- ... თვალებში დამიბნელდა. პირში სისხლის გემო ვიგრძენი. მივხვდი, რომ ვიღაცამ ჩემი მოქმედება დააფიქსირა. გონი დავკარგე და მხოლოდ საავადმყოფოში მოვედი აზრზე. გვიან შევიტყვე, რომ ის კაცი, ვინც ასეთ დღეში ჩამაგდო, ჩემ მიერ მოკლულის ძმა იყო. ისიც პოლიციელი ყოფილა და ორივე ძმა სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, მიჩივლა და დამიჭირეს. ბალისტიკურმა ექსპერტიზამაც აჩვენა, რომ ჩემი იარაღიდან გასროლილი ტყვიით იყო მოკლული, - აღსარებასავით მოჰყვა ბოლომდე.
- შენ ცუდად გქონია საქმე, ბიჭო, იმ კაცის მოკვლას, შენი უფროსი მოგეკლა, არ ჯობდა? იქნებ ვინმეს მის ადგილზე გადაეყვანე და 2 კურდღელს ერთად დაიჭერდი, - თქვა ჯაბამ.
- ისე, ამას რომ "პერედაჩს" შემოუტანენ, არც უნდა ჭამოს: რა იცი, რას ჩაუყრის ის თავისი უფროსი? იქნებ აქ რომელიმე პატიმარს ფულიც გადაუხადოს და გააგოროს, არა? - იკითხა ბესომ. მისი კითხვა უპასუხოდ დარჩა. ყველა გაჩუმდა, მხოლო ამბის მოქმედი პირი ატრიალებდა თვალებს და უმწეოდ იყურებოდა აქეთ-იქით.
იმ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ღამით კი საშინელმა ყვირილმა და გინებამ გამაღვიძა. "რა მოხდა, ბიჭო?.." - "ვინ მოკლა?.." - "აუ, ჩემი!.." - "შუქი აანთეთ..." - ხმები ერთმანეთში ირეოდა. უცბად გამოვფხიზლდი და ფეხზე წამოვხტი. დავინახე, რომ ის კაცი, ვინც დილით თავის ამბავს ჰყვებოდა, ნარზე გაუნძრევლად იწვა, ხოლო ტანისამოსი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. კისერზე სისხლით გაჟღენთილი ზეწრის ნახევი ედო.
- ამან მოკლა: დავინახე, როგორ ადგა თავისი ნარიდან და როგორ გამოსჭრა ყელი, - თქვა ერთ-ერთმა პატიმარმა და ხელი ბესოსკენ გაიშვირა. ის ახალგაღვიძებულს ჰგავდა, თვალებს იფშვნეტდა და როგორც კი თავისი სახელი გაიგონა, მაშინვე თვალები დააჭყიტა.
- ვინა? ამან, ტო? - წამოწია ერთი პატიმარი, რომელიც საკნის მაყურებლად ითვლებოდა, თუმცა, რადგან პოლიციელი იყო, ეს ტერმინი მისთვის არ გამოდგებოდა.
- ჰო, ამან, - ისევ დაადასტურა ჩამშვებმა.
- ვინ მოვკალი, ხომ არ გაგიჟდით?! - თვალები ლამის ბუდიდან ამოუცვივდა ბესოს.
- ვინ და ეს! - ხელი გაიშვირა ნარისკენ.
- მე არ მომიკლავს. მეძინა, არც გამიგონია, რა მოხდა, - თავის მართლება სცადა ისევ ბესომ. სახეზე შიში და პანიკა აღბეჭდვოდა.
- როგორ არ მოგიკლავს?! მე დავინახე, რომ მოკალი და ისიც დავინახე, სისხლიანი დანა ლეიბის ქვეშ რომ შეინახე, - არ ეშვებოდა "ბრალმდებელი". - ნახეთ, ბიჭებო, დანა ახლაც იქ იქნება, - მოუწოდა დანარჩენებს. მართლაც, რამდენიმემ ლეიბი ასწია და გასისხლიანებული დანა სწორედ ბესოს ლეიბის ქვეშ აღმოაჩინა.
გაოგნებული ბესო აზრზე ვერ მოდიოდა. ნიკაპი უთრთოდა, თვალები ცრემლით აევსო.
- არ მომიკლავს, არ მომიკლავს... - უაზროდ იმეორებდა ამ 2 სიტყვას.
- "დეჟურნის" დავუძახოთ, - წამოაყენა წინადადება ერთ-ერთმა. რამდენიმე კაცმა ბესოს ხელები გაუკავა. ის კი, რგორც ჩანს, ჯერ გონს ვერ მოსულიყო.
- ბიჭებო, იქნებ ჯერ არ მომკვდარა, იქნებ სუნთქავს, იქნებ გადავარჩინოთ? - საქმიანად თქვა ერთმა. ამ დროს, "ყელგამოჭრილმა" გემრიელად გაიზმორა და თვალები გაახილა, მერე წამოდგა კიდეც... გაოცებული ვუყურებდით. უმეტესობამ არ ვიცოდით, რომ თურმე ეს პატიმრების მორიგი ხუმრობა იყო, ხოლო სისხლი - ჩვეულებრივი კეტჩუპი. ბესოს გული შეუწუხდა. კარგა ხანი დაგვჭირდა მის მოსაბრუნებლად. მერე, როგორც იქნა, ყველანი დაწყნარდნენ და საკანში სიჩუმემ დაისადგურა.
მეორე დღეს "სასტავი" დაგვშალეს. სხვადასხვა საკანში გაგვანაწილეს, მაგრამ უკეთეს პირობებში აღმოვჩნდი. მე, ჯაბა და კიდევ 2 ადამიანი 10-კაციან საკანში გადაგვიყვანეს. იქ 7 კაცი დაგვხვდა და სულ 10 საწოლზე 11 ადამიანი ვიყავით. დაგვხვდა კაცი, რომელიც ქართლის ერთ-ერთ რაიონში უბნის რწმუნებულად მუშაობდა. მას თურმე ე.წ. "პრისტუპნიკი" შემოჰკვდომია. თავის ამბავს დღეში სამჯერ გვიყვებოდა და ძალიან განიცდიდა, რომ ასე დაემართა...
ახალ საკნაში გაცილებით მყუდროდ ვგრძნობდით თავს. სად 47 ადამიანის რია-რია და ხმაური და სად - 11-ის?! საღამოობით საუბრით ვიქცევდით თავს. განსაკუთრებულად კარგი მოსაუბრე ჯაბა იოსელიანი გახლდათ.
- ბატონო ჯაბა, შევარდნაძე ხომ თქვენ ჩამოიყვანეთ? - ვკითხე ერთ საღამოს.
- კი, ჩვენს მეტი ვინ იზამდა მაგას?..
- მერე, რატომ არ გიფასებთ ამაგს?
- ბიჭო, დაფასებული ამაგი სად გინახავს?!. სამოქალაქო ომის მერე, ახალი ჩამოსული რომ იყო, მის ნახვას რომ დავაპირებდი, წინასწარ ვატყობინებდი ხოლმე. რომ მივიდოდი, კაბინეტის კარი ღია მხვდებოდა, თვითონაც იქვე მეგებებოდა, ხელს ჩამომართმევდა, ოთახში შემიპატიჟებდა და ჩაით მიმასპინძლდებოდა. ცოტა ხანი რომ გავიდა, მერე უკვე კართან კი არა, შუა ოთახში მხვდებოდა. კიდევ ცოტა ხნის მერე, უკვე მაგიდასთან იჯდა და მხოლოდ ფეხზე წამოდგებოდა ხოლმე, მერე კი აღარც ხელს მართმევდა და ბოლოს შეხვედრასაც ვერ ვახერხებდი... კი ვხვდებოდი, რასაც მიმზადებდა, მაგრამ მთლად ასე თუ აიღებდა ხელს ნამუსზე, არ მეგონა.
- ვაა... - გავიკვირვეთ ჩვენ.
- ასეა, ასე... გამოგვიყენა და დაგვიჭირა...
ერთხელ დილით მორიგემ დაიძახა - ჩუთლაშვილი, გაემზადე, ადვოკატი მოვიდაო. ჩავიცვი და მოუთმენლად ველოდი, როდის გამიყვანდნენ ნანასთან შესახვედრად, რადგან მისი მოსვლა იმის ნიშანი იყო, რომ რაღაც სიახლე ხდებოდა.
- გამარჯობა, ზაზა. - ხელი შევაგებე მის გამოწვდილ მარჯვენას და თან თვალებში ვუყურებდი, რომ მის სახეზე სასიხარულო ამბავი ამომეკითხა, მაგრამ ნანა თვალებში არ მიყურებდა. გული დამიმძიმდა და იმის შიშით, ცუდი არაფერი გავიგონო-მეთქი, შეკითხვის დასმასაც ვერ ვბედავდი. ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე.
- ზაზა, დღეს ან ხვალ ისევ მცხეთაში გიპირებენ გადაყვანას. არ შეშინდე და უჩემოდ საკნიდან არ გამოხვიდე.
- კი, მაგრამ რატომ მიპირებენ გადაყვანას? აქ ვერ დამკითხავენ?
- ძალიან მაგრად არიან გაჭედილი. ამ შენმა ალიბიმ მთლად დააბნია ყველა. ხუმრობა ხომ არ არის, რომ თვითონ თემურ მღებრიშვილი ადასტურებს შენს ალიბის და კიდევ ის 12 მოწმე, ვინც მეგობრის შვილის დაბადების დღეზე გნახა. ეს უტყუარი საბუთია, ჩემო ზაზა, რადგან არ შეიძლება, ადამიანი ერთდროულად დაბადების დღეზეც იყოს და მკვლელობასაც სჩადიოდეს იმ ადგილიდან 30-40 კილომეტრის დაშორებით.
- აბა, რა ჯანდაბა უნდათ?!
- ახლა მათ დროის გაწელვა ხელს აძლევთ, რომ რამე მოიფიქრონ. ზევიდან აწვებიან, საქმის დამთავრებას სთხოვენ. ესენი კიდევ, ვერ ახერხებენ. ამიტომ ახალი ბრალის წაყენება უნდათ, რომ იმ ახალი საქმის გამოძიება დაიწყონ, ეს საქმე შეაჩერონ და ამით დრო მოიგონ.
- ბრალის წაყენება უნდათ? ხომ არ გაგიჟდნენ? კიდევ აქვთ რაიმე გაუხსნელი მკვლელობა? - ლამის გული გამიჩერდა.
- დამშვიდდი. მეორე მკვლელობას არ გაბრალებენ. ჩემი ინფორმაციით, უფრო მსუბუქ დანაშაულზეა ლაპარაკი.
- მაინც რა უნდათ? რა დავაშავე კიდევ? ბარემ მითხარი: დაკითხვაზე რომ გამიყვანენ, ვიცოდე მაინც, მაშინვე "ვაღიარო" დანაშაული და კიდევ არ მაწამონ.
- მცხეთის გზაზე ცისტერნით ბენზინს რომ ყიდიან, ხომ შეგინიშნავს?
- კი, როგორ არა.
- ჰოდა, ის გამყიდველები ჰყოლიათ რაღაცაში გამოჭერილი და უთქვამთ: თუ გინდათ, თავი დაგანებოთ, ერთ-ერთ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ბენზინს გძალავათო.
- ესე იგი, ახლა ბენზინის გამოძალვა უნდა დამწამონ? - ვთქვი დაღვრემილმა.
- ჰო, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს.
- კი, მაგრამ რაში სჭირდებათ? ეგ ხომ მსუბუქი მუხლია. მე მძიმე დანაშაულში მაქვს ბრალი წაყენებული. ეგ მათ რას მისცემს ვითომ? მაგაზე ალბათ 0-დან 5 წლამდე იქნება სასჯელი.
- ჰოდა, მაგას არ ეგუბნებოდი? ახლა დროს გიჭიმავნე, სანამ მაგ საქმეს გამოიძიებენ, 2-3 კვირა გავა. მანამდე კიდევ რამეს მოიფიქრებენ. თან ექსპერტის დასკვნებს ელოდებიან და ვადებში ვერ ეტევიან. მოკლედ, კარგად დაიმახსოვრე: უჩემოდ ჩვენება არ მისცე. მოითხოვე ადვოკატი და უთხარი, რომ ჩემს მოსვლამდე არაფერს ეტყვი. გასაგებია?
- კი, გასაგებია, - დავუქნიე თავი.
- ზაზა, ნუ გაქვს ცხვირი ჩამოშვებული. ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე. დროებით კი უნდა შეეგუო ბედს. მთავარია, სასამართლო დაინიშნოს. მერე ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. მოსამართლე ბრმა უნდ აიყოს, შენი უდანაშაულობა რომ ვერ დაინახოს, - მითხრა ნანამ და მორიგეს დაუძახა, პატიმარი ჩაიბარეთო. დამემშვიდობა და წავიდა. ცოტა ხნით მარტო დავრჩი ოთახში.
"კი, მაგრამ ბრმა რომ აღმოჩნდეს მოსამართლე? - ვფიქრობდი ჩემთვის. - რომ დაბრმავდეს, დაყრუვდეს და მასაც რომ ზევიდან დაურეკონ, რა მეშველება მერე?"
- გამოდი, ჩუთლაშვილი! - მიბრძანა მორიგემ და ფიქრი გამაწყვეტინა.
საკანში ხმა არავის გაუცია ჩემთვის. ალბათ სახეზე მეწერა, რომ ხასიათზე არ ვიყავი. წამოვწექი და ძალიან მალე ჩამეძინა.
დილამდე არ გამღვიძებია. თითქმის 18 საათი მეძინა. დილით კი მორიგემ გამაფრთხილა, რომ ეტაპში მივდიოდი და უნდა მოვმზადებულიყავი. მაშინღა ალაპარაკდნენ ჩემი თანამესაკნეები. მეკითხებოდნენ, სად მივდიოდი, რატომ, როდის დავბრუნდებოდი და ა.შ. მერე ზოგმა სიგარეტი ჩამიდო ჩანთაში, ზოგმა - საჭმელი...
- რა დაგემართათ? სამოგზაუროდ კი არ მივდივარ, რად მინდა ამდენი საჭმელი და სიგარეტი?! - ვიკითხე გაკვირვებულმა.
- სანა მშენი ოჯახი გაიგებს, რომ გადაგიყვანეს, სანამ მოგაკითხავენ და საჭმელს მოგაწვდიან, მანამდე გეყოფა. თუ დედაშენი მოვა, ვეტყვით, რომ მცხეთაში გადაგიყვანეს. ან იქნებ ადვოკატისგან იცის კიდეც.
ყველას დავემშვიდობე და საკანი დავტოვე. ცოტა ხნის შემდეგ კი მანქანის ფანჯრიდან ხარბად ვათვალიერებდი გარემოს. თბილოდა, მზე ანათებდა და გაზაფხული უკვე ძალაში შესულიყო. გული მომეწურა.
- ზაზა, შენა? - გავიგონე ვიღაცის ხმა. მივიხედე და კარგად დავაკვირდი. ჩემი ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა. ჩემს ბადრაგირებას ახდენდა. ცოტა ხანში გვერდით მომიჯდა.
- როგორ ხარ? - გადავეხვიე.
- არ ვიცოდი, ბიჭო, შენი წაყვანაც თუ მომიხდებოდა... - თითქოს ბოდიშს მიხდიდა.
- შენ რა შუაში ხარ? შენს საქმეს აკეთებ, თავს ნუ იმართლებ, - დავამშვიდე და გამეცინა. ისე მებოდიშებოდა, თითქოს მისი ბრალი იყო ჩემი უბედურება.
- როგორ მიდის საქმეები?
- არ უჩანს კარგი პირი; მაგათი დედაც!.. - შევიკურთხე მცხეთის პოლიციის მისამართით.
- ბიჭო, მძიმე მუხლი გაქვს?
- ჰო, 10-დან 15 წლამდე ან დახვრეტა...
- რას ამბობ, ტო?! - თვალები დააჭყიტა დათომ. მერე ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა: - გაიქეცი, მაგათი დედაც!.. მიდი, ახლავე გაიქეცი, მე რა უნდა მიქნან?!
- არა, რას ამბობ? - გამეცინა მის ნათქვამზე, - რატომ უნდა გავიცე? მერე ვინ დაიჯერებს ჩემს უდანაშაულობას? რომ გავიქცე, იტყვიან, მკვლელი რომ არ ყოფილიყო, არ გაიქცეოდაო. არა, დათო, გმადლობ, მეგობარო. ცოტასაც გავუძლებ და სასამარლთო დაადგენს ჩემს უდანაშაულობას.
- კარგი, ძმაო, როგორც შენ იტვი, - მითხრა და ცოტა ხნით გაჩუმდა. - რამდენი თვეა, რაც ზიხარ? - ისევ დაარღვია დუმილი.
- ექვსი.
- ამ 6 თვის განმავლობაში სასმელი დაგილევია?
- არა, - გავაქნიე თავი.
- ამაღამ მცხეთაში ჩემი ახლობლები მორიგეობენ. გინდა, გვიან ღამით სასმელს შემოვატანინებ შენთან?
- არა, არა, არ მინდა, ხომ იცი, დალევა ისედაც არ მიყვარს. გმადლობ.
- ვაა, აბა, რითი გცე პატივი? - შეწუხდა და სახე მოჭმუხნა.
- ყველაფერი რიგზეა, შენ ნურაფერზე შეწუხდები, - ვუთხარი და მხარზე დავკარი ხელი.
ამასობაში მცხეთაში შევედით.
საკანში შემიყვანეს, სადაც მარტო აღმოვჩნდი.
იმ ღამით თითქმის არ მეძინა. ის დღეები მახსენდებოდა, როცა მაწამეს. ნაცემი და დალურჯებული ადგილები ამეწვა კიდეც, ისე ცხადად წარმომიდგა თვალწინ ყველაფერი.
დილით გულდედავასთან ერთად სამხარეო პროკურორიც მოვიდა. ამჯერად ზევით არავის ავუყვანივარ, საკნის გვერდით დასაკითხი ოთახი იყო და იქ შემიყვანეს. ლაშა ფეხზე იდგა, პროკურორი კი იჯდა. რომ შევედი, ამ უკანასკნელმა ხელი გამომიწოდა. ჩამოვართვი.
- როგორ ხარ, ზაზა? - ისე მკითხა, ვითომ ძალიან აინტერესებდა ჩემი მდგომარეობა. ლაშამაც გამომიწოდა ხელი, მაგრამ მისკენ არც გამიხედავს.
- ქართველი არ ხარ?.. - გაღიზიანებული ტონით მკითხა:
- მე? მე ქართველი ვარ, მაგრამ შენ რა ჯიშის ხარ? ვინ ხარ, ასეთი უსისხლო? სად დაიბადე, სად გაიზარდე, რა რჯულის ხარ?!. - ერთიანად ვკანკალებდი, თავს ვერ ვიოკებდი, მინდოდა, ყელში ვწვდომოდი და დამეხრჩო.
- კარგი, ზაზა, დაწყნარდი, - ეს უკვე პროკურორი იყო. თითქოს ძალა მომეცა. 6 თვის წინანდელი წამების მომენტებმა ჩემ თვალწინ კიდევ ერთხელ კინოკადრებივით გაირბინა. - ზაზა, ჩვენ შენი დახმარება გვინდა, - ისევ პროკურორი იყო.
- თქვენ? - გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა.
- ჰო, ჩვენ... დღეს ბენზინის გამყიდველებს, ოდიშელიძესა და გიგაურს მოიყვანენ და დაგიპირისპირებენ. უნდა აღიარო, რომ მათ ბენზისნ სძალავდი. კაცობას გეფიცები, მკვლელობის მუხლს მოგიხსნი.
- ეგენი ვინღა არიან? - ვიკითხე გაოცებულმა. ყურებს არ ვუჯერებდი, ისეთ რამეს მეუბნებოდა ეს კაცი.
- ხომ გითხარი, მცხეთელი მებენზინეები არიან, - მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ლაშა ჩუმად იყო. მზერა მასზე გადავიტანე. თვალი ამარიდა. მივხვდი, რომ მორიგ ხაფანგს მიგებდნენ. ფეხზე წამოვდექი, მაგიდას ორივე ხელით დავეყრდენი, პროკურორისკენ დავიხარე და მტკიცე ხმით ვუთხარი:
- სანამ ჩემი ადვოკატი არ მოვა, სიტყვასაც არ გეტყვით, თანაც, ციხეზე დამაბრუნეთ და ეგ თქვენი "გამოძალული" მებენზინეებიც იქ მოიყვანეთ დასაპირისპირებლად. აქ, მცხეთაში ჩვენებას არ მოგცემთ.
გავჩუმდი და მათ რეაქციას დაველოდე.
- კარგი, ჩვენ დახმარება გვინდოდა. შენი საქმისა შენ იცი... - ეს სიტყვები კბილებში გამოცრა და პროკურორი ფეხზე წამოდგა. - შენ თუ ბოლომდე არ გაგჭედო, შენი!.. - შეიკურთხა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
- კიდევ რა უნდა დამაბრალოთ? - მივაძახე უკნიდან. ორივე გაჩერდა. - არასრულწლოვანი ხომ არ გყავთ სადმე, გაუპატიურებული? ბარემ დამაბრალეთ, დახვრეტაზე მეტს რაღას მომისჯიან და საქმეები მაინც დაგრჩებათ გახსნილი. სამშობლოს ღალატი?.. დაგავიწყდათ, რომ სამშობლოს ღალატიც შეგიძლიათ დამაბრალოთ...
- ხელმოსაკიდი არაფერი მაქვს, თორემ არ დაგამადლიდი... - ჩაილაპარაკა ლაშამ.
- წადით, თქვენი დედაც!.. - პირდაპირ შევიგინე მათი მისამართით, სანამ ოთახიდან გავიდოდნენ. სადაც წვრილია, იქ გაწყდეს-მეთქი, გავიფიქრე. გულს მაინც მოვიოხებდი გინებით. ისედაც არ აკლდათ ჩემგან "ლოცვა-კურთხევა", მაგრამ ისე რომ შეაგინებ, თივოთნ რომ გაიგონებს, ამას სულ სხვა მუღამი აქვს. ორივენი შეჩერდნენ. ლაშამ მოიხედა, მერე პროკურორს შეხედა.
- ნახე, რამხელა გული გაუხდა?!..
იმან მხოლოდ თავი გააქნია და ოთახიდან გავიდა.
მცხეთაში მთელი კვირა გამაჩერეს და მერე ციხეში ისე გადამიყვანეს, რომ დაკითხვაზე აღარავის გავუყვანივარ.
ორთაჭალაში გადაყვანიდან მესამე დღეს დაკითხვის ოთახში მიხმეს. იქ ძველი ნაცნობები - ვაჟა ხუცურაული, ლაშა გულდედავა, ნანა და კიდევ 2 უცნობი მამაკაცი დამხვდნენ. ეს 2 მამაკაცი ის მებენზინეები ყოფილან, რომლებზეც პროკურორი მელაპარაკებოდა. ერთ-ერთი მათგანი ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა. ამიტომ, ვერც მწვადი დაწვა და ვერც შამფური. თქვა, რომ როდესაც მასთან ბენზინს ვასხამდი, თვითონ არ მართმევდა ფულს, მაგრამ მე მაინც ვუტოვედი, - თუმცა, რამდენჯერმე მაინც არ გამოვართვი ფული და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის პატივი მეცაო. ეს, რა თქმა უნდა, ლაშას არ მოეწონა: აბა, აბა, ასე არ გამოვა, ჩვენ მაგაზე არ მოგვილაპარაკიაო, - ისე თქვა, არც მე მომერიდა და არც ნანას და დასძინა: - ეგ იმიტომ სარგებლობდა შენი სიკეთით, რომ პოლიციელი იყო; რადგან ასეა, მაშინ მაგას თაღლითობის მხულს მივუყენებო.
დაუანგარიშებიათ და 150 ლიტრი ბენზინის თაღლითური გზით მითვისებაში წამიყენეს ბრალი.
საკანში დაბრუნებულს პატიმრები მეკითხებოდნენ, რა მოხდაო? ვუპასუხე - 2 მუხლი დამიმატეს-მეთქი.
- ეგ არაფერი, - მითხრა "წესრიგამ". ეს ჯაბა იოსელიანის დაცვის უფროსი გახლდათ. მართლაც ძალზე წესიერი კაცი იყო და სახელიც შესაფერისი ჰქონდა შერჩეული.
- მამააა!.. მამაა!.. - გავიგონე ძახილი და 2 წამში ფანჯარასთან გავჩნდი. ამ საკნიდან უფრო ახლოს ჩანდნენ: დედაჩემი, ნინო და ნათია. ხელი გავყავი და დავუძახე. ნათია თვალებს სასაცილოდ აცეცებდა. როგოც იქნა, დამინახა და გაიცინა.
- ნათი, მხედავ? - დავუძახე ხმამაღლა.
- კი, მამა, გხედავ! - მიპასუხა გახარებულმა. მარტო ჩემს თითებს ხედავდა, მაგრამ ძალიან უხაროდა. ვხედავდი, დედაჩემს სახეზე როგორ ჩამოსდიოდა ცრემლი... მეც ავტირდი. ვერ გავუძელი ამდენს. დედა ცრემლნარევი ხმით მეძახდა ქვემოდან:
- ნუ გეშინია, შვილო, ზაზა! სულ გენპროკურატურასთან ვარ და მაინც მივაღწევ იმას, რომ ბაბილაშვილმა მიმიღოს. ყველაფერს მოვუყვები, კარგი კაცი ყოფილა და ალბათ დაგვეხმარება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად სულხან მოლაშვილი გადაიყვანეს. მისი ძმა ხომ შენთან მუშაობდა?
- კი, დედა, ჩემთან მუშაობდა.
- ჰოდა, მივალ, დაველაპარაკები, იქნებ პრეზიდენტთან შემიშვას, რომ ყველაფერი მოვახსენო და გასაჭირიდან გიხსნა.
დედა სწრაფად ლაპარაკობდა. როგორც ჩანს, დროში შეზღუდულები იყვნენ. ამ დროს ვიღაცის ხმა გავიგონე - გეყოფათ, დაამთავრეთო! - დაიძახა.
ისინი წავიდნენ. ჩემი გული ნათიას გაჰყვა. იმ წუთში არაფერი მინდოდა, მათთან ყოფნის გარდა, მაგრამ...
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი: მარი ჯაფარიძე