ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი საშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველ ჩემპიონს გამარჯვება შეყვარებულმა მარიამ ვეკუამ ემოციურად მიულოცა და სოციალურ ქსელში კადრები გაგვიზიარა.
ოლიმპიური კომიტეტის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩემპიონის მამა ამბობს, რომ ბედნიერი მშობელია, რადგან მისმა შვილმა საქართველოს სიხარული აჩუქა:
„ღვთისმშობლის ხატს ვსახავდი ლაშას, ძალიან რომ უჭირდა. დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა. როგორც წინა ოლიმპიადაზე, ეჭვი არ შეგვპარვია, ტრავმის დროს რომ ოქროს მედალი იქნებოდა და ელემენტარული სხვა შანსი არ იყო, ისე იყო ახლაც. დიდება უფალს! ყველას მადლობას გიხდით – გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს, ემიგრანტებს, ყველას, გვიყვარხართ, ხალხო! მე ვარ ბედნიერი მშობელი, რომ ღმერთმა მაჩუქა ისეთი შვილი, რომელსაც სიხარული მოაქვს თავისი სამშობლოსთვის!“ – განაცხადა გელა ბექაურმა.
ლაშა ბექაური
ლაშა ბექაური ქართველი ძიუდოისტია. საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობს საქართველოს სახელით. ლაშა არის 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ასევე არის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. პირველი ადგილი დაიკავა 2019 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში და ასევე პირველი ადგილი 2019 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 2018 წელსაც გახდა, ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში.
2019 წლის 8 დეკემბერს ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელებს ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება ლაშა ბექაურის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე, 2021 წლის 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ლაშა მონაწილეობას იღებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზეც.