიერებს, რომ ბავშვებს ვუყვარვარ.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ჩემი უდიდესი მოცულობის დაუმორჩილებელი თმა, რომელიც არის სიმბას ფაფარივით.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...მსოფლიოს არც ერთ წერტილში ომი და კონფლიქტი აღარ იყოს. მინდა ისეთ სამყაროში ვცხოვრობდეთ, სადაც კონფლიქტები დიალოგით და მოლაპარაკებებით მოგვარდება, სადაც ბავშვები შიმშილით არ დაიხოცებიან, მათ ექნებათ წვდომა ყველანაირ მატერიალურ სიკეთესა და უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობებზე.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...გამძლეობა, რომელიც საშუალებას მაძლევს, გადავლახო დაბრკოლებები და ვიყო საქმეზე კონცენტრირებული.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ასეთი თვისება, სამწუხაროდ, ბევრი მაქვს. დროის მენეჯმენტის უნარების გაუმჯობესებაზე აქტიურად ვმუშაობ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ პირველი ემოცია ყოველთვის შენი მტერია, მაგრამ ვთვლი, რომ თითოეული შეცდომა მნიშვნელოვანი გაკვეთილია.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ამ უნარსაც ვხვეწ, პატიება ჩემთვის ძალიან რთული პროცესია.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...სიღრმეებში მივდივარ. მერე აზრზე რომ მოვდივარ, ვხვდები, რომ აწმყოში დარჩენა სჯობს.
- ვიბნევი...
- ...უთანასწორობის, უსამართლობის არსებობა და ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ძალიან მაბნევს. ისეთი საჭიროებები, როგორებიცაა საკვები და სუფთა წყალი, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანისთვის მიუწვდომელია. რა უსამართლობაა, რომ ძალიან ბევრი ცხოვრობს სიღატაკეში მაშინ, როცა სხვებს აქვთ იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდებათ.
- ვნანობ...
- ...იმ პატარა შესაძლებლობების ხელიდან გაშვების გამო, რომლებიც ადრეულ წლებში მქონდა. შეიძლებოდა, უკეთესად მოვქცეულიყავი.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მათთან დროის გატარება არის მთავარი პრიორიტეტი. ყველგან ვიქნებოდი, სადაც ისინი იქნებოდნენ.