სულ ცოტა ხნის წინ, როცა ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასული ეროვნული ნაკრები მიღწეული წარმატების აღსანიშნავად საქართველოში დაბრუნდა, საზეიმო დახვედრისა და ემოციების გაცვლის შემდეგ კი სპორტსმენებისთვის დამსახურებული დასვენების დროც დადგა. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა გადაცემასაც სტუმრობდა, ზოგიერთი კი დროს მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში ატარებდა. სწორედ ამ დროს გავრცელდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძისა და ელენე ზურაბიშვილის ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გიორგი ჩაკვეტაძე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური სპორტსმენი, გოგონების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ელენე ზურაბიშვილს კი საზოგადოების ნაწილი ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე იცნობდა - ის მსახიობ გოგოლა კალანდაძის ქალიშვილია.
გოგოლა კალანდაძემ 21 წლის ასაკში იქორწინა. ამ ქორწინებიდან მას ერთი ქალიშვილი, ელენე ზურაბიშვილი ჰყავს. მოგვიანებით კი, ირაკლი ფერაძესთან ოჯახის შექმნის შემდეგ, მსახიობს კიდევ სამი შვილი, დათუკა, ანა-მარია და დარია შეეძინა.
24 წლის ელენეს განსაკუთრებული გარეგნობა სოციალურ ქსელში მუდმივად იქცევს ყურადღებას და მას ხშირად დედასაც ამსგავსებენ, თუმცა ის ინდივიდუალიზმითა და სტილით გამოირჩევა.
ელენემ დაამთავრა გივი ზალდასტანიშვილი სახელობის აკადემია. „ელენე არის გამორჩეულად ნიჭიერი, სხარტი, მოაზროვნე და ძალიან საინტერესო გოგო. ყოველთვის აქვს საკუთარი აზრი და პოზიცია“, - ასე ახასიათებდა მას საკუთარი მასწავლებელი.
ახლა ელენე თბილისში ცხოვრობს. განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, "ტიკ-ტოკზე", "ინსტაგრამსა" და "ფეისბუკზე". აქვეყნებს საკუთარ ყოველდღიურობას, ვლოგებს, სასარგებლო რჩევებსა და რეკომენდაციებს. "ინსტაგრამზე" მას 2 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და მათ შორის არაერთი ცნობილი სახეა, მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკო ფანგანი, ანა შელია, რუსა ჩაჩუა და გიორგი ჩაკვეტაძე.
გიორგი ჩაკვეტაძე კამერებთან მორიდებულია და პირად ცხოვრებაზეც იშვიათად საუბრობს. Geo Team-თან ევროპის ჩემპიონატამდე ჩაწერილ ბლიც-ინტერვიუში თქვა, რომ ახლა შეყვარებული არ ჰყავს, თუმცა გიორგის დედა იხსენებს, რომ გოგონებისგან ყოველთვის გრძნობდა ყურადღებას:
"სერიოზული ურთიერთობა არც აქამდე ჰქონია. ამ მხრივ აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა. გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: "ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!" მთავარია, უბოროტო და მართალი ადამიანი იყოს" , - ამბობდა ფეხბურთელის დედა.
"ერთად ხართ?", "რა ლამაზი წყვილია", "უხდებით ერთმანეთს, გაგვიხარდება, თუ ერთად ხართ..." - წერდნენ ვიდეოს კომენტარებში, რომელიც ელენე ზურაბიშვილმა საკუთარ "ტიკ-ტოკ არხზე" გამოაქვეყნა. ვინაიდან გიორგი ჩაკვეტაძეს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, გოგონების მხრიდან ამ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ელენეს კომენტარებზე პასუხი არ გაუცია, თუმცა კომპლიმენტები მის ვიდეოზე დღემდე არ წყდება.