„დათო“ და „მარიკა“ - ამ ეკრანული სახელებით სერიალიდან „შუა ქალაქში“ გოგა ბარბაქაძესა და მაია დობორჯგინიძეს ბევრი იცნობს. სერიალში ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილის როლს ასრულებენ, რეალურ ცხოვრებაში კი ცოლ-ქმარი არიან.
მაია დობორჯგინიძე
ცოტამ თუ იცის, რომ მაია არაერთი წელია მუშაობს, როგორც რეჟისორი. ამ პროფესიაში მისი დებიუტი 2010 წელს შედგა, როცა "თავისუფალ თეატრში" სპექტაკლი "თაფლობის თვე" წარმოადგინა.
"თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე ბატონ შალვა გაწერელიასთან ვსწავლობდი, ჩვენი პედაგოგი იყო და მისი რჩევით, მასთან ასისტენტად დავრჩი, დიდი ხანი ვედექი გვერდით. მერე ასპირანტურაში (მაშინ ასე ერქვა) ჩავაბარე, დავამთავრე, მაგრამ რაღაც მოხდა, ის პერიოდი არ ჩაგვეთვალა, სტატუსი იყო საჭირო, პედაგოგიური საქმიანობა უნდა გამეგრძელებინა და გავაგრძელე... მოკლედ, რეჟისორობისკენ ბატონმა შალვამ მიბიძგა.
მასთან გვერდით ყოფნით, მივიღე ეს გადაწყვეტილება და ასევე ისიც, რომ მსახიობობისთვის თავი დამენებებინა, რადგანაც ყველაფერი ერთად არ გამოდის. თან, რეჟისურა უფრო მაინტერესებდა, მეტის გაკეთება შემეძლო. მოკლედ, სიამოვნებით ჩავები და ჩავეფალი კიდეც - ერთ სპექტაკლს მეორე მოჰყვა, მესამე და მივხვდი, რომ ეს საქმე მომწონს" - ამბობდა მაია.
მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე
მსახიობების ურთიერთობა 1999 წელს დაიწყო. იმ პერიოდში მაია დობორჯგინიძე სამსახიობოს ამთავრებდა, როდესაც გოგა ახალი სასწავლო კურსის შესწავლას შეუდგა.
მოგვიანებით მომავალმა მსახიობებმა ორ სპექტაკლში ერთად ითამაშეს და აქედან დაიწყო მათი დაახლოება. გოგა იხსენებს, რომ ერთმანეთს შემთხვევით დაუახლოვდნენ, მოეწონათ ერთად ყოფნა და ზრუნვა, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა.
"კარგი მეგობრები თუ იქნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი დღე ახალი ჟინითა და ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ. დღევანდელ ყოფაში გვიწევს მოვიკრიბოთ ძალა და გავუხალისოთ ერთმანეთს ცხოვრება. პარტნიორი პირველი ადამიანი უნდა იყოს, ვისთანაც ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარებას შევძლებთ”, – ამბობდა მაია დობორჯგინიძე.
გოგამ და მაიამ პოპულარობა განსაკუთრებით სერიალით „შუა ქალაქში“ მოიპოვეს. ტელეეკრანზე გამოჩენის შემდეგ წყვილის მიმართ უამრავი ადამიანი დადებითად განეწყო და დღემდე არავის ავიწყდება.