ნინი გოგიჩაიშვილი გადაცემის „მხოლოდ ლელასთან“ სტუმარია.
მოდელი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და მაყურებელს სიახლის შესახებ უყვება.
როგორც ნინი ამბობს, ის შეყვარებულია და თავს ბედნიერად გრძნობს.
„ვარ ძალიან ბედნიერი – მყავს ადამიანი, რომელთანაც, ვფიქრობ, რომ გავაგრძელებ ცხოვრებას ბოლომდე. ვართ იმ ეტაპზე, რომ ჩვენს ცხოვრებას ერთმანეთს დავუკავშირებთ. ეს არსად არასდროს არ მითქვამს და თქვენ გეუბნებით. ვფიქრობ, ის ადამიანიც იმსახურებს, რომ მასზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა.
მას მთელი ჩემი ოჯახი ძალიან კარგად იცნობს. წლებია ერთად ვართ და ეს ახლობლებისთვის საიდუმლო არ არის. არ ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო“, – ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი.
ნინი გოგიჩაიშვილი
ნინი 1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".
"ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია...
არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს", - ამბობდა ნინი წლების წინ. დღეს ის დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას "Nini's Diary" უძღვება. "Nini's Diary - ნინის დღიური არის სატელევიზიო პროექტი დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, "მის საქართველოს" - ნინი გოგიჩაიშვილის თვალით" - ვკითხულობთ მის აღწერაში.