„ბავშვმა დიდი სიხარული და ბედნიერების შეგრძნება მოიტანა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ფაქტია, გუგასთვის ნაკლებად მცალია. პირველ აგვისტოს გავხდი 40 წლის და ოცი წლის წინ მეგონა, ამ ასაკში დიდი შვილები მეყოლებოდა, სულ სხვანაირი წარმომედგინა ჩემი ცხოვრება. მერე, დროსთან ერთად, ისე გავიდა წლები, ოჯახი არ მქონდა და ვფიქრობდი, ეს არც მოხდება-მეთქი. ერთი სიტყვით, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 40 წლის ასაკს შვილით ხელში შევხვდებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ და ვერაფრით ვიჯერებ, რომ 40 წლის ვარ – აბსოლუტურად სხვა ლეველზე ვარ, აბსოლუტურად სხვა შეგრძნებები მაქვს, ემოციურად დარესტარტებული და მგონია, ახალი ცხოვრება დავიწყე…“ - ამბობს მსახიობი ნინო მუმლაძე ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ ნინო მუმლაძე 40 წლის გახდა. მსახიობი წერდა, რომ მანამდე 40 წელი ახალგაზრდობის დასასრული ეგონა, თუმცა ახლა ხვდება, რომ ამ ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება: "ალბათ, როგორც ყველას, მეც სულ მეგონა, რომ 40 წლის ასაკში ახალგაზრდობა მთავრდება, თუმცა დღეს ნათელი მაგალითი ვარ იმისა, რომ ამ ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება. მე ჩემს 40 წელს შევხვდი ახლად შექმნილი ოჯახით და პატარა ჩვილით, ანუ, ახალი ემოციებით, ახალი გამოწვევებით, ახალი განცდებით, ახალი გამოცდილებით, მოკლედ რომ ვთქვა - სრულიად ახალი ცხოვრებით... ჰო, და მადლობა ჩემი ცხოვრების სცენარის ავტორს ამ ბედნიერი მომენტისთვის. მადლობა ჩემს მეუღლეს ამ ახდენილი ოცნებისთვის. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე უპირობოდ მიდგანან გვერდში ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ეტაპზე და მეხმარებიან ყველაფერში. მადლობა იმ მეგობრებს, რომლებმაც ბოლომდე მიერთგულეს. მადლობა ჩემს ორივე თეატრს და ჩემს კოლეგებს თანადგომისთვის. მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ და მაფასებენ და მადლობა ჩემს პატარა შვილიკოს იმისთვის, რომ ასეთი საყვარელია. ყველაფერი წინ არის, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება..."
ნინო მუმლაძე
ნინო მუმლაძეს დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელს დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წელს დაიწყო მუშაობა თავისუფალ თეატრში.