„პირველ რიგში, ამით დავიწყებ - მადლობა თითოეულ ქართველს! ეს რა მაგარი ერი ვართ, როგორ დამიდექით გვერდით და სულ ჩემ გვერდით ხართ! არ მინდა, ძალიან დიდი სტატუსი გამოვიდეს, მაგრამ ვისაც მოგინდებათ, წაიკითხავთ. მიყვარხარ, საქართველო და ქართველო ხალხო! მე თქვენთვის სულ ვლოცულობ!
დღეს რაც მოხდა, ეს უკვე განმეორდა, თითქოს, დეჟავუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი, მსაჯი თუ წესიერი იქნება, მე ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებ-მეთქი. რატომ ვიძახდი ამას და რატომ მინდა რომ ამაზე გავამახვილო ყურადღება:
ეს არის სპორტი, სადაც უკვე წლებია, განუკითხაობაა და საშინელებები ხდება. იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემზიზღდეს ის სპორტი, რომელშიც 17 წელია, ვარ! ჩემს ნახევარ ცხოვრებაზე მეტი! როდესაც ამ სპორტში საქმიანობა დავიწყე, დამიჯერეთ, რომ ეს სპორტი საერთოდ არ არსებობდა! მერაბ ბაზაძემ შეძლო და დააბრუნა და თავისი განათლებითა და უნარით, აღზარდა უამრავი მაგარი სპორტსმენი!
პირველი საერთაშორისო შეჯიბრიდანვე მახსოვს, როგორ შეშურდა მსოფლიოს ახალგაზრდა ქართველების გამოჩენა! მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძე, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, გოგა კაკურიძე, ვატო არჩვაძე, ნიკა ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, დუდუ თავართქილაძე, ლუკა ობოლაძე, დათუნა თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე - აქ არიან მოფარიკავეები, რომლებმაც აჩვენეს და კიდევ აჩვენებენძალიან დიდ შედეგებს! მე, სანდრო ბაზაძემ, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე არაერთხელ გადამიარეს განუკითხაობით და არასამართლიანად, გაჭირვებიდან მივაღწიე პირველობას, რწმენა არ დამიკარგავს და არც არასდროს დავკარგავ. დღეს კიდევ იმის შემსწრე გავხდი, რომ აქ სამართალი არ არსებობს.
საქართველო არის სამართლიანი ქვეყანა და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა! მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მიყვარხართ თითოეული ქართველი! ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემი მიზანი იყო ამ სპორტში პირველი დღიდანვე, მაგრამ არ მაძლევენ ამის საშუალებას ეს გარეწრები! მე ტყუილს არ ვლაპარაკობ, მე 2 შვილი მყავს და არ მინდა, მათ მატყუარა მამა ყავდეთ!
მერაბ ბაზაძე გმირია! 1 ხმალი გვქონდა და რომ გატყდა, ხიდან ჯოხი მოწყვიტა და ისე გვავარჯიშებდა, ფეხზე არაფერი გვეცვა... აი, ესე გავხდი მე მსოფლიოში პირველი ნომერი! მაგრამ შეშურდა მთელ მსოფლიოს, როგორც ჩანს…
მე მადლიერი ვარ ღმერთის იმისთვის, რაც გამაჩნია - რომ ვარ ქართველი და მიყვარს თითოეული ქართველი იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვართ! მადლობა თქვენ და მე არ დავანებებ თავს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან იმედგაცრუებული და გულგატეხილი ვარ…
საქართველო არის ყველაზე მაგარი ქვეყანა! ჩვენ გაგვიმარჯოს და წარმატება თითოეულ ქართველს ოლიმპიურ თამაშებზე! – წერს სანდრო ბაზაძე, ქართველი მოფარიკავე.
სანდრო ბაზაძის შესახებ დღეს მთელი საქართველო და, შეიძლება ითქვას, მსოფლიოც საუბრობს. დაუმსახურებელი მარცხისა და მსაჯის არასწორი გადაწყვეტილების შესახებ კი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამაც დაწერა:
"საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი", - წერდა ფედერაცია, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სანდრო ბაზაძე 1993 წლის 29 ივლის დაიბადა. "მამაჩემი და ჩემი ძმა დიდი ხნის განმავლობაში მისდევდნენ ფარიკაობას, მე თავიდან განსაკუთრებული ინტერესი არ მქონდა ამ სპორტისადმი, მაგრამ ხშირად დავყვებოდი ჩემს ძმას ვარჯიშებზე ან შეჯიბრებებზე და მივხვდი, რომ ვიზუალურად ძალიან ლამაზი და ამასთანავე საინტერესო სპორტია, თოთხმეტი წლის ასაკში ზუსტად ამის გამო ვცადე ბედი - მინდოდა, რომ ოჯახურ სპორტს გავყოლოდი", - ამბობდა ის.
სანდროს კარიერაში უამრავი წარმატება ყოფილა, მაგრამ თავად პირველ გამარჯვებას ასე იხსენებდა:
"პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი წარმატება ევროპის ჩემპიონატი იყო 20 წლამდე ასაკში. მაშინ დაახლოებით სამი წლის დაწყებული მქონდა ვარჯიში და პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩემთვის, რა თქმა უნდა, დაუვიწყარი ემოცია იყო, რის შემდეგაც კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევის სურვილი გამიჩნდა".
როგორც სანდრომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, მსაჯის მხრიდან უსამართლობის მსხვერპლი ის წინა ოლიმპიადაზეც გახდა. მაშინ სპორტსმენი თვლიდა, რომ გამაჯვება ეკუთვნოდა:
"ცოტა ხნის წინ გამართულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვთვლი, რომ ვიმსახურებდი და მეკუთვნოდა კიდეც მედლის მოპოვება, ამის ძალებიც შემწევდა, თუმცა მსაჯის არასწორი და არაკომპეტენტური გადაწყვეტილების გამო, სამწუხაროდ, მედლის გარეშე დავრჩი".
სანდროსთვის ამ სპორტში მთავარი მოტივაცია ოჯახი და სამშობლოა. სწორედ ამ ორის სიყვარულით ახერხებს ის, მიაღწიოს, ერთი შეხედვით, მიუღწეველს:
"მოტივაციას, პირველ რიგში, ოჯახი და სამშობლოს სიყვარული მაძლევს. როცა სპორტსმენს ზურგზე შენი ქვეყნის სახელი გაწერია, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, რაც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და სპორტულ კარიერაშიც", - ამბობდა სანდრო ბაზაძე hammockmagazine.ge-სთან საუბრისას.
როგორც სანდრომ საკუთარ წერილში აღნიშნა, მას ორი შვილი, დათი და დაჩი ჰყავს. მისი მეუღლე უმშვენიერესი სალომე გლოველია. სალომეს განათლება ბიზნესის ადმინისტრირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მიმართულებით აქვს მიღებული, ამჟამად კი თავადაც საქართველოს ფარიკაობის ფედერაციაში პიარისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციას იკავებს.
"გამიმართლა ასეთი მეუღლე რომ მყავს. სალომე ძალიან მეხმარება და დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი შედეგების მიღწევაში, ის ჩემი მოტივაციაა. შირად დიდი ხნით მიწევს ქვეყნიდან წასვლა, მდგომარეობას სალომე მიმსუბუქებს და მეუბნება, არ ინერვიულო, საფიქრალი არაფერი გქონდესო. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. სალომე ჩემმა მეგობარმა გამაცნო, რომელიც მისი პარალელურ კლასელი იყო. იმ წელს ქობულეთში ვისვენებდით, იქ ვნახე და პირველივე დღიდან სიმპათია გამიჩნდა მის მიმართ, სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება. ძალიან ბედნიერები ვართ... დიდი იმედი მაქვს, დაჩიც ჩემს გზას გააგრძელებს, არაფერს დავაძალებ, მაგრამ დიდი სურვილი მექნება, რომ ჩვენი ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს და იფარიკაოს. ვნახოთ, თუ მოინდომებს, მე ყველანაირად შევუწყობ ხელს", - ამბობდა სანდრო ambebi.ge-სთან ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში სანდრო აღნიშნავდა, რომ მისთვის განათლება პრიორიტეტია:
"სპორტული კოლეჯი დავამთავრე და შემდეგ ჩემი მეუღლის დახმარებით და რჩევით სპორტის უნივერსიტეტში ჩავაბარე, მწვრთნელთა ფაკულტეტზე. სპორტსმენისთვის კი არა, განათლება ყველასთვის საჭიროა. გაუნათლებელი ადამიანი დიდ შედეგსაც ვერ აღწევს, მინიმუმ, წიგნი უნდა წაიკითხო. მიყვარს კითხვა და მარტო როცა ვრჩები, დროს აუცილებლად გამოვნახავ ხოლმე ჩემი საყვარელი ავტორების წიგნებისთვის.
სიმღერის ნიჭი მაქვს, ჩემთვის ვმღერი და სახლში მარტო რომ ვრჩები, ჩემს ჭიას ვახარებ. ჩემი მეუღლე მეუბნება, გამოგდისო, და რა ვიცი... ჩემს თავზე რა ვთქვა, კეთილი ვარ და სიცილი მიყვარს ძალიან. მეგობრები მეტსახელად "ზოროს" მეძახიან, მაგრამ ვთვლი, რომ "ზოროზე" ძლიერი ვარ", - ამბობდა სანდრო.