პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტები 4 აგვისტოს, გვიან ღამით, საქართველოში დაბრუნდნენ. მათ აეროპორტში უამრავი გახარებული გულშემატკივარი დახვდა.
როგორც აღმოჩნდა, სპეციალურად ოლიმპიადაზე გაემგზავრა ტყიბულის 1-ელი საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი ლელა ქურციკიძეც, რომელიც ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი ძუდოისტის, ილია სულამანიძის მასწავლებელია. მან ილიას დანაპირები შეუსრულა და მოსწავლის ასპარეზობას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
„პრინციპულად ოლიმპიურ ოქროს ველოდი, მისი შესაძლებლობიდან და შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე. ჰოდა, ახლა ახალი პირობა და „მოთხოვნა” მაქვს – ოლიმპიურ ოქროს შემდეგ ოლიმპიადაზე პირადად „ჩავიბარებ“, ლოს-ანჯელესში.
ილია იყო კარგი მოსწავლე, ბრწყინვალე გონების პატრონი და ძალიან ნიჭიერი. თვითონ ერთ ინტერვიუში თქვა, არცთუ ისე კარგი მოსწავლე ვიყავიო და მე გადავირიე, ეს როგორ თქვა-მეთქი. ბოლო წლებში მეტ დროს უთმობდა სპორტს. უაღრესად ზრდილობიანია, არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი. ეს პირობა ილიას მეათე კლასში მივეცი, რომ პარიზში დარბაზიდან ვუგულშემატკივრებდი, თორემ ყველა შეხვედრას ვნახულობ კომპიუტერში.
გზა ტყიბულიდან პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთად გავიარეთ. მთელი სკოლა და პედაგოგები ერთგულად ვგულშემატკივრობთ ჩვენს საამაყო მოსწავლეს“, – ამბობს ლელა ქურციკიძე edu.aris.ge-სთან ინტერვიუში.
ილია სულამანიძის ოჯახი
ილია სულამანიძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეიყვარა, მისი გულშემატკივრების რიცხვი კი - გაიზარდა. გასაკვირი არ არის, რომ ინტერესი მისი ცხოვრების, კარიერისა თუ ოჯახის შესახებაც უფრო დიდია.
ილია სულამანიძეს ჰყავს მშობლები და ძმა. შაკოსა და ილიას შორის სხვაობა ერთი წელია, ილია ძმაზე ერთი წლით უმცროსია და ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ. როგორც ცნობილია, შაკოც ჯუდოკა იყო, თუმცა ტრავმა მიიღო და ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. ძმებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეს, შაკომ კი ფიტნესაკადემიაში გააგრძელა სწავლა.
ილია სულამანიძის შეყვარებული
ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენის გულშემატკივრებს შორის უამრავი გოგოა, თუმცა ილია შეყვარებულია და მისი რჩეული ასევე სპორტსმენი, მოცურავე თაკო მეგრელიძეა. თაკოს არაერთ შეჯიბრებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის კარიერაში წარმატებაც ბევრია. 21 წლის უმშვენიერესი თაკო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია და სამართალმცოდნეობას სწავლობს.
"უსასრულოდ ასახდენი და სამუდამოდ ახდენილი ოცნება ხარ ჩემს ცხოვრებაში" - წერდა ილია სულამანიძე მისი და თაკო მეგრელიძის ვიდეოზე.