ქართველი ძიუდოისტი (-100 კგ) ილია სულამანიძე მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ვერცხლისპრიზიორი გახდა. პარიზის ოლიმპიადის ფინალში ის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა.
სულამანიძე შეხვედრას (1:0) იგებდა, თუმცა ჭიდაობის დასრულებამდე რვა წამით ადრე მიღებული მესამე შიდოს (გაფრთხილების) გამო წააგო (დასაშვებია მხოლოდ ორი შიდოს მიღება).
სულამანიძის ასპარეზობის შემდეგ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პარიზი 2024-ზე ამ დროისთვის ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი აქვს. ილია სულამანიძის გარდა, ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო ძიუდოისტმა (-81კგ) ტატო გრიგალაშვილმა, ძიუდოისტი (-90 კგ) ლაშა ბექაური კი მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
"ჩემი კარიერა დაიწყო 5 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, ჩემი ინიციატივა არ ყოფილა ამ ასაკში ძიუდოზე შესვლა, მამაჩემმა შემიყვანა და მეც ძიუდოში შეყვანილ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელი თაობაც ზვიადაურის ჩემპიონობის გამო შეიყვანეს ამ სპორტზე.
დედაჩემი ძიუდოზე უარს არ ამბობდა, თუმცა უნდოდა, რომ სხვა სფეროებიც შემესწავლა, ამასაც ცდილობდა, მაგრამ მთავარი მიზანი მთელი ოჯახისთვის ძიუდო იყო. რომ ვთქვა, საუკეთესო მოსწავლე ვიყავი-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ რაც მაინტერესებდა, ძალიან კარგად ვსწავლობდი.
რთული გზა იყო, თუმცა არა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, რთული იყო შრომის მხრივ, იმ მიდგომების გამო, რაც მე და ჩემმა მწვრთნელმა ავირჩიეთ, მაგრამ ტრავმების მხრივ, ძალიან იღბლიანი გამოვდექი და არაფერს ხელი არ შეუშლია.
ჩემი ცხოვრების მომენტებს რომ ვიხსენებ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და 100%-ით ვდებდი იმას, რაც ჩასადები იყო ამ საქმეში."
"მთელ გონებრივ და ფიზიკურ რესურსს ძიუდოს ვუთმობ, თუმცა მუსიკა არის ის მხარე, რომელიც ძალიან მომწონს, ძალიან მსიამოვნებს.
პიანინოთი დავიწყე, მუსიკის სიყვარული პიანინოთი გავიგე, რა იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პირველ მასწავლებელს, ნუნუ არაბიძეს. მუსიკა, გარდა იმისა, რომ სიამოვნებას განიჭებს, იმდენ რამეს გასწავლის, რომ როდესაც თავისუფალი დრო გაქვს, გული მაშინვე მისკენ მიგიწევს.
იქიდან გამომდინარე, რომ პიანინოს შეკრებაზე ვერ ატარებ, უცხოეთში ვერ წაიღებ, მოვნახე ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა ტარებაც შეიძლება და ისინიც შევისწავლე.
ვუკრავ ფანდურზე, პიანინოზე, გიტარასა და სალამურზე. გარდა იმისა, რომ მე თვითონაც ვიღებ სიამოვნებას, ასევე, პატარ-პატარა ხრიკები მაქვს ხოლმე, რომ სხვებს მოვაწონო მუსიკა და თუ ინიციატივა გამოთქვა, ეგრევე ჩავავლებ კლანჭებს და ვასწავლი, ვისაც სურვილი ექნება. მინდა გითხრათ, რომ ძიუდოს ნაკრები მუსიკალურად საკმაოდ მაღალ დონეზეა. ფანდური და გიტარა, პიანინოს ვერ ვასწავლი, სიტუაცია არ გვიწყობს ხელს. ლაშამაც კარგად იცის, სარდალაც სწავლობდა, უბრალოდ მემარცხენე არის და ინსტრუმენტი ვერ გადავაწყვე. დიდებში მეტი არავინ და ახალგაზრდებში მყავს ბევრი მოსწავლე.
შესაძლოა იყოს კონკრეტული მელოდია, როდესაც პიანინოსთან დავჯდები, პირველი ეგ დავუკრა. ფანდურზე სხვაა და გიტარაზეც სხვა. მუსიკა ჩემთვის მხოლოდ დაკვრა და სიამოვნება არ არის. მე ინსტრუმენტების სწავლის გზაზე, ზუსტად იგივე გზა გავიარე, რაც ძიუდოს სწავლის გზაზე და მომზადების პერიოდში. შესაძლებელია ეს სფეროები დააკავშირო ერთმანეთთან და რაღაც ისწავლო. სულ რომ მინიმალური გამიკეთოს მე მუსიკამ, ამ მხრივ, ძალიან მადლიერი ვარ" - ამბობდა ილია.