- დიახ, - თქვა ჩუმად, თითქმის ჩურჩულით. - ვიცნობ.
- სად გაიცანი? - ჰკითხა ნანამ.
- დიდუბის მეტროსთან. გზაზე გადავდიოდი. ჩემკენ მომავალი მანქანა ვერ შევნიშნე და ლამის საბურავებში შევუვარდი. მძღოლმა დაამუხრუჭა და მანქანიდან ყვირილით გადმოვიდა. მე გავჩუმდი. შემდეგ ხელი ჩამომართვა და მითხრა: ზაზა ჩუთლაშვილი ვარ, ვიცნობდეთ ერთმანეთსო. მეც ჩამოვართვი ხელი. მერე თქვა: სხვა დროს ფრთხილად იყავი, მანქანას ქვეშ არ შეუვარდეო.
მსგავსი ტყუილი არ გამეგონა. გაოგნებული ვუყურებდი ამ ბიჭს და ხმას ვერ ვიღებდი. ველოდი, როდის დაამთავრებდა ლაპარაკს. თავი არ აუწევია, საუბრის დროს თავის ხელებს დაჰყურებდა და ფრაზებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა.
- მე გითხარი ეს ყველაფერი? - ვკითხე ბოლოს, როცა დიდი პაუზა გააკეთა. გაჩუმდა. - თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, რომ რასაც ამბობ, სიმართლეა. - იმის ნაცვლად, რომ ჩემთვის შემოეხედა, ლაშას გახედა.
- სიმართლეა, აბა, საიდან მოიტანდა? - შეეშველა ლაშა.
- კი მაგრამ, ჯერ გეჩხუბა, მერე უცებ გაგეცნო და ჭკუაც დაგარიგა? - ჰკითხა ნანამ.
- დიახ, - თავი დააქნია ნიკამ.
- მერე მანქანაშიც ჩაგსვა და სიხარულიძისა და მეტრეველის მოსაკლავად წაგიყვანა?
- არა, ეგ მერე იყო.
- რა იყო მერე? - ნერვებმა ისევ მიმტყუნა და ხმამაღლა ვიყვირე. ნიკა გაჩუმდა.
- ბიჭო, ნუ გაჰყვირი, თორემ ჭკუაზე მოსაყვანი წამალი... - დაიწყო ლაშამ ლაპარაკი, მაგრამ სიტყვა გავაწყვეტინე.
- ჭკუაზე მოსაყვანი წამალი მე კი არა, თქვენ გჭირდებათ, თქვენი... საიდან მოგაქვთ ეს ზღაპრები, ვინ იგონებს ამ ტყუილებს? იცოდეთ, თქვენი ცოდვები თქვენვე მოგახრჩობთ.
- ხმას დაუწიე, - ხმაში მუქარა გაურია ლაშამ. - მეორედ როდის შეხვდი ჩუთლაშვილს? - მიუბრუნდა ნიკას.
- რამდენიმე დღის შემდეგ.
- სად? - ეს უკვე ნანა იყო.
- ისევ დიდუბის მეტროსთან, ისევ იმ ადგილზე, ისევ გზაზე გადავდიოდი. ზაზამ დამინახა და მანქანა გააჩერა. გვერდით ვიღაც კაცი ეჯდა. სად მიდიხარო? - მკითხა. ვუთხარი, რომ...
- გაათრიეთ აქედან, - მთელი ხმით ვიღრიალე და თვალებიდან ცრემლები უნებურად ჩამომიგორდა. ეს იმედგაცრუების ცრემლი იყო, ბოლო იმედიც მომიკვდა. მივხვდი, რომ ამ ამბიდან თავის დაღწევა ძალზე ძნელი იქნებოდა. ძნელი კი არა, შეუძლებელი. - რატომ მე? რატომ მაინცდამაინც მე? რატომ გამწირეთ? - ვბღაოდი ხმამაღლა. ნიკა სასწრაფოდ გაიყვანეს ოთახიდან. ნანა მაწყნარებდა, მაგრამ ვერ ვმშვიდდებოდი. ლაშამ გრაფინიდან წყალი ჩამოასხა და ჭიქა ჩემკენ გადმოდგა.
- გამიყვანეთ აქედან, - კბილებში გამოვცერი ბოლოს. ლაშამ სულაძეს დაუძახა და საკანში დამაბრუნა. იმ წუთში იმაზე გაცილებით ცუდად ვიყავი, ვიდრე მაშინ, როცა ჯალათები მაწამებდნენ, რადგან მაშინ ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან, სიმართლე გაირკვეოდა. ახლა კი დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმართლის გარკვევას არავინ შეეცდებოდა. ჩემი სიმართლე ყველას ფეხებზე ეკიდა. ამ ადამიანებისთვის მთავარი ის იყო, რომ ამ საქმის გამო ვიღაც დაესაჯათ. ეს ვიღაც კი მე აღმოვჩნდი მხოლოდ იმიტომ, რომ ყვითელი ფერის "ჟიგული" მყავდა.
საკანში წელმოწყვეტილი შევედი. როგორც ჩანს, გოგიტა მიხვდა, რომ ძალზე ცუდ გუნებაზე ვიყავი და ხმა არ გაუცია ჩემთვის. დავწექი, კედლისკენ შევბრუნდი და მთელი 2 დღე და ღამე ხმა არ ამომიღია. ფიქრის თავიც არ მქონდა. თუმცა რაზე უნდა მეფიქრა? ჩემს მომავალს ჩემ ნაცვლად სხვები გეგმავდნენ, ჩემზე სხვები ფიქრობდნენ და ისეთი ადამიანების ხელში იყო ჩემი ბედი, რომლებსაც ადამიანური არაფერი შერჩენოდათ. იმ 2 დღის განმავლობაში არც არავინ შემხმიანებია. ხანდახან გოგიტა ცდილობდა დალაპარაკებას, მაგრამ ხმას არ ვცემდი. ისიც ძირითადად იმიტომ მეხმიანეოდა, რომ შეეხსენებინა - საჭმელი ჭამეო, მაგრამ ხმას რომ არ ვცემდი, თავს მალევე მანებებდა. მესამე დღეს, დილით, სულაძე ჩამოვიდა ჩემ წასაყვანად. მითხრა: დაკითხვაზე გეძახიანო. გავყევი. ლაშასთან ერთად ოთახში სანდრო კავსაძე და გივი არსოშვილი დამხვდნენ. ორივეს ხელი ჩამოვართვი. ლაშას გამოწვდილ მარჯვენას ისევ თვალი ავარიდე. ფეხზე ძლივს ვიდექი. როგორც ჩანს, აშკარად მეტყობოდა, რომ ცუდად ვიყავი, რადგან ბატონმა სანდრომ სკამი მომაწოდა და თან, დაჯდომისას ხელი შემაშველა. თვითონ წინ დამიჯდა.
ფოტოზე: ზაზა ჩუთლაშვილი, ციხეში ყოფნის დროს.
- როგორ ხარ, ზაზა? - მკითხა.
- როგორ ვარ? - სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადამირბინა. - კარგად ვარ, ბატონო სანდრო. რა სჯობს იმას, დილა-საღამოს დუბინკებით რომ დამამუშავებენ, მერე ბუხრიან ოთახში წამომაწვენენ, - ჩავიცინე.
- ჩვენი ბრალია... ასე ჰუმანურად რომ ვექცევით მკვლელებს და მამაძაღლებს, მერე დიდი პრეტენზიები აქვთ ხოლმე, - ჩაერია ლაპარაკში ლაშა. სანდროს მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია.
- გცემეს? - მკითხა. მე თავი დავუქნიე და სვიტერი ავიწიე. ჩემი დალურჯებული სხეულის დანახვაზე სანდრომ თავი გადააქნია.
- ბატონო ლაშა, კლავდით? - ჰკითხა გამომძიებელს.
- ხელიც არ დამიკარებია, ბატონო სანდრო, - მლიქვნელური ღიმილი გადაეფინა სახეზე ლაშას.
- ჰო, შენ რა თქმა უნდა, არ დაგიკარებია, ასეთი საქმეებისთვის გეყოლებათ რამდენიმე კაცი და ისინი იზამდნენ, თქვენი ბრძანებით, ასე არ არის?
- როგორ გეკადრებათ, ჩვენთან ასეთი რაღაცები არ ხდება.
- აბა, ტანი თვითონ დაილურჯა პატიმარმა? - წარბები ასწია სანდრომ.
- არა, თვითონ არა, მაგრამ დაპატიმრებამდე 1 დღით ადრე ავარია მოუხდა და სწორედ იმ დროს დაშავდა, - უცებ მოძებნა თავის დაძვრენის გზა ლაშამ.
- ასე იყო? - მე მომიბრუნდა ბატონი სანდრო. ისევ ჩავიცინე.
- ჩემს მანქანას გვერდი გაჰკრა "ვოლგამ". სერიოზული არაფერი ყოფილა, შუბლზე კოპიც კი არ დამჯდომია. როგორც ვხვდები, ის ავარიაც ამათი პროვოცირებული იყო, სპეციალურად მომიწყეს.
- რატომ?
- რატომ და იმიტომ, რომ მკვლელობის ადგილზე ფიგურირებს ყვითელი "ჟიგული", ოღონდ - "დაუშპაკლავი". ყველა მოწმე ამბობს, რომ მანქანა ყვითელი ფერის იყო და მას არავითარი ლაქები არ ჰქონდა. ჩემი მანქანა კი დიდი ხნის წინ "დავშპაკლე". ესენი ცდილობენ, მათქმევინონ, რომ ეს ახლახან, ანუ მკვლელობის მერე გავაკეთე. ამით გაამართლებენ და გაამყარებენ ჩემი დაჭერისა და დამნაშავეობის ფაქტს. ნამდვილმა მოწმემ თქვა, რომ პირველად მხედავს და ის კაცი, ვინც ყვითელი მანქანით მივიდა სოფელში და რომელმაც მსხვერპლის სახელი იკითხა, საშუალო სიმაღლის იყო, მე არ მგავდა.
- ნამდვილი მოწმე რას ნიშნავს? - იკითხა ბატონმა სანდრომ.
- იმას ნიშნავს, რომ ამათ კიდევ ჰყავთ რამდენიმე მოსყიდული მოწმე. უფრო სწორად, ერთი მოსყიდული, მეორე კი - დაშანტაჟებული, არასრულწლოვანი მოწმე. ის დაიჭირეს, როგორც ეჭვმიტანილი და ალბათ თავისუფლების სანაცვლოდ შესთავაზეს, რომ ჩემ წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. - ბატონი სანდრო დაფიქრდა.
- ამ ბიჭს ექსპერტი დაუნიშნეთ. მან უნდა გაარკვიოს, რა გზით აქვს მიყენებული დაზიანებები.
- ჩემი ადვოკატისგან ვიცი, რომ ექსპერტი მოსული გახლდათ, მაგრამ ამათ ჩემამდე არ მოუშვეს, უთხრეს, რომ თურმე მე მასთან შეხვედრის წინააღმდეგი ვიყავი და უკან გააბრუნეს.
- მდაა... - ჩაილაპარაკა სანდრომ. - ექსპერტიზა დანიშნეთ და პასუხი უშუალოდ მომახსენეთ, - თქვა და წამოდგა. დამშვიდობებისას მითხრა: - ნუ გეშინია, ყველაფერი გაირკვევა, მე თვალყურს ვადევნებ შენს საქმეს და არ დავუშვებ, რომ უკანონო გადაწყვეტილებები მიიღონ. ისე, საინტერესოა, ამდენი ხანი პატიმარს აქ რატომ აჩერებთ? ეს კანონის დარღვევა არ არის? - მიუბრუნდა ლაშას.
- დღეს ან ხვალ ვაპირებთ ციხეზე გადაყვანას, ბატონო სანდრო, - აიწურა ლაშა.
სანდრო კავსაძის გამოჩენამ ის ჩამქრალი იმედის ნაპერწკალი ისევ გამიღვივა და საკანში შედარებით მშვიდი სახით დავბრუნდი.
- ვაა, გიშვებენ? - გოგიტას თვალს არ გამოეპარა ჩემი განწყობილება.
- ჰო, მიშვებენ, - ჩავიცინე მე.
- მოდი, რა, სანამ გაგიშვებენ, საჭმელი ვჭამოთ. წეღან შემოიტანეს "პერედაჩი", შენს დას მოუტანია. ალბათ, არ იცოდა, რომ გიშვებდნენ, - ხუმრობის გუნებაზე იყო გოგიტა. - ვინც შემოიტანა, იმან თქვა, 1-2 "პაჩკა" სიგარეტი ამოვიღეთო. ამათი ნაბოზვარი დედები... ციხეზე ასე არ არის, ძმაო, "არესტანტის" ნაწილს ხელს არავინ ჰკიდებს. იქ "პერედაჩი" რომ შემოდის, თან სია მოჰყვება, რა დევს. აქ ასე არ ხდება...
- კარგი, ამოიღეს და ამოიღეს, არა უშავს. რა მოგვიტანეს? - ვკითხე და ვიგრძენი, როგორ მეწვოდა კუჭი შიმშილისგან.
- რა ვიცი, ძმაო, მე უშენოდ ხელი არ მიხლია არაფრისთვის, შიგ არც კი ჩამიხედავს, მაგრამ "იასნია", კარგი რამე იქნება. "კამერაში" რა სუნი დადგა, ვერ ხედავ?
თბილმა ხაჭაპურმა დედა, სახლი და... ირინაც კი გამახსენა.
სტუდენტი რომ გავხდი, ლაგოდეხიდან თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. თავიდან ხან ერთ ნათესავთან ვიყავი, ხან - მეორესთან. მერე ერთ ჯგუფელ ბიჭს დავუმეგობრდი, რომელიც ჩემსავით რაიონიდან იყო ჩამოსული და გადავწყვიტეთ, ბინა დაგვექირავებინა და ერთად გვეცხოვრა. მართლაც, ასე მოვიქეცით და "მომთაბარე" ცხოვრებას შევეშვი. ის პერიოდი ძალზე მძიმე იყო: პროდუქტი ძნელად იშოვებოდა და პურზეც მუდამ კილომეტრიანი რიგი იყო. ერთ დღეს, პურის რიგში, ჩემ წინ ახალგაზრდა გოგონა იდგა, რომელიც ჩემზე 5-6 წლით უფროსი იქნებოდა. ღია წაბლისფერი, ხვეული თმა ჰქონდა. მისგან ისეთი საოცარი სურნელი მოდიოდა, რომ თავბრუ დამეხვა. საშუალო სიმაღლის იყო და ლამის ზემოდან დავყურებდი. რამდენჯერმე განგებ ჩავყავი ცხვირი მის თმაში და სურნელი შევისუნთქე - კინაღამ წავიქეცი. რიგის ბოლოში ვიყავით და საკმარისი დრო მქონდა საიმისოდ, რომ ეს გოგონა გამეცნო. სასაუბრო თემა უცებ მოვძებნე და ლაპარაკი გავუბი. პური ვიყიდეთ და ერთად წამოვედით. საბურთალოზე ცხოვრობდა. სახლამდე ფეხით გავაცილე. როცა ასაკი მკითხა, დავუმალე, რომ 19 წლის ვიყავი და 2-3 წელი მოვატყუე. თავად მიამბო, რომ ქმარს გაცილებული იყო და ერთი პატარა გოგონა ჰყავდა. დამშვიდობებისას შევიპირე, რომ მეორე დღეს შემხვდებოდა და პაემანზე დავითანხმე. ამის მერე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მის მიმართ გრძნობა გამიჩნდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი ერთმანეთისთვის ძალზე ახლობლები გავხდით. უჩემოდ ვერ ძლებდა. მეც სულ მენატრებოდა, როდესაც ჩემ გვერდით არ იყო. ვინაიდან ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობდა, შემომთავაზა, საცხოვრებლად მასთან გადავსულიყავი. მე უარზე ვიყავი, რადგან მიუხედავად მის მიმართ ჩემი გრძნობისა, არ მინდოდა, ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე ჰქონოდა. მალე სოფელში მომიწია წასვლა. საღამოს დედა დავიმარტოხელე და გამოვუტყდი, რომ შვილიანი ქალი მიყვარდა და მასთან საცხოვრებლად გადასვლას ვაპირებდი. წინასწარ გავაფრთხილე, რომ ცოლი კი არ მომყავდა, უბრალოდ, ერთმანეთი გვიყვარდა და გარკვეული დროით მასთან ვიცხოვრებდი.
- შენი საქმის შენ იცი, შვილო. თუ გიყვარს, მე რა უფლება მაქვს, შენს საქმეში ჩავერიო. თუ იმ გოგოს ცოლად მოყვანა გსურს, ნურც მაგას დამიმალავ. შენ ვინც გინდა, მეც ის მენდომება რძლად, - მითხრა დედამ. დედა ყოველთვის და ყველაფერში მიგებდა და გვერდით მედგა. რაიონიდან რომ დავბრუნდი, ირინასთან გადავედი საცხოვრებლად და მთელი 4 წლის განმავლობაში ერთად ვიყავით.
არც ისე ცუდად ყოფილა ჩემი საქმე, ირინა რომ გამახსენდა-მეთქი, - გავიფიქრე და გამეღიმა.
გაგრძელება იქნება
ავტორი: მარი ჯაფარიძე