- ძლივს არ გაიღიმე? - გოგიტამ უკომენტაროდ არ დატოვა ჩემი სახის გამომეტყველება. - თუ გინდა, დავნაძლევდეთ, რომ ახლა ქალზე ფიქრობდი.
- შენ რა იცი? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- სახეზე გეწერა. მამაკაცებს ასეთი გამომეტყველება მხოლოდ ქალებზე ფიქრის დროს გვაქვს. - თავი გადავაქნიე.
- შენი სახით ნიჭიერი კაცი დაკარგა საზოგადოებამ და სამაგიეროდ, დამნაშავეთა სამყარომ შეიძინა.
- აზრზე ხარ, ტო, ცხოვრება რა არის? შენ პოლიციელი ხარ, მე - დამნაშავე და მაინც ერთად ვსხედვართ ამ "კამერაში". შენ დაჭერილი რომ არ ყოფილიყავი, შესაძლოა, ჩემი აყვანის ოპერაციაში მიგეღო მონაწილეობა, არა?
- ჰო, არ არის გამორიცხული.
- ჰოდა, ახლა გვერდიგვერდ ვსხედვართ და ცხოვრების ამაოებაზე ვბჭობთ, - საჩვენებელი თითი ჭერისკენ მიმართა. - ისე, კარგი ტიპი ხარ და დასანანია, რომ მე და შენ ერთ ზონაში ვერ მოვხვდებით...
- მერე ფულის მეტი რა გაქვს? თუ ჩააწყობ, ჩემთან მოხვდები...
- სადა, ტო, წითელ ზონაში? კაი, თუ ძმა ხარ... მე, გამოუსწორებელი კრიმინალი, პოლიციელების ზონაში? - ხმამაღლა გადაიხარხარა. - აბა, რას ამბობ?
ამ დროს კარში გასაღები აჩხაკუნდა და ვიღაც ახალგაზრდა ტიპის თავი გამოჩნდა. პირველად ვხედავდი ამ ადამიანს.
- ჩუთლაშვილი რომელია?
- მე ვარ, - ვუთხარი და ყურები ვცქვიტე.
- გაემზადე, ხვალ ციხეზე გადაგიყვანენ, - თქვა და კარი ისევ საიმედოდ ჩაკეტა.
- აუფ, გავემზადო, თორემ მეც ახლა ჩემოდანი არ მქონდეს ჩასალაგებელი.
- ჰალსტუხი არ დაგრჩეს, ჰალსტუხი, - ხმამაღლა იცინოდა გოგიტა.
დილით ჩაი დავლიეთ თუ არა, მაშინვე დამიძახეს. გოგიტა გადამეხვია.
- აბა, "ს ბოგომ, ჟელაიუ ლიოგკოი პოსადკი", - მითხრა და მხარზე ხელი დამკრა. - თუ არ გაგიშვეს და ზონაში მოხვდი, მერე ქსივას გამოგიშვებ... - ისე შევეჩვიე ამ ადამიანს, რომ თითქოს გული დამწყდა, ჩემთან ერთად რომ არ მოდიოდა. გარეთ რომ გავედი, მზის სინათლემ თვალი მომჭრა - მოუთოვია და ქათქათა თოვლიდან არეკლილ სხივს თვალს ვერ ვუსწორებდი. იქვე მანქანა იდგა და ბადრაგი მელოდა. იმ დღეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. გზაში ყველაფერს ხარბად ვუყურებდი. ასე მეგონა, მთელი საუკუნე იყო გასული, რაც გარეთ არ გამიხედავს. სინამდვილეში კი ჩემი დაპატიმრებიდან მხოლოდ 20 დღე გახლდათ გასული. 20 დღე, რომელიც 20 საუკუნის ტოლფასია... წამების, ტკივილის, უიმედობის 20 დღე. შსს-ს საგამოძიებო იზოლატორში მიმიყვანეს და პატარა ოთახში შემიყვანეს, სადაც მხოლოდ ერთი კაცი იყო. მას მეტსახელად ბერიას ეძახდნენ. ჩემს საბუთებს ჩახედა, მერე მე ამომხედა და მეგრული აქცენტით მკითხა:
- რატომ მოკალი, "ბლიად"? - ხმა არ ამოვიღე.
ეეე, ახლა ამას აუხსენი, რომ დამნაშავე არ ხარ... - ეს მხოლოდ გავიფიქრე. ხმამაღლა არაფერი მითქვამს, რადგან სამინისტროს თანამშრომლებზე ბევრი საზიზღრობა მქონდა გაგონილი და გაჩუმება ვამჯობინე. მერე ბერიამ გამჩხრიკა. რა უნდა მქონოდა თან ისეთი? სახლიდან ხომ არ მიმიყვანეს? ბოლოს, როგორც იქნა, დასრულდა ეს პროცედურა და მეორე "კამერაში" შემიყვანეს.
10-კაციან საკანში სულ 4 ადამიანი დამხვდა. ერთი კაცი მეცნო. კარგად დავაკვირდი და მასში ის ადამიანი ამოვიცანი, რომელიც თემურ მღებრიშვილთან მუშაობის დროს, სპეცოპერაციისას დავიჭირეთ. ის ერთ-ერთი დიდი წარმოების ხელმძღვანელი გახლდათ და სახელმწიფო ფულის გაფლანგვისთვის დააპატიმრეს. ის დღე გამახსენდა: წინა დღეს ბრძანება მივიღეთ და დილაუთენია, 5 საათზე დავადექით ამ კაცს თავზე. კარი მაშინვე გააღო, როგორც კი ჩვენი ვინაობა ვუთხარით, მაგრამ მერე წინააღმდეგობა გაგვიწია. კარგა ხნის ძიძგილაობის შემდეგ ხელბორკილი დავადეთ და წამოვიყვანეთ. ეს ყველაფერი აურზაურის გარეშე მოხდა, რადგან სახლში ბავშვს ეძინა და რომ არ გაღვიძებოდა. რა თქმა უნდა, ამ კაცმა ვერ მიცნო და არც მე მითქვამს რაიმე. ერთ-ერთი მათგანი, გურამი, მრავალჯერ ნასამართლები, დიდი კრიმინალური ბიოგრაფიის პატრონი გახლდათ. პირველად სწორედ ის დამელაპარაკა.
- რას გედავებიან, ძმაო? - მე მთელი გულისტკივილით ვუამბე ჩემი გასაჭირი. ვუთხარი, რომ 2 ადამიანის მკვლელობას მაბრალებდნენ. ვუხსნიდი, რომ საერთოდ არანაირი კავშირი არ მქონდა ამ დანაშაულთან...
- ეეჰ, ძმაო, აქ ყველას ყველაფერს გვაბრალებენ... - მითხრა გურამმა და მივხვდი, რომ ჩემი უდანაშაულობის ამბავი არ დაიჯერა. ძალიან დამწყდა გული და ყელში რაღაც ბურთივით გამეჩხირა. ლამის დავიხრჩე. თურმე, ასე ყოფილა, ანუ არც ერთ დამნაშავეს არ უნდა, რომ შენი უდანაშაულობა დაიჯეროს. კარგა ხანს ხმას აღარ ვიღებდი. "კამერა" სულ სხვაგვარად მქონდა წარმოდგენილი და სულ სხვა სურათი დამხვდა. ყველა თავისთვის იყო და როგორც შეეძლოთ, ისე ირთობდნენ თავს. ვუყურებდი ამ ხალხს და მიკვირდა, რატომ ჰქონდათ ასეთი უდარდელი სახეები, როგორ შეეძლოთ თავიანთ გასაჭირზე ასეთი იუმორით ლაპარაკი... იქაურობას რომ შევეჩვიე, მერე მათაც ვუთხარი ჩემი აზრი. ჩემი ნათქვამი სასაცილოდ არ ეყოთ.
- ეჰ, ზაზა, შეეჩვიე და მერე შენც ჩვენსავით იქნები, - მითხრა ერთმა.
- არა, ასე არ შეიძლება. თქვენ, როგორც ჩანს, ბედს შეურიგდით, მე კი ხელის ჩაქნევას არ ვაპირებ, - აღელვებული ველაპარაკებოდი. ჩემი ნათქვამი მათ მხიარულებას იწვევდა, რადგან იცოდნენ, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ მეც მათსავით შევეგუებოდი ბედს და ახალი მოსული პატიმრის გულუბრყვილობაზე მეც სწორედ ისეთივე რეაქცია მექნებოდა, როგორიც ახლა მათ ჰქონდათ.
როცა დაღამდა, რაღაც უცნაური ხმები მომესმა. მივაყურადე და აშკარად გავიგონე ადამიანების ყვირილის ხმა.
- რა ხდება? - ვიკითხე გაოცებულმა.
- ცოტა ხანს მოითმინე და თვითონვე გაიგებო, - მითხრეს. თურმე დაღამდებოდა თუ არა, პატიმრები ზევით აჰყავდათ და აწამებდნენ, სცემდნენ... ჩვენამდე გარკვევით აღწევდა მათი ყვირილის, კვნესის არაადამიანური და შემზარავი ხმები. გიჟი უნდა იყო ადამიანი, რომ არ შეგეშინდეს. ლამის სული გამძვრა, როცა ამ ხმებს ვუსმენდი. მართალია, ყურებს თითებით ვიცობდი, მაგრამ მაინც მესმოდა...
ასე გრძელდებოდა მთელი 2 კვირა. მერე, ერთ დილით, საგულდაგულოდ გამჩხრიკეს და მანქანაში ჩამსვეს. გზაში ჩემ წინ მჯდომი მამაკაცი შემობრუნდა და მკითხა:
- ზაზა, ბიჭო, შენ ხარო? - კარგად დავაკვირდი. მასში ჩემი ყოფილი თანამშრომელი ამოვიცანი, რომელიც სამუშაოდ სამინისტროში გადმოსულიყო. ერთმანეთი თბილად მოვიკითხეთ. ჩემი ეტაპირება სამინისტროდან ციხემდე მისთვის მიუნდვიათ. ციხეში ასეთი წესი იყო, რომ ახალი პატიმარი 1 კვირა ე.წ. კარანტინში უნდა ჰყოლოდათ. ვინაიდან იმ საშინელი წამების შემდეგ გადაადგილება ჯერ კიდევ მიჭირდა, ჩემმა გამცილებელმა მორიგეს სთხოვა, რომ პირდაპირ "კამერაში" ავეყვანე. ფორმალური ჩხრეკის შემდეგ მეხუთე სართულზე ამიყვანეს. ვიდრე ბადრაგი კარს გააღებდა, "კამერაზე" მიკრულ ნომერს შევხედე - #99 ეწერა.
"დევიტ-დევიტ", - გავიფიქრე და გოგიტა გამახსენდა. სწორედ მან მიწინასწარმეტყველა, რომ მე "დევიტ-დევიტში" მოვხვდებოდი. თუმცა იქ მხოლოდ 2 დღე გამაჩერეს და მერე "დევიტ-სემში" გადამიყვანეს. 99-ე საკანი 10-კაციანი იყო და შესაბამისად, იქ ცოტა ადამიანი იჯდა. 97-ე "კამერის" კარი რომ გამიღეს, ჯერ სიგარეტის კვამლი მეცა, მერე კვამლში ძლივს გავარჩიე, რა ხდებოდა ოთახში. ეს საკანი 30 კაცზე იყო გათვლილი, მაგრამ იმხანად, იქ 45 ადამიანი ელოდა განაჩენს. პატიმრების ძირითადი შემადგენლობა მხედრიონელები და გვარდიელები, შიგადაშიგ კი პოლიციელებიც იყვნენ. საერთოდ, იმ პერიოდში პოლიციელებს თითქმის არ აპატიმრებდნენ და თუ იჭერდნენ, მხოლოდ რიგითებს, ისიც ისეთებს, ვისაც პატრონი არ ჰყავდა. სიტუაციაში რომ გავერკვიე, აღმოჩნდა, რომ "კამერაში" ყველაზე დიდი წოდება უფროსი ლეიტენანტი იყო. მისი პატრონი "გაის" თანამშრომელი გახლდათ, რომელიც ქრთამის აღებაზე დააპატიმრეს. ძალიან გამიკვირდა, როგორ მოხვდა "გაის" თანამშრომელი ციხეში, რადგან მაშინ ყველა "გაიშნიკი" ქრთამს იღებდა და არავის აპატიმრებდნენ. ჩემი გაოცებული სახე რომ დაინახა, მითხრა:
- გაგიკვირდა? ეს ჩემი ცხოვრების კურიოზია. აქ ყველამ იცის და თუ გინდა, შენც მოგიყვებიო.
გაგრძელება იქნება
ავტორი: მარი ჯაფარიძე