"სპექტაკლი რომ დასრულდება, როცა თითქმის ყველა წასულია, დარაჯების გარდა, გამოვდივარ პარტერში და ვუყურებ ცარიელ სივრცეს. ეს სიჩუმე ისეთი ძვირფასია ჩემთვის - თეატრის ხმაური. შემიძლია ვთქვა, რომ მარჯანიშვილის თეატრი ჩემთვის მეორე სახლია. 20 წელზე მეტია, აქ ვმუშაობ, 2003 წლიდან, თუმცა ჩემი ცხოვრება ამ თეატრს ბევრად ადრე დაუკავშირდა. ჩემი პირველი სპექტაკლი იყო მედეა კუჭუხიძის "ლურჯი ურჩხული". მაშინ 3-4 წლის ვიყავი და ვფიქრობ ხოლმე, რომ პირველად მაშინ მოვიწამლე თეატრით.
პირველ კლასში ვიყავი, როცა მოზარდმაყურებელთა თეატრში წაგვიყვანეს "წითელქუდაზე". წითელქუდას როლის შემსრულებელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, თეატრალური სტუდია მაქვს და მინდა, შენნაირი გოგო ავიყვანოო; უთხარი დედაშენს, რომ მოგიყვანოსო. წამიყვანა დედამ და ასე დაიწყო ჩემი თეატრალური ცხოვრება" - იხსენებს ყველასთვის საყვარელი მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე რადიო "ფორტუნასთან" ინტერვიუში.
"განსაკუთრებული ემოცია, რაც თეატრს უკავშირდება, არის ყოველი პრემიერის შემდეგ სცენაზე გამოსვლა და იმ ადამიანების ყურება, რომლებიც ტაშს გვიკრავენ. სულ ვფიქრობ ხოლმე, ღმერთო, რა ბედნიერებაა, ნეტავ, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ ამ ტაშის მოსმენას?!"
"ჩემი თინეიჯერობის ოცნება იყო ბალერინობა, მაგრამ 13-14 წლის ასაკში უკვე აღმოჩნდა დაგვიანებული და ეს ძალიან განვიცადე. ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომ ჟურნალისტი გამოვსულიყავი, რადგან მქონდა ამის გამოცდილებაც, მაგრამ რაც თავად გინდა გულით, ის უნდა აკეთო".
"მე და გოშა ერთმანეთს ვიცნობთ და ვუძლებთ 1997 წლიდან. თამამად ვიტყვი - ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. მისი პირველი სპექტაკლი ჩემი პირველი სპექტაკლიც აღმოჩნდა და ეს იყო სემუელ ბეკეტის "ბედნიერი დღეები". როცა გაჩნდა ამ თეატრის შექმნის იდეა, რითაც უნდა გახსნილიყო ეს სივრცე, რა თქმა უნდა, იყო ისევ "ბედნიერი დღეები". სწორედ ამ სპექტაკლით წავედით ლევილში და ქართველ ემიგრანტებს ვაჩვენეთ ჩვენი შემოქმედება".
"ჩემი ცოლის დაქალებმა", მგონია, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. არ მიკვირს, რომ სერიალის შემდეგ უფრო ცნობილი გავხდი. პერსონაჟი არ მგავს და არც მინდა, მგავდეს, მხოლოდ ის მომწონს, რომ არის ძალიან მეგობრული და გახსნილი, არ ეშინია ახალი ურთიერთობების, ჩემგან განსხვავებით. სწორედ ამიტომ მოსწონს ალბათ მაყურებელსაც".
"მე და მამა ვითვალისწინებთ ერთმანეთის რჩევებს, ისიც ხელოვანია. ახლა აღარ დადის სპექტაკლებზე, ასაკშია, მაგრამ როცა დადიოდა, სულ მიზიარებდა აზრს. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა.
სამწუხაროდ, დედა ამ ქვეყნიდან მოულოდნელად წავიდა და ყველას გული გვატკინა. ძალიან ძნელია, ამ ყველაფრის შემდეგ ცხოვრება გააგრძელო, მაგრამ რას იზამ? ვერაფერს შეცვლი.
ჩემი და და ჩემი დისშვილები არიან ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილები, რადგან მე ჯერ ჩემი საკუთარი ოჯახი არ მაქვს. უფროსი დისშვილი არის ჩემი საუკეთესო მეგობარი, ძალიან ვუგებთ ერთმანეთს, 5 წლის არის".
"ჩემი ჰობი არის ფოტოგრაფია და ფერწერა, ხატვა სულ მიყვარდა და სულ მინდოდა, მხატვარი ვყოფილიყავი. სტუდენტობის პერიოდში დავიწყე ლექსების წერა, ვერასდროს გავბედე გამოქვეყნება და ცოტა ხნის წინ რომ გადავხედე, აზრი შევიცვალე. დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესღაც გავბედავ, ლექსების კრებული გამოვცე.
კულინარია მიყვარს ძალიან. მეგობრები მეუბნებიან, რომ კარგი ხელი მაქვს და გემრიელად ვამზადებ. განსაკუთრებით მიყვარს დესერტების მომზადება".