"ჩემი აზრით, ადამიანების გარეგნობაზე უფრო საინტერესო მათი გონებაა" - ეს სიტყვები ამერიკელ მსახიობსა და გამომგონებელ ჰედი ლამარს ეკუთვნის. ქალი, რომელიც ერთ დროს მხოლოდ თავისი სამსახიობო ნიჭითა და არაამქვეყნიური სილამაზით იყო ცნობილი, წლების შემდეგ ხალხს გენიოსად მოევლინა - 2017 წელს გადაიღეს დოკუმენტური ფილმი Bombshell: The Hedy Lamarr Story, საიდანაც ირკვევა, რომ 1941 წელს ლამარმა შექმნა სიხშირის გამავრცელებელი ტექნოლოგია, რაც ჯი-პი-ესის, ვაი-ფაისა და ბლუთუზის წინამორბედი გახდა - სერვისების, რომლებსაც დღეს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი იყენებს.
ჰედვიგ ევა მარია კიესლერი ავსტრიაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1934 წელს 19 წლის ჰედი პირველად დაქორწინდა, თუმცა ეს ურთიერთობა წარუმატებლად დასრულდა და ლამარი ქმრის სახლიდან შუაღამისას, ველოსიპედით გამოიქცა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ლამარი ამერიკაში გაემგზავრა. ლონდონიდან ნიუ-იორკისკენ მიმავალ გემზე ის "მეტრო-გოლდუინ-მაიერის" სტუდიის ხელმძღვანელმა ლუის მაიერმა დააფიქსირა და თანამშრომლობა შესთავაზა. ასე გაიკვალა ჰედიმ გზა ჰოლივუდის ფილმებისკენ.
თავდაპირველად ის პარიზში ჩავიდა, შემდეგ ლონდონში ლუის ბ. მეიერს შეხვდა. სამსახურში აყვანის შემდეგ სახელი შეიცვალა და გვარი მუნჯი კინოს მშვენიერ კინოვარსკვლავ ბარბარა ლა მარის პატივსაცემად აირჩია.
ჰოლივუდის ფილმებში ის ჩვეულებრივ გლამურულ და მაცდურ ქალებს თამაშობდა. მისი ამერიკული დებიუტი ფილმში „ალგიერები“ (1938) შედგა. კარგი გარეგნობის გამო ხშირად მისი როლები მხოლოდ იმას მოითხოვდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს გამოჩენილიყო ეკრანზე მაყურებლის ყურადღების მისაქცევად - „ნებისმიერ გოგონას შეუძლია, იყოს გლამურული. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ დადგეთ და სულელივით იყურებოდეთ...“ - ამბობდა მსახიობი.
ჰედიმ 1940-დან 1949 წლამდე 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა და ამ დროისათვის ორი შვილიც გააჩინა.
კომპოზიტორი ჯორჯ ანთეილი, რომელიც გერმანელი იმიგრანტების ვაჟი და ლამარის მეზობელი იყო, ცდებს ატარებდა მუსიკალური ინსტრუმენტების ავტომატურ კონტროლზე, რაც მის მიერ Ballet Mecanique-ისათვის დაწერილ მუსიკას შეიცავდა, რომელიც თავდაპირველად ფერნანდ ლეგერის 1924 წლის აბსტრაქტული ფილმისათვის დაიწერა.
1941 წლის ივნისში ანთეილმა და ლამარმა ერთად წარმოადგინეს საიდუმლო კომუნიკაციის სისტემის (secret communication system) იდეა. მან ჯორჯ ანთეილთან ერთად შექმნა მოწყობილობა, რომელიც ომის დროს მოკავშირეებს შორის წარმოებულ რადიო-კომუნიკაციებს ნაცისტებისგან იცავდა. ჰედი ლამარს ერთი ცენტიც კი არ მიუღია იმ მრავალმილიარდიანი დოლარის ღირებულების ინდუსტრიიდან, რომელსაც მან გზა გაუკვალა.
1942 წელს მასზე პატენტის მიღების შემდეგ ჰედი ლამარმა ტექნოლოგია აშშ-ის არმიას ნაცისტებთან ბრძოლაში დასახმარებლად შესთავაზა, თუმცა იმ დროს ლამარის აღმოჩენა უარყვეს და მხოლოდ ათწლეულების შემდეგ აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ კუბის სარაკეტო კრიზისის დროს დააფასეს.
„მე არ მჭირდება იდეებზე მუშაობა, ისინი თავისთავად მოდიან ჩემთან“ - ამბობდა მსახიობი.
სკანდალები
1965 წელს ლამარი ლოს-ანჯელესში მაღაზიაში ქურდობისათვის დააკავეს. საბოლოოდ დაკისრებული განაჩენი გაუქმდა. 1991 წელს ის იმავე მიზეზით ფლორიდაში დააკავეს, ამჯერად 21.48 დოლარის ღირებულების წამლებისა და თვალის წვეთების მოპარვის მცდელობისთვის.
ლამარი 2000 წლის 19 იანვარს კასელბერიში, ფლორიდაში გარდაიცვალა. ჰედის სურვილის თანახმად, ვაჟმა ენტონი ლოდერმა მისი ფერფლი ავსტრიაში წაიღო და ვიენერვალდის ტყეში გააბნია.