24 წლის ქართველი სპორტსმენი, ლაშა ბექაური, 2024 წლის 31 ივლისს ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე, 2021 წლის 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი პირველად მოიპოვა, სამი წლის შემდეგ კი იაპონელი საშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ჰიმნი პარიზში ააჟღერა. ბექაური ოლიმპიადამდე ამბობდა, რომ მისი ოცნება იყო, გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ. მისი ახდენილი ოცნების სიხარულმა და სიამაყემ კი მთელი საქართველო გააერთიანა - ლაშა ბექაურს ეს წარმატება მიულოცეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, სხვა სპორტსმენებმა, გულშემატკივრებმა და მთელმა საქართველომ. ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი, რომელიც ლაშა ბექაურის მეგობარია, ვიდეოს აქვეყნებს: "ღმერთს შევპირდი, რომ თუ ლაშა მოიგებდა შვილს მის სახელს დავარქმევდი…".
ლაშა ბექაური 2000 წლის 26 ივლისს არხილოსკალოში დაიბადა: „იყო პერიოდი, როცა ოჯახში საჭმელიც კი არ გვქონია. ბებიაჩემი და დეიდაჩემი, რომლებიც ახლა ემიგრაციიდან დავაბრუნე, ისინი იქიდან გვინახავდნენ. ბებიაჩემი საბერძნეთში, ათენში მუშაობდა ბოლო 19 წელია. პირობა მივეცი პატარა ასაკში, რომ ჩამოგიყვანთ-მეთქი და ავასრულე. ძალიან ემოციური იყო შეხვედრა ამდენი ხნის შემდეგ. ჩამოდიოდა ხოლმე ბებიაჩემი პერიოდულად, მაგრამ ორ წელზე მეტია, არ მინახავს. ბებიაჩემთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ყოველთვის გვინდოდა, ერთად გვეცხოვრა“ - ასე იხსენებდა ლაშა ბექაური საკუთარ ბავშვობას.
"2003 წელს წავედი. სამი ობოლი გავზარდე, ვასწავლე – ბიჭმა სასოფლო დაამთავრა, ლაშას დედიკომ ფიზიკა-ინფორმატიკის მიმართულება, პატარამ – საექთნო. 90-იან წლებში ძალიან გვიჭირდა სტუდენტების შენახვა. ეს წლები ყველასთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ სანამ სწავლას არ დაამთავრებდნენ, მანამდე ვერ დავტოვებდი და რომ მორჩნენ, მერე წავედი ემიგრაციაში. მერე უფროსმა გოგომ ოჯახი შექმნა, ჩემს ბიჭს სამსახური არ ჰქონდა, მაგრამ გულხელდაკრეფილი არ მჯდარა, საქმე სულ ჰქონდა და ოჯახის მარჩენლის როლს ასრულებდა. საუბედუროდ, 2007 წელს ავარიით გარდამეცვალა. ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და ორი წელი აქ ვცხოვრობდი. მეორე გოგო საბერძნეთში მყავდა თავის ოჯახით. შვილის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, გადავწყვიტე, ისევ წავსულიყავი, მაშინ ასე იყო საჭირო. ახლა ლაშიკოს დამსახურებით დავბრუნდი. მას ძალიან უყვარს დიდი ოჯახი, ყველა ერთად რომ ვართ, ბედნიერია. ახლა მოდის და სულ მეფერება, – რა ბედნიერებაა, არ მჯერა, რომ ჩვენთან ხარო.
ექვსი-შვიდი წლიდან დაიწყო ლაშამ ვარჯიში. მამამისმა მიიყვანა, რადგან თვითონაც სპორტის დიდი მოყვარულია. ლაშიკოს თავიდან დიდად არ მოსწონდა. მაგრამ პირველად რომ გაიმარჯვა და მედალი ჩამოჰკიდეს, ისეთი სტიმული მიეცა, მას შემდეგ სულ ცდილობდა, ყველაფერი გაეკეთებინა გამარჯვებისთვის", - იხსენებდა სპორტსმენის ბებია.