- 2 ადამიანის მკვლელობას მტენიან და არ ვინერვიულო? გული მიკანკალებს, როცა წარმოვიდგენ, მოსამართლე როგორ გამოაცხადებს: ზაზა ჩუთლაშვილს მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტაო.
- არა, ტო, რა დახვრეტა, გაგიჟდი? - შეიცხადა ვასიკომ
- ასეა, აბა! 2 ვარიანტი არსებობს: ან უნდა დამხვრიტონ, ან უნდა გამათავისუფლონ. - ვასიკო ჩაფიქრდა და კარგა ხანს ხმა აღარ ამოუღია.
იმ ღამით საშინელი სიზმარი ვნახე: თითქოს სიკვდილმისჯილების საკანში ვიჯექი. უეცრად, საიდანღაც ჩიტი შემოფრინდა, მხარზე დამაჯდა და ადამიანის ხმით რაღაცას მელაპარაკებოდა. ვიღაცამ სარკმლიდან ხელი შემოყო, ჩიტი დაიჭირა, ფანჯრის გისოსებში გააძვრინა და გარეთ გაიყვანა. მერე საშინელი ხმები მესმოდა, ჩიტი მიხმობდა - მიშველეო. აქეთ-იქით ვაწყდებოდი კედლებს, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი. ცოტა ხნის შემდეგ ხმა მიწყნარდა, მერე კი ისევ იმ ხელმა შუაზე გაგლეჯილი ჩიტი ფანჯრიდან შემოაგდო. მკვდარი ჩიტი ჩემს ფეხებთან დაეცა. თვალები ისევ ღია ჰქონდა და საცოდავად მიყურებდა. ძალიან შეშინებულმა გავიღვიძე. სიზმრების არასოდეს მჯეროდა, მაგრამ ახლა ვფიქრობდი, რომ ნანახი რაღაცის მომასწავებელი იყო. თანაც, კარგს რომ არაფერს ნიშნავდა, ამასაც ვხვდებოდი. დილით, როდესაც ყველანი წამოიშალნენ, მე ძალიან სერიოზული სახით ვიკითხე:
- რომელიმემ სიზმრის ახსნა ხომ არ იცით? - სიჩუმე ჩამოვარდა. ჯერ გაკვირვებულები მიყურებდნენ, მერე ისეთი ხარხარი ატეხეს, "კარმუშკაში" მორიგემ შემოიხედა და იკითხა: რა დაგემართათო?
- ბიჭო, აქ სოფლის დედაკაცები ვართ თუ რაშია საქმე? – მკითხა ბესომ და თან ცრემლს იწმენდდა.
- დედაკაცები არა, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ვინმემ იცოდეს?
- შენა და, "დევიტ სემში" ხომ არ გავძახოთ? იქნებ იქ იცოდეს ვინმემ?
მოკლედ, იმ დილით კარგად გავამხიარულე ყველა, მაგრამ როდესაც ნანახი სიზმარი მომაყოლეს, მერე დაფიქრდნენ.
- ისე, მგონი, მართლა რაღაცას უნდა ნიშნავდეს, ხომ იცი, - სერიოზული სახით მითხრა ბესომ.
იმ დღეს 2 წერილი შემომიტანეს. ერთი ნინოსგან იყო. წერილის ბოლოს, ცარიელ გვერდზე, ბავშვის ხელის მტევანი იყო დახატული, ქვემოთ კი ეწერა: "ეს მე ვარ, მამიკო, ჩემი ხელია. ძალიან მიყვარხარ და მალე დამიბრუნდი". უნებლიეთ ცრემლი ჩამომიგორდა თვალებიდან და გული მომეწურა. კარგა ხანს ვკოცნიდი ნათიას დახატულ ხელს და გულში ვიხუტებდი. არა მგონია, რომელიმე მამას ჩემსავით უყვარდეს თავისი შვილები. ვფიქრობდი, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი სიყვარული შემეძლო და ეს სიყვარული ჩემს ნინოს და შვილებს ეკუთვნოდათ.
როგორც იქნა, ნათიას ხელისგულის ფერებით გული ვიჯერე და მეორე წერილს მივუბრუნდი. გარედან მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი ეწერა. მეგონა, დედაჩემისგან იქნებოდა, მაგრამ როდესაც წერილი გავხსენი და მისი კითხვა დავიწყე, გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. წერილი ირინასგან იყო. ეს ის ადამიანი გახლავთ, ვისთანაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, მანამ, ვიდრე ცოლს მოვიყვანდი. გამახსენდა ჩვენი ურთიერთობა. წერილში თვითონაც ბევრ ეპიზოდს მახსენებდა, მწერდა, მიყვარხარ და თუ რამეში დაგჭირდე, არ მოგერიდოს, შემატყობინეო. გაკვირვებული დავრჩი იმის გამო, რომ ვერაფრით მივხვდი, საიდან გაიგო ირინამ ჩემი ამბავი. ორივე წერილი შევინახე, მერე თვალები დავხუჭე და ფიქრს მივეცი თავი. ბოლო ხუთმა წელიწადმა თვალწინ გამირბინა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ამ წლების განმავლობაში. ძირითადად, სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებდა წარსულთან, თუ ბოლო 1 წელიწადს არ ჩავთვლიდი. დიახ, უკვე 1 წელი იყო გასული ჩემი დაკავებიდან. უფრო სწორად, 11 თვე.
როგორც იქნა, 25 დეკემბრისთვის სასამართლო პროცესი დაინიშნა. დილიდან გული გამალებით მიცემდა, რადგან სწორედ ამ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა ჩემი ბედი, ჩემი და ჩემი ოჯახის მომავალი. დილით საკანში ბიჭებმა გზა დამილოცეს. მამშვიდებდნენ - უზენაესი სასამართლო სულ სხვაა და ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. ბადრაგმა საგულდაგულოდ გამჩხრიკა და მანქანაში ჩამსვეს. სასამართლოს ეზოში რომ შევედით, ერთი სართულით დაბლა, სარდაფში ჩამიყვანეს. ჩემთან ერთად სხვა პატიმრებიც იყვნენ – პარალელურად მიმდინარეობდა ე.წ. ზვიადისტების სასამართლო პროცესი. ერთ დარბაზში გია ყორბესაშვილისა და კობა ძიძიგურის (ზვიად ძიძიგურის ძმა) სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. მათ ბრალი დიდუბის ხიდის აფეთქების ორგანიზებაში ედებოდათ. მეორე დარბაზში ლოთი ქობალიასა და ზვიად ძიძიგურის სასამართლო პროცესი გახლდათ. სარდაფის კარში ჩემი ყოფილი თანამშრომელი გამოჩნდა, რომელიც ახლა ბადრაგად მუშაობდა.
- ზაზა, დედაშენი და შენი ცოლი გარეთ დგანან. დამაბარეს: ჰკითხე, ხომ არაფერი უნდაო?
- არა, არაფერი. გადაეცი, რომ კარგად ვარ.
ჩემი პროცესის დაწყებას აგვიანებდნენ. იმ დღეს დანიშნული ყველა პროცესი დაიწყო. როგორც იქნა, 3 საათზე მეც დამიძახეს და სარდაფიდან ხვეული კიბით ზევით ამიყვანეს. კიბის საფეხურები პირდაპირ სასამართლოს დარბაზთან, პატიმრისთვის განკუთვნილ ადგილას მთავრდებოდა და მისგან მხოლოდ კარით იყო გამიჯნული. კარი რომ გაიღო და ხალხით სავსე დარბაზი დავინახე, შევკრთი. ვიგრძენი, რამდენმა თვალმა შემომხედა ერთდროულად. ზოგიერთის მზერა ხანჯალივით მესობოდა ტანში. დარბაზს თვალი მოვავლე, ჩემებს ვეძებდი. დედა დავინახე. საწყალი, როგორ გამხდარა და გაჭაღარავებულა. თითქოს, დაუძლურებულიც მომეჩვენა. დედაჩემის გვერდით ნინო იდგა, მხრებჩამოყრილი და აწურული. ერთმანეთს თვალი თვალში გავუყარეთ. უკვე 1 წელი იყო, ასე ახლოდან არ მენახა ოჯახის წევრები. გულში სითბომ დამიარა. მერე მთელ დარბაზს მოვავლე თვალი და განრისხებული ხალხის მზერას გადავაწყდი. ზოგიერთის ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რომ მაგინებდნენ. დარბაზში შავი ტანისამოსით შემოსილი ადამიანები ჭარბობდნენ. ვიცოდი, ჩემზე კარგს არავინ იფიქრებდა, რადგან ისინი ნამდვილ მკვლელად მიმიჩნევდნენ და ალბათ მზად იყვნენ, ნაკუწ-ნაკუწ ავეჩეხე. ნანა ჩემ წინ, ადვოკატისთვის განკუთვნილ ადგილას იჯდა. მიხვდა, რომ დავიძაბე და დამშვიდება დამიწყო: პროვოკაციას არ აჰყვე, დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნებაო.
მე კი იმას ვფიქრობდი, რომ მოვიდოდა დრო და ეს ჩემ წინააღმდეგ ამხედრებული ხალხი მიხვდებოდა, რომ უდანაშაულო ვიყავი და ბოდიშსაც მომიხდიდნენ. როგორც იქნა, მოსამართლემაც ინება შემობრძანება. ისე გამომხედა, ნაბიჯი არ შეუნელებია. წინ ჩამიარა და თავის ადგილზე დაჯდა. სახელმწიფო ბრალმდებლად მოსამართლემ მცხეთის პროკურორის მოადგილე წარმოგვიდგინა. ეს ის კაცი იყო, ვისი უშუალო მითითებითაც მაწამეს. მოკლედ, აქაც არ მასვენებდა. აბა, დაწყებული საქმე ბოლომდე ხომ უნდა მიეყვანა? ნანა მამშვიდებდა, აცილებას მივცემო, მაგრამ მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მან სხდომა გახსნილად გამოაცხადა, მერე კი ხალხს პროკურორი, დაზარალებული მხარის ადვოკატები, ჩემი ადვოკატი, სხდომის მდივანი გააცნო და სასამართლო პროცესი მეორე დღისთვის გადადო.
ეს დღე არასოდეს დამავიწყდება - დედაჩემი უკვე ხმამაღლა ტიროდა, მე დავიძაბე, ნანა კი ჩემ დამშვიდებას ცდილობდა. ბადრაგმა სასწრაფოდ გამიყვანა დარბაზიდან და ისევ სარდაფში ამოვყავი თავი. იქ მანამ მომიწია ყოფნამ, სანამ სხვა პატიმრების სასამართლო პროცესები არ დამთავრდა. მერე ყველას ერთად მოგვიყარეს თავი და კვლავ საპყრობილეში გადაგვიყვანეს. საკანში შესულმა პატიმრების მიერ დასმულ კითხვებს უხალისოდ ვუპასუხე და დავწექი. ძალიან დაღლილი ვიყავი და თანაც, ბევრი საფიქრალი მქონდა.
მეორე დილით ძალიან ადრე გამეღვიძა. ბიჭებმა სასწრაფოდ ჩაი ამიდუღეს და მაგიდასთან დამსვეს. არ მშია-მეთქი, - ვთქვი, მაგრამ მაიძულეს, რომ რამდენიმე ლუკმა მაინც მეჭამა.
ყოველთვის ვგრძნობდი თანამესაკნეების პატივისცემასა და სიყვარულს. საკანში ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ სრულიად უდანაშაულო იყო. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ყველას ბოლომდე სჯეროდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც თანამიგრძნობდნენ...
იმ დღესაც ზუსტად იგივე პროცედურები გავიარე, რაც წინა დღეს. დარბაზში შესულმა შევნიშნე, რომ გაცილებით მეტი ხალხი იყო მოსული. მათ უმრავლესობას დაზარალებული მხარე წარმოადგენდა. თურმე ასე ყოფილა, დაზარალებულს მეტი უფლება აქვს, პროცესს დაესწროს. მამიდაჩემი და მამიდაშვილები დარბაზში საერთოდ ვერ შემოვიდნენ.
მინდოდა, პროცესი ჩემი ჩვენებით დაეწყოთ, რადგან სურვილი მქონდა, რაც შეიძლება მალე მომეყოლა სიმართლე და მეთქვა, რომ დამნაშავე არ ვიყავი. აღარ მინდოდა მოცდა. მწამდა, რომ როდესაც ყველაფერს მოვყვებოდი, ყველა იქ მყოფი ადამიანი ირწმუნებდა ჩემს სიმართლეს. ნანამ დამამშვიდა - ნუ ჩქარობ, უმჯობესია, ჯერ მოწმეები დაჰკითხონო. დავუჯერე, რადგან ეს იყო ერთადერთი ადამიანი, ვისი იმედიც მქონდა; მწამდა, რომ ის ჩემს სიმართლეს დაამტკიცებდა.
პირველ რიგში, გოჩა ლაბაძე გამოიძახეს. ეს ის კაცი იყო, მცხეთის პოლიციაში რომ მუშაობდა და თურმე, ღორების მწყემსვის დროს შესწრებია, თუ როგორ ჩავდიოდი დანაშაულს...
კარი გაიღო და გოჩა შემოიძურწა. დიახ, სწორედაც რომ შემოიძურწა. გარეგნულად მახინჯი, სულითაც დაამახინჯეს თავისმა უფროსებმა და გარეგნობით სწორედ იმას ჰგავდა, რის როლსაც მშვენივრად ასრულებდა – ვირთხას!
როგორც წესი, მან ჯერ დაიფიცა, ტყუილს არ ვიტყვიო, მერე რაღაც ბლანკზე მოაწერა ხელი და პატარა კათედრასთან დადგა.
- რა იცით საქმის შესახებ, მოწმე ლაბაძევ? - ჰკითხა მოსამართლემ.
- მოგახსენებთ, რომ ღამით ტყეში საკუთარ ღორებს ვმწყემსავდი და უცებ, ხმაური შემომესმა. იქით წავედი და დავინახე, როგორ მოკლა ბრალდებულმა დაზარალებული.
- დაინახეთ თუ ხმა გაიგონეთ? - ჩაერთო მის საუბარში პროკურორი.
ლაბაძე დაიბნა. ერთი წლის წინ მიცემული ჩვენება აღარ ახსოვდა. თანაც, სულ ნაირნაირი ჩვენებები ჰქონდა მიცემული და ახლა რომელი უნდა გამოეყენებინა, არ იცოდა. სამაგიეროდ, პროკურორის სახით მაშველი ძალა იქ ჰყავდა და ის უკარნახებდა, რაც უნდა ეთქვა.
- დიახ, გავიგონე, 3 გასროლა გავიგონე, - უცებ შეცვალა ჩვენება.
მოსამართლემ უამრავი კითხვა დაუსვა. რასაც ისე ვერ იტყოდა, როგორც "საქმეს სჭირდებოდა", პროკურორი უსწორებდა. ლაბაძე ძალიან დაიბნა და პროკურორს საცოდავად უყურებდა, თვალებით ეუბნებოდა: მიშველე, რამე, დამიხსენი ამ მოსამართლის წამებისგანო. ამდენს თუ იზამდნენ, მართლა არ მეგონა. გული მერეოდა, ამ მარაზმს რომ ვუყურებდი. მე ხომ ვიცოდი სიმართლე, მე ხომ ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მათივე შეთითხნილი იყო. მინდოდა მეყვირა: "რას სჩადიხართ, ეს ხომ ტყუილია, მე ხომ საგურამოში არ ვყოფილვარ, არავინ მომიკლავს!.." მაგრამ ამას მხოლოდ გულში ვამბობდი და თვალები ცრემლით მევსებოდა. გამწირეს. ისე გავმწარდი, ვიფიქრე - "ახლა გადავხტები და აქვე ჩავაძაღლებ ამ ნაბიჭვარ ლაბაძეს, მაინც მკვლელის სახელი მაქვს და ტყუილად მაინც აღარ მომეცხება ჩირქი-მეთქი".
მოვიდა დრო, როცა მისთვის კითხვები ნანას უნდა დაესვა. რა თქმა უნდა, ნანა არ დაინდობდა და პროკურორივით თავზე ხელს არ გადაუსვამდა. მისმა კითხვებმა გოჩა ძალიან დააბნია და ის ურთიერთგამორიცხავ პასუხებს იძლეოდა. კულმინაცია ნანას მიერ დასმული ბოლო შეკითხვა იყო:
- თქვენ, დღეის ჩათვლით, 10 ჩვენება გაქვთ მიცემული და ყველგან სხვადასხვა რაღაცას ამბობთ. რომელია სწორი? - გოჩამ ჯერ პროკურორს შეხედა, მერე შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და თქვა:
- მანდ დევს ყველა ჩემი ჩვენება და რომელიც გინდათ, ის გამოიყენეთ.
ასე დაასრულა მან სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა. ეს კი არაფრით აძლევდა ხელს პროკურორს. სწორედ მისი და ნიკა ტატიშვილის არეულ-დარეული ჩვენების ბრალი გახლდათ, რომ პროცესი თებერვლამდე გადადეს, მაგრამ ოფიციალურ მიზეზად ის გამოაცხადეს, თითქოს მსაჯული კიბიდან დაგორდა და ფეხი მოიტეხა. თან თქვეს - სასამართლოს შემადგენლობაში ცვლილებაა და მოწმეების დაკითხვა თავიდან უნდა მოხდესო. ეს მარაზმი ყოველდღე მეორდებოდა. ამის ატანა უკვე აღარ შემეძლო. კიდევ ერთ პროცესზე მოვითხოვე პროკურორის აცილება და მოსამართლემ პირველად დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა - პროკურორი საქმეს ჩამოაშორა. ისიც იმიტომ, რომ ნანა ითხოვდა მის დაკითხვას, მოწმის სახით.
მოსამართლემ პროკურორი დაჰკითხა და მანაც ჩვენი წამების ფაქტი ირიბად დაადასტურა, მაგრამ ლამაზი ზღაპარიც მოჰყვა: თურმე, ერთხელ ის შუაღამისას შემოსულა მესამე სართულზე, დაკითხვისთვის განკუთვნილ ოთახში და უნახავს, როგორ ვიყავი წამოწოლილი "ფეჩთან". ამით იმის თქმა უნდოდა, რომ თურმე, ჩემზე ზრუნავდნენ და ასეთი პატივისცემით მეპყრობოდნენ.
- კი მაგრამ, პატიმარი უნდა იყოს "კაპეზეში" და არა - მესამე სართულზე, ღუმელთან, - თქვა გაკვირვებულმა მოსამართლემ და მხრები აიჩეჩა. ამაზე პასუხი ბატონ პროკურორს უკვე აღარ ჰქონდა.
შემდეგ ნიკა ტატიშვილი დაჰკითხეს და იმასაც გოჩა ლაბაძესავით აერია ჩვენებები ერთმანეთში: ხან ერთს ამბობდა, ხან - მეორეს. მოსამართლეც ხვდებოდა, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც საჭირო გახლდათ, მაგრამ პროკურორის ყურმოჭრილი მონასავით უსმენდა ამ მარაზმს და თავს უქნევდა. მან იცოდა, რომ ასე იყო საჭირო. ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. დარბაზი თითქმის მთლიანად დაიცალა. იქ მხოლოდ მე, ბადრაგი და ნიკა ტატიშვილი დავრჩით. რატომ დარჩა ნიკა, არ ვიცი. ის ჩემთან ახლოს იჯდა და პირდაპირ იყურებოდა, ჩემკენ არც გამოუხედავს.
- ნიკა, - დავუძახე ხმადაბლა. მოიხედა – კაცი არა ხარ? სიმართლე თქვი. ჯერ ბავშვი ხარ, ნუ აიკიდებ ამხელა ტვირთს. სიმართლე თქვი, რაც მოხდა, ის თქვი. ახლა ვეღარაფერს გიზამენ. აღიარე, რომ ჩვენება ძალით დაგაწერინეს. თავჩაღუნული იჯდა და ხმას არ იღებდა. ბადრაგის ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს.
- ე ბიჭო, ხომ ხედავ, კაცი სიმართლის თქმას გთხოვს, სხვას არაფერს. თქვი, რა, კაცი არა ხარ?
- ნიკა, გაბედე და გადადგი ნაბიჯი, ტყუილს ნუ იტყვი. რასაც გთხოვ, მხოლოდ ის არის, რომ სიმართლე თქვა, - ისევ შევევედრე მე. ის კი გაქვავებული იჯდა და ხმას არ იღებდა. თავს კონტროლი ვეღარ გავუწიე და ჯერ ყვირილი დავიწყე, მერე გინებაზე გადავედი - უშვერი სიტყვებით ვიგინებოდი. ბადრაგმა ნიკა სასწრაფოდ გაიყვანა დარბაზიდან და დედა შემომიყვანა. ეს იყო პირველი შეხვედრა დედასთან, ერთი წლის შემდეგ. დედა ჩამეხუტა, ტიროდა, რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ მე სიტყვებს ვერ ვარჩევდი. მეც ვტიროდი და დედას მკერდზე ვეხუტებოდი. შემთხვევით ბადრაგის ბიჭებს გავხედე და დავინახე, რომ ისინიც ტიროდნენ.
ძალიან მეცოდებოდა დედა. რისთვის იტანჯებოდა ეს ქალი ასე? "ღმერთო, მომეცი იმის ძალა, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო", - ვბუტბუტებდი და დედას ვეკვროდი. ამხელა კაცი თითქოს მისი ფრთის ქვეშ ვცდილობდი შეძრომას.
გაგრძელება იქნება
ავტორი: მარი ჯაფარიძე