"ალბათ, როგორც ყველას, მეც სულ მეგონა, რომ 40 წლის ასაკში ახალგაზრდობა მთავრდება, თუმცა დღეს ნათელი მაგალითი ვარ იმისა, რომ ამ ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება. მე ჩემს 40 წელს შევხვდი ახლად შექმნილი ოჯახით და პატარა ჩვილით, ანუ, ახალი ემოციებით, ახალი გამოწვევებით, ახალი განცდებით, ახალი გამოცდილებით, მოკლედ რომ ვთქვა - სრულიად ახალი ცხოვრებით... ჰო, და მადლობა ჩემი ცხოვრების სცენარის ავტორს ამ ბედნიერი მომენტისთვის. მადლობა ჩემს მეუღლეს ამ ახდენილი ოცნებისთვის. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე უპირობოდ მიდგანან გვერდში ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ეტაპზე და მეხმარებიან ყველაფერში. მადლობა იმ მეგობრებს, რომლებმაც ბოლომდე მიერთგულეს. მადლობა ჩემს ორივე თეატრს და ჩემს კოლეგებს თანადგომისთვის. მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ და მაფასებენ და მადლობა ჩემს პატარა შვილიკოს იმისთვის, რომ ასეთი საყვარელია. ყველაფერი წინ არის, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება..." - წერს ნინო მუმლაძე 40 წლის იუბილეზე.
ნინო მუმლაძეს დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელს დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წელს დაიწყო მუშაობა თავისუფალ თეატრში.
"შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს ცხოვრებაში, ჩემ გვერდით არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. დანარჩენს ყველაფერს დრო გვიჩვენებს" - ამბობდა ყველასათვის საყვარელი მსახიობი, მშვენიერი ნინო მუმლაძე, რომელიც მაყურებელმა წლების წინ პოპულარული სერიალებიდან თუ სპექტაკლებიდან გაიცნო.
"თავიდან ჩემი ბიჭის დაბადების სავარაუდო თარიღად 2 ივნისი დაასახელეს, თუმცა მერე მითხრეს, წონით ცოტა დიდია და შესაძლოა, ცოტა ადრე დაიბადოსო. იმ კლინიკაში რომ მივედი, სადაც უნდა ვიმშობიარო, ლიფტის კარი გაიღო, მივიხედ-მოვიხედე და გამიელვა, საიდან მეცნობა ეს გარემო-მეთქი. ბევრი ვიფიქრე და გამახსენდა: „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემი მშობიარობის სცენა სწორედ იქ იყო გადაღებული. ვამბობდი, ბედმა მომიყვანა ისევ აქ-მეთქი. ექიმს რომ შევხვდი, მოვუყევი ეს ამბავი და მითხრა: მახსოვს ეგ გადაღება, მეუბნებოდნენ, კადრში შემოდი და დავიმალეო", - იხსენებდა ნინო ცოტა ხნის წინ.
ნინოს მეუღლე ფერმწერი გუგა გოგინაშვილია. წყვილი ერთად ცხოვრობს, თუმცა ქორწილს ბავშვის გაჩენის შემდეგ გეგმავენ.
„მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობა ჯერ დაკანონებული არ გვაქვს და შემოდგომისთვის ვგეგმავთ. როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მაშინ შემომთავაზა ხელის მოწერა, მაგრამ სანამ ამ ყველაფრის ორგანიზებას მოვაბამდით თავს, მუცელიც გამეზრდებოდა და წონაშიც მოვიმატებდი, ამიტომ უარი ვთქვი. გადავწყვიტე, რომ დავიკლებ და გავლამაზდები, მერე გადავიხდი ქორწილს-მეთქი. ორსულობის პერიოდში 17 კილო მოვიმატე. კი მეუბნებიან, კარგად გამოიყურები, ლამაზი ხარო, მაგრამ მინდა, რომ ქორწილში ბევრად გამხდარი ვიყო. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და მინდა, ისეთი ლამაზი ვიყო, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდეს", - ამბობს მსახიობი.