- ეჰ... საქმეც მაგაშია, რომ მისი მოკლული არ არის, მაგრამ თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებს.
- ბიჭი ნახე? ელაპარაკე?
- არა, კაცო, ვინ შემიშვებდა მის სანახავად? პოლიციის შენობაში რომ შევედი, მაშინ შევხვდი, შემთხვევით, დაკითხვიდან გამოჰყავდათ. მოუკვდეს დედა, რა ნახა ჩემმა თვალებმა... ძლივს მოდიოდა, თავჩაქინდრული, გაწამებული... სახე დასიებული ჰქონდა... ძლივს ვიცანი ჩემი ბიჭი... ¬ დედა ხმამაღლა ატირდა. გიორგიმ ძლივს დაამშვიდა.
- კარგი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, გაირკვევა სიმართლე და ჩვენს ბიჭს ბოდიშსაც მოუხდიან, - ხმა უთრთოდა გიორგის და მის ნათქვამს დამაჯერებლობა აკლდა.
- გავიქეცი, რომ ახლოს მივსულიყავი და ჩავხუტებოდი ზაზას, მაგრამ პოლიციელმა დამიჭირა და უკან მომაბრუნა. ბიჭს შიმშილით კლავდნენ. მე რომ საჭმელი არ მიმეტანა, მაგის დარდი ვის ჰქონდა? ადვოკატიც ავუყვანე. ის ქალი მაიმედებს, რომ ყველაფერი გაირკვევა და სასამართლოზე ზაზა თავის სიმართლეს დაამტკიცებს, მაგრამ როდის იქნება სასამართლო? დედა მოუკვდეს... ეს რა ხათაბალაში გახვიეს... - გიორგი თავჩაქინდრული იჯდა და მხოლოდ ხანდახან თუ ამოიოხრებდა ხოლმე.
- მე ისევ უნდა წავიდე... ზაზას პატრონი სჭირდება. ნინოს 2 ბავშვი ჰყავს მოსავლელი და თან, პატარა გოგოა, ყველაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს.
- როდის უნდა წახვიდე? - ჩუმად, თითქმის ჩურჩულით იკითხა გიორგიმ.
- დღესვე... ნაწამები რომ არის, ამიტომ ადვოკატმა ექსპერტი მოითხოვა, მაგრამ იმ დასამიწებლებმა ზაზამდე არ მიუშვეს. ახლა, ოთარაანთ ქვრივის არ იყოს, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და სანამ სამართალს არ ვიპოვი, მანამდე შინ არ დავბრუნდები.
- გუშინ სამსახურიდან მოგაკითხეს...
- რა მესამსახურება, კაცო... ცეცხლსაც დაუწვავს და მეწყერსაც წაუღია სამსახურიც და სახლ-კარიც.
ქალბატონი ნათელა პარლამენტის შენობის შესასვლელში იდგა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარესთან, სანდრო კავსაძესთან დაკავშირებას ტელეფონით ცდილობდა.
- ბატონ სანდროსთან მინდა შეხვედრა.
- ქალბატონო, შეხვედრა დანიშნული გაქვთ? - ჰკითხა მდივანმა.
- არა, მაგრამ ახლა დამინიშნეთ, თუ შეიძლება.
- ახლა ვერ დავნიშნავ, წინასწარ უნდა იყოთ ბატონ სანდროსთან შეთანხმებული.
- წინასწარ როგორ შევათანხმო, თუ თქვენ არ ეტყვით, რომ მასთან საუბარი მინდა?..
- რა ვიცი, ქალბატონო, მე მისი ნებართვის გარეშე საშვს ვერ დავუშვებ.
- მოახსენეთ, რომ ველოდები.
- ბატონ სანდროს ჯერ არ სცალია, - მოჭრილად უპასუხა ახალგაზრდა ქალის ხმამ და ყურმილი დაკიდა. ქალბატონი ნათელა გაწბილებული იდგა, ყურმილი კვლავ ხელში ეჭირა და გონებაში სანდროსთან დაკავშირების ახალ გზას ეძებდა.
- ქალბატონო, თუ დარეკვას აღარ აპირებთ, მიმიშვით ტელეფონთან, თუ შეიძლება, - უცნობი მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა. ყურმილი დაკიდა და უცნობს გზიდან ჩამოეცალა. მთელი დღის განმავლობაში იდგა პარლამენტის შენობის წინ და ფიქრობდა, რომ ადრე თუ გვიან, ბატონი სანდრო სამსახურიდან შინ წავიდოდა და სწორედ მაშინ შეეცდებოდა მასთან მისვლას და დალაპარაკებას. გვიან საღამომდე ელოდა, მაგრამ იმ დღეს მისი ნახვა ვერ შეძლო. ვერც მომდევნო 3 დღის განმავლობაში დაუკავშირდა ადამიანის უფლებათა დამცველს. მდივან გოგონასაც გული გაუწყალა, მაგრამ ამაოდ. მეოთხე დღეს გაუმართლა. დილაადრიანად პარლამენტის შენობასთან მისულმა დაინახა, როგორ გადმოვიდა მანქანიდან ბატონი სანდრო. ქალბატონი ნათელა მისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა, წამოეწია და ვიდრე ის შენობაში შესვლას მოასწრებდა, შორიდან დაუძახა. ბატონი სანდრო შეჩერდა და უცნობ ქალბატონს შეხედა.
- ბატონო სანდრო, გვიშველეთ, ჩემი შვილი ჯალათების ხელშია და გადაარჩინეთ, უდანაშაულო ბიჭს მიკლავენ... მიშველეთ, თქვენი სიცოცხლის ჭირიმე, შვილს ნუ დამიღუპავთ.
- ქალბატონო, დამშვიდდით და ისე ამიხსენით, რა ხდება.
- უკვე 3 დღეა, უშედეგოდ ვცდილობ თქვენთან შეხვედრას. ძლივს მოვახერხე, აქ რომ შეგხვედროდით. მომისმინეთ, გთხოვთ...
- მოგისმენთ, ქალბატონო... რატომ არ დაუკავშირდით ჩემს მდივანს?
- ათასჯერ მაინც დავურეკე... ვერ შევასმინე ჩემი ვედრება, ბატონო სანდრო... არ სცალიაო, მეუბნებოდა.
- კარგით, წამოდით ჩემთან ერთად...
რამდენიმე წუთის შემდეგ ქალბატონი ნათელა მას ტირილ-ტირილით უყვებოდა თავის გასაჭირს. ბატონმა სანდრომ აღელვებული ქალი დაამშვიდა და დახმარებას შეჰპირდა.
- ნეტავ, რომელი საათია? - გოგიტას ხმამ გამაღვიძა, მაგრამ გამოფხიზლება არ მინდოდა და არ ვუპასუხე. - ზაზა, გძინავს? - მაინც არ მომეშვა.
- ახლა უკვე აღარ. გამაღვიძე და როგორღა მეძინება?
- ძილისთვის უამრავი დრო გექნება, მაგრამ არ ინაღვლო. რომელი საათი იქნება? - გამიმეორა კითხვა.
- რა ვიცი, გეჩქარება სადმე? - გამეცინა.
- ადექი, ჩაი დავლიოთ...
- ოჰო, ”დაჟე”, ჩაი უნდა დავლიოთ?
- აბა, რა! ახლა დავუკაკუნებ ბიჭებს და ადუღებულ წყალს მოვატანინებ, - თქვა და კარზე მუშტი მთელი ძალით დასცხო. ცოტა ხანში საკეტში გასაღები გაჩხაკუნდა და თავი ჩემთვის კარგად ნაცნობმა სულაძემ შემოყო.
- რა იყო, მოხდა რამე?
- შენა, ძმურად, ”კაპიატოკი” მოგვიტანე, რა...
- კარაქიანი პურიც გინდათ თუ მარტო ”კაპიატოკი” გეყოფათ? - უკბილოდ იხუმრა სულაძემ.
- გვეყოფა, - მოკლედ მოუჭრა გოგიტამ.
- ვა, ოფიციანტი გამოვგზავნო თუ მე მოგართვათ? - პოლიციელმა ისევ სცადა ხუმრობა. გოგიტამ ავად შეხედა და კბილებში გამოსცრა:
- ბიჭო, შენ რა ცუდად ხუმრობ... - ვიდრე კიდევ რამეს იტყოდა, სულაძე სასწრაფოდ გავიდა საკნიდან და კარი მოხურა.
- ეჰ, ვერ დავლევთ ჩაის... შაქარი მაინც არ გვქონდა, გული არ დაგწყდეს, - ვთქვი მე.
- ნახავ, თუ ვერ დავლევთ.
- გგონია, მოიტანს?
- კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ, რომ მოიტანს...
ცოტა ხნის შემდეგ ისევ აჩხაკუნდა გასაღები და უცნობმა ტიპმა ჩაიდანი შემოიტანა. გოგიტამ ჭიქები მაგიდაზე ჩამოდგა. იმანაც მდუღარე წყლით გაავსო. მერე ჯიბიდან რაღაც ქაღალდში შეხვეული ამოიღო, მაგიდაზე დადო და უხმოდ გავიდა. გოგიტამ ქაღალდი გახსნა. იქ შაქარი აღმოჩნდა.
- აი, შაქარიც გაიჩითა, ტო! - გაუხარდა გოგიტას. - ადექი, ადექი... პირი დაიბანე, ”დუში” მიიღე და ვისაუზმოთ.
- დაცინვას კაცი არ მოუკლავს... - ვთქვი და ძლივს წამოვდექი ნარიდან.
- ჰო, დაცინვას არა, მაგრამ ამათი დუბინკებით მკვდარი კი ბევრი მინახავს... - გაიცინა და შაქარი ორივე ჭიქაში თანაბრად გაანაწილა.
- ჩაი სად არის? - ვიკითხე გულუბრყვილოდ.
- რა იყო, შაქრიანი წყლის დალევას არ კადრულობ? - გადაიხარხარა გოგიტამ.
- არაფერი გვქონია, არც შაქარი, არც წყალი... მაგარი ოპტიმისტი ხარ.
- გარეთ 300 ათასი რომ გელოდებოდეს, შენც ოპიმისტი იქნებოდი, - მითხრა და შაქრიანი წყალი მოხვრიპა. - უუფ, კარგია... დალიე, გათბები... - ხელები ცხელ ჭიქას შემოვაჭდე. სითბო მესიამოვნა. ცოტა ხანში ხელები გამითბა და ვიგრძენი, გაცხელებულმა სისხლმა როგორ მიიტანა სითბო სხეულის თითოეულ უჯრედამდე. მერე ცხელი წყალიც მოვსვი.
- შენა და... პოლიციაში როგორ მოხვდი? - მკითხა გოგიტამ და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- სტუდენტობისას ქირით ვცხოვრობდი მეგობართან, გელა ლობჟანიძესთან ერთად, - დავიწყე მოყოლა. - მერე მან ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში, სპეცდანიშნულების განყოფილებაში, თემურ მღებრიშვილთან დაიწყო მუშაობა. ჩვენ ძალზე ახლო მეგობრები ვართ. ჰოდა, მითხრა - ჩემთან წამოდი, თემური შენნაირ ბიჭებს ეძებსო. თავიდან შორს დავიჭირე, რადგან ვიცოდი, რომ ბევრი ცდილობდა მის განყოფილებაში მოხვედრას, მაგრამ ვერ ახერხებდა. - შენ მოდი და ნახავ, როგორც კი თემური გნახავს, მაშინვე მიგიღებსო. ერთ დღეს გელას სამსახურში გავყევი. ჩემდა გასაკვირად, თემურმა იმავე დღეს მიმიღო და მითხრა, რომ ყველა საჭირო საბუთი მიმეტანა. როცა საბუთებს თავი მოვუყარე, გასაუბრებაზე დემურ მიქაძესთან შემიყვანეს. მაშინვე დაადო რეზოლუცია ჩემს საბუთებს და მეორე დღესვე მათი თანამშრომელი გავხდი.
- ვააა... ”ზნაჩიტ”, მოეწონე, ტო! სპეცოპერაციებზე მიდიოდი ხოლმე?
- აბა, რას ვიზამდი?
- ბევრი ხალხი დაიჭირე?
- არა, ბევრი არა. მალე წამოვედი იქიდან. თითქმის სულ სამსახურში მიწევდა ყოფნა. მე კი თან ვსწავლობდი და ამისთვის დრო აღარ მრჩებოდა. სულ ვფიქრობდი, რომ როგორც კი უკეთესი სამსახური გამოჩნდებოდა, მაშინვე წამოვიდოდი იქიდან.
- მერე?
- მერე, ერთ დღეს ქალაქში მანქანით მივდიოდი და ჩემი თანამშრომელი ჯუბა ჯიქურაული შემხვდა. მანამდე მას მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი. ქუჩაში რომ დავინახე, მანქანა გავუჩერე და წაყვანა შევთავაზე. ვისაუბრეთ. ცოტა წავიწუწუნე იმის გამო, რომ მთელ დღეებს სამსახურში ვატარებდი და დრო არაფრისთვის მრჩებოდა. ჯუბასაც ჩემსავით 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა და არც ის იყო წინააღმდეგი, სამსახურში ნაკლები დატვირთვა ჰქონოდა. მან მითხრა, რომ მცხეთის პოლიციაში ჰყავდა ახლობელი, რომელიც სამსახურის დაწყებაში დაგვეხმარებოდა, მაგრამ ვინაიდან მანქანა არ ჰყავდა, თავად გაუჭირდებოდა იქ მუშაობა. მე შევთავაზე, რომ თუ საქმეს ჩააწყობდა, ორივე ჩემი მანქანით ვივლიდით. დამთანხმდა. 4 თუ 5 ნოემბერი იყო, როდესაც პირველად ავედით მცხეთაში და მისი ნათესავი ვნახეთ.
- ვა, ”ზნაჩიტ”, მკვლელობის მერე, არა?
- ჰო, მკვლელობა 25 ოქტომბერს მოხდარა, მე კი მცხეთის პოლიციაში 20 ნოემბრიდან დავიწყე მუშაობა. აქ 5 დღეში ერთხელ მიწევდა მორიგეობა და თავისუფალი დროც მეტი მქონდა.
- აბა, რა უნდოდათ? რატომ გაგაფუჭეს? - გაოცებისგან ხელები გაშალა გოგიტამ. ამ დროს კარი გაიღო და სულაძე გამოჩნდა.
- ჩუთლაშვილო, დაკითხვაზე გეძახიან. - წამოვდექი და ნელი ნაბიჯებით გავემართე კარისკენ. დასაკითხ ოთახში გამომძიებელი და ადვოკატი დამხვდნენ. საერთო სალამი ვთქვი და ნანას ხელი ჩამოვართვი, ლაშას გამოწვდილ ხელს კი თვალი ავარიდე და ჩემთვის განკუთვნილ სკამზე დავჯექი.
- ზაზა, ახლა მოწმეები უნდა მოიყვანონ ამოსაცნობად, - მითხრა ნანამ. თავი დავუქნიე. ცოტა ხანში ოთახში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. ვიცანი. ის მცხეთის პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელიც აქ მუშაობის პერიოდში რამდენჯერმე მყავდა ნანახი. სახელიც გამახსენდა - გოჩა. ლაშა თავჩარგული იჯდა, რაღაცას გაფაციცებით წერდა. ნეტავ, ამას რაღა უნდა-მეთქი? - გავიფიქრე.
- დაჯექი, - ისე უთხრა ლაშამ გოჩას, რომ თავი არ აუწევია. კარგა ხანს წერდა, მერე ჯერ მე შემომხედა, მერე - გოჩას.
- ეს არის?- ჰკითხა და თავით ჩემზე ანიშნა.
- კი, ეს არის, - დასტური მისცა მან.
- ვინ ვარ? - ვიკითხე გაოცებულმა.
- ვინ ხარ და მკვლელი, შენ დახოცე ის ხალხი. მე დავინახე, რომ შენ იყავი, - მითხრა და თვალი ამარიდა.
- ვინ ხალხი, ბიჭო, შენი დედა... გაგიჟდი? რა დაინახე, შენი... - გინების კორიანტელი დავაყენე და ფეხზე წამოვხტი. მინდოდა, ყელში ვწვდომოდი ამ ნაბიჭვარს და მომეხრჩო. ნანამ გამაჩერა. ლაშაც ფეხზე წამოხტა. ხმაურზე გარედან პოლიციელებიც შემოცვივდნენ. რომ მივეშვით, ალბათ ორივეს ერთმანეთზე შევახეთქებდი და სულს გავაცხებინებდი, მაგრამ ხელებზე ბორკილები მედო და უძლური ვიყავი. ცოტა ხანში დავმშვიდდი და როცა ყველაფერი გავიაზრე, ენა ჩამივარდა. ადამიანი ხელს მადებს და მიმტკიცებს იმ დანაშაულს, რომელიც არ ჩამიდენია. ნეტავ, რის ფასად დავთანხმდებოდი ასეთ ტყუილზე? ალბათ, არაფრის ფასად. აქამდე კიდევ ვეჭვობდი, რომ რაღაც ეშლებოდათ და იმიტომ მაბრალებდნენ დანაშაულს, მაგრამ ამ ამბის მერე დავრწმუნდი, რომ არაფერიც არ ეშლებოდათ და მე თავიდანვე განწირული ვიყავი.
- კი მაგრამ, აქამდე სად იყავი? როცა დაინახე, რომ ის ადამიანები დავხოცე, რატომ მაშინვე არ თქვი ეს ამბავი? მე ხომ მიცნობდი? ხომ იცოდი, რომ შენი თანამშრომელი ვიყავი? მოსულიყავი და 26, 27, 28 ოქტომბერს გეთქვა – ჩვენმა თანამშრომელმა ზაზა ჩუთლაშვილმა ტყეში ადამიანები დახოცა და დავინახეო. რატომ აქამდე არ თქვი? პოლიციელი ხარ, ეს როგორ შეგეშალა? მანქანის ნომერი არ დაიმახსოვრე? - კითხვები დავაყარე გოჩას. გამომძიებელმა და ნანამ ერთდროულად შეხედეს მოწმეს. ის დაიბნა: ხან მარჯვნივ გაიხედა, ხან - მარცხნივ.
- თქვა, როგორ არ თქვა, ჩვენს თანამშრომელს, ნუკრი გაგაძეს უთხრა, მაგრამ სამწუხაროდ, ნუკრი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. მკვდარს კი ვერ დავკითხავთ, - უცებ მოძებნა გამოსავალი გამომძიებელმა და ჩემს შეკითხვებზე პასუხი გოჩას თავიდან აარიდა.
- მერე რატომ მაშინვე არ დამიჭირეთ?
- იმიტომ, რომ მას ნუკრისთვის მკვლელის ვინაობა არ უთქვამს, მხოლოდ მკვლელობის ფაქტის შესახებ უამბო.
- ეს გარდაცვლილმა გითხრათ?- იკითხა ნანამ.
- არა, თავად გოჩამ.
- კი მაგრამ, მკვლელის ვინაობა რატომ დამალა? მხოლოდ ახლა რატომ ამბობს ამას? როდის მოგცათ მან პირველი ჩვენება? - ლაშამ საქაღალდეში დაიწყო ქექვა და ცოტა ხანში იქიდან რაღაც ქაღალდი ამოიღო. ეს იყო გოჩა ლაბაძის დაკითხვის ოქმი, რომელიც წინა დღით იყო დათარიღებული და ამბობდა: მკვლელს ხელში თოფი ეჭირა. კარზე დააკაკუნა და როგორც კი კარი გაუღეს, მაშინვე ესროლა დაბლიდან მაღლა. - ნანამ დაკითხვის ოქმი წაიკითხა და გვერდზე გადადო.
- კი მაგრამ, დაბლიდან მაღლა რატომ ესროლა? - ლაშამ ისევ ჩარგო თავი საქაღალდეში და კიდევ ერთი ფურცელი ამოიღო.
- აი, ეს გახლავთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ტყვია დაბლიდან მაღლაა ნასროლი იმ იარაღით, რომელიც თავად მოკლულს ეკუთვნოდა.
- საინტერესოა, რა სიმაღლის იყო მოკლული? - იკითხა ნანამ.
- 175 სანტიმეტრი. ეს რა შუაშია?
- რა შუაშია, ბატონო ლაშა და იქნებ ტექნიკური თვალსაზრისით ახსნათ, როგორ შეიძლება 2 მეტრი სიმაღლის კაცმა თოფით მოკლას 175 სანტიმეტრი სიმაღლის კაცი, როგორც თქვენ ამბობთ - ”ქვევიდან ზევით”?
- ასე თქვა ექსპერტმა და მაშ, იტყუებიან?
- ექსპერტი კი არა, თქვენ იტყუებით, ბატონო ლაშა, - აუღელვებლად უპასუხა ნანამ.
- ხომ გაიგონე, შენი ყურით, რომ მოწმემ ამოიცნო?
- კი, ჩემი ყურით გავიგონე, მაგრამ ეგ მოწმეც თქვენი ”შეკერილია” და მისი ჩვენებაც. - მთელი ამ ხნის განმავლობაში გოჩა ჩუმად იჯდა. ბოლოს ძლივს ამოილუღლუღა: წავალ, თუ შეიძლებაო. ლაშამ ამოცნობის ოქმზე ხელი მოაწერინა და გაუშვა.
- სულაძეს უთხარი, ქალბატონი ეთერი შემოიყვანოს, - მიაძახა კართან მისულს. ორიოდე წუთის შემდეგ კარი მოხუცმა ქალბატონმა შემოაღო და მოწიწებით შემოვიდა.
- შეიძლება, უფროსო?
- მობრძანდით, ქალბატონო ეთერ, - ფეხზე წამოდგა ლაშა. ქალი იმ სკამზე დაჯდა, სადაც ცოტა ხნის წინ გოჩა იჯდა. - ქალბატონო, ამ ახალგაზრდას იცნობთ? - მიუთითა ჩემზე.
- არა, შვილო, არ ვიცნობ.
- დარწმუნებული ხართ, რომ არასოდეს გინახავთ?
- ჰო, შვილო, კარგი გარეგნობის ახალგაზრდაა და რომ მენახა, არ დამავიწყდებოდა.
- თქვენ ხომ თქვით, რომ სოფელში ამოვიდა ყვითელი ჟიგული, რომლის მძღოლმაც გიორგი სიხარულიძის ადგილსამყოფელი იკითხა.
- კი, ნამდვილად დავინახე უცხო მანქანა, რომელიც შორიდან მოდიოდა. ახლოს რომ მოვიდა, გააჩერა და მძღოლმა გიორგის მისამართი მკითხა, მაგრამ ეს ის ბიჭი არ არის. ტყუილს ვერ ვიტყვი. აბა, ადექი ფეხზე, შვილო, - მე მომმართა ქალბატონმა ეთერმა. წამოვდექი. - უი, არა, შვილო, არა, ის კაცი ასეთი მაღალი არ იყო. ეს ლერწამივით ბიჭია, ის კიდევ, სიმაღლით ამის ნახევარი თუ იქნებოდა. ნამდვილად არ იყო ეს ბიჭი. დანამდვილებით გეტყვით, რომ ამ ყმაწვილს პირველად ვხედავ.
- კარგი, დეიდა, ახლა აქ ხელი მომიწერე და თავისუფალი ხარ, - თითი დაადო ოქმის ბოლოს გამომძიებელმა.
- ახლა რაღას იტყვით? - ჰკითხა ნანამ, როდესაც მოხუცი კარს მიეფარა.
- ამას არ დაეჯერება, ვერ ხედავ, ერთი გამოჩერჩეტებული მოხუცია...
- და თუ იტყოდა, რომ ზაზა იყო ის კაცი, რომელიც მან ნახა, მაშინ ხომ იქნებოდა დასაჯერებელი?
- კარგით, რა, ქალბატონო ნანა, შარზე ხართ?
- მე ვარ შარზე, არა?
- ნუ ვიდავებთ იმაზე, რაც დღესავით ნათელია. ზაზა დამნაშავეა. ეს მეც ვიცი და თქვენც. ახლა კიდევ ერთ მოწმეს შემოვიყვანთ და ვნახოთ, ის რას იტყვის.
- ვიდრე მოწმეს შემოიყვანდეთ, ერთ რამეს გკითხავთ.
- კი ბატონო, ბრძანეთ.
- რატომ არ დევს საქმეში მღებრიშვილის უწყებიდან მოსული საბუთი, სადაც წერია, რომ ჩუთლაშვილი 25 ოქტომბერს ფილარმონიის დაცვაში იყო?
- თქვენ საიდან იცით, რომ ასეთი საბუთი არსებობს? - დაიბნა ლაშა.
- ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ვიცი. ასეთი საბუთი მე არ მინახავს. ის ჩემამდე არავის მოუტანია.
- რადგან თქვენ არ გინახავთ, მაშინ მე მოგცემთ, - ნანამ ჩანთიდან ორად გაკეცილი ფურცელი ამოიღო და ლაშას გადასცა. ამ საბუთზე თემურ მღებრიშვილის ხელმოწერაა. იმედია, დამაჯერებელი იქნება თქვენთვის და იმის იმედიც მაქვს, რომ არ დაკარგავთ. თუმცა მე კიდევ მაქვს...
- როგორ გეკადრებათ, - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა გამომძიებელმა.
- ახლა კი შეგიძლიათ შემდეგი მოწმე გამოიძახოთ და ვნახოთ, რას გვეტყვის.
კიდევ ერთი მოწმე ნიკა ტატიშვილი აღმოჩნდა. ამ ადამიანს უკვე მეორედ ვხვდებოდი. პირველად დაკავებიდან მეორე ღამეს ვნახე, როცა ჯალათებმა ჩემი წამება ცოტა ხნით შეწყვიტეს და ეს ახალგაზრდა შემოიყვანეს. მაშინ მან თქვა, რომ არ მიცნობდა. საინტერესო ის იყო, რას იტყოდა ახლა.
- მოდი, ნიკა, აი, აქ დაჯექი, - მიუთითა ლაშამ იმ სკამზე, რომელიც ჩემ პირდაპირ იდგა. ნიკა მორიდებით დაჯდა.
- აბა, იცნობ ამ კაცს? - ნიკამ შემომხედა, მერე ლაშას შეხედა, იატაკს დახედა და კითხვას პასუხი ისე გასცა, რომ თავი არ აუწევია.
გაგრძელება იქნება
ავტორი: მარი ჯაფარიძე