ნინის ჯერ კიდევ ეძინა, როდესაც დილის 7 საათზე ვიღაცამ კარზე ზარის რეკვა ატეხა. ნინი დაფეთებული წამოხტა. კარგი რა უნდა ეფიქრა, ასეთ დროს კარგი საქმისთვის ვინ შეაწუხებდა?..
ხალათის მოსაცმელად დრო აღარ დაკარგა და პერანგიანი გავარდა კარის გასაღებად.
მოულოდნელობისაგან ადგილზე გაქვავდა. ზღურბლთან მისი ყოფილი ქმარი იდგა. თეთრი პერანგი ყელთან გაღეღილი ჰქონდა, ბაფთა გვერდზე მოქცეული და ჩამოშლილი, სმოკინგი გაეხადა და მკლავზე ჰქონდა გადაკიდებული.
მთავარი მისი სახის გამომეტყველება იყო. თმა აჩეჩილი ჰქონდა, თვალები მორღვეული და ჩაწითლებული. სასმლის სუნიც ასდიოდა. როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი დალია.
- რა ხდება? აქ რა გინდა?.. ქორწილის პირველი ღამე არ უნდა გქონდეს ახლაა?
- ეგ შენ მითხარი!
- მე რა გითხრა?
- პირველ რიგში, შემოდი, ნიკაო...
- კაი, შემოდი, მაგრამ... ნუ ხოო... ჯანდაბას, - შემოდი, შემოდი!
ნიკა ბარბაცით წავიდა მისაღები ოთახისკენ და დივანზე დაეგდო.
- აუუ, თავი მისკდება!
- რა ხდება, გამაგებინე!
- გოგო, შუბლზე მაწერია, რომ დებილი ვარ?
- ნიკაა, დილის 7 საათზე იმისთვის დამადექი, რომ გეკითხა, შუბლზე რა გაწერიაა?
- შენ როდიდან შეგიყვარდა შავი იუმორი, ჯერ ეს მითხარი?
- შენ მთვრალი ხარ!
- გეკითხები! ასეთი კრეატიული ჩემთან დაშორების მერე გახდი? თუ ბებიაშენის კვალზე წახვედი? გოგოო, შენს ხმას მოხარშულს ვიცნობ! შემწვარს, მოხრაკულს, ჩაშუშულს და პილპილმოყრილს კიდე...
- და რა გინდა ჩემი ხმისგან?
- ის მშვენიერი სიურპრიზი რომ გაგვიკეთე და ვიდეო გააშვებინე, სადაც ჩემი ცოლი ვიღაც ნაბიჭვართან ერთად საბილიარდოში ერთობა და შესავალში რო დაურთე, თუ რა მშვენიერია ქორწინება, შენ ერთი წამით მაინც დაუშვი, რომ ხმაზე ვერ გიცნობდი?
ნინი გაშრა. უცებ გადახარშა ყველაფერი. მაშინვე მიხვდა, რაც გააკეთა ტრიქსტერმა... თავის მდგომარეობასაც მიხვდა... საქმე იმაშია, რომ სიმართლეს ვერ გაამხელს. ჯერ ერთი, არ დაუჯერებენ, მეორეც, უფლება არ აქვს, რომ ვინმესთან წამოსცდეს რამე თამაშზე... - წესი ნომერი ორი...
ნინი სავარძელზე დაეშვა და სახე ხელებში ჩარგო. ჯერ სათანადოდ გამოფხიზლებული არც იყო, რომ აზრები დაელაგებინა წესიერად და თავი გაემართლებინა დამაჯერებლად.
- არ ვიცოდი, თუ ასე გიყვარდი!
- არ მიყვარხარ!
- აბა, გძულვარ?
- არც მძულხარ... რატომ უნდა მძულდე?..
- აბა?
- არაფერი არ არ...
- რატო ჩაშალე ქორწილი? იცი, რა დამიჯდა ყველაფერიი?..
- ნიკა, არ ვიცოდი, რომ ეგ გოგო შენი საცოლე იყო... საიდან უნდა მცოდნოდა? არასოდეს მინახავს...
- კაი რაა... რად გინდა ახლა ეგ "რიჟა ბაზარი"... ვასკა მყავდა წაყვანილი მეჯვარედ და დამირეკა. - მეგის დაურეკავს მისთვის და უთქვამს, რომ ვიღაც შავგვრემანმა გოგომ ლამაზად შეფუთული ყუთი მიუტანა სახლში...
ნინის ტვინში სისხლი მოაწვა.
- ყუთი?.. შიგ რა იდო?
- ბუს კვერცხები!
- ნუ მეღადავები, მართლა?
- გოგო, ღადაობის თავი მაქ ახლა, ტოო? შემომხედე ერთი... ბუს კვერცხები იდო ყუთში... სად გაჩითე, გაფიცებ?
- მე... არსად...
- გოგოს აღწერილობა ერთი-ერთში ემთხვევა შენსას. იმ ვიდეოს მერეც, ლოგიკურია, რომ ასე დაგეგვირგვინებინა, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რაში დაგჭირდა ამის გაკეთება! ალბათ, გიყვარვარ... შეიძლება შენ ვერც აცნობიერებდე...
- კაი რა, ნიკოლოზ... რა სისულელეებს მელაპარაკები... აგიხსნიდი ყველაფერს, მაგრამ მაინც არ დაიჯერებ...
-კაი, არ გინდა! რაც იყო, იყო... ახლა ხო საშინელებაა, მაგრამ რო დაუფიქრდე, მამენტ კაი საქმე გამიკეთე... მარა, ადრე ვერ მანახე ეგ ვიდეო? ამდენი ფული გავისროლე, ტოო...
- ამ წუთამდე არ ვიცოდი, როგორი იყო ეგ გოგო. ვიღაცამ გააჩალიჩა ეგ ყველაფერი!
- ვინ, ტოო?
- რა ვიცი, აბაა...
- იმ ტიპის ცოლმა ხო არა?.. ერთი უნდა გავიგო, ვინ არის...
- კაი, შეეშვი... ჯობია, რომ მეგის დაელაპარაკო... რა იცი, იქნებ გაუგებრობაა რამე...
- რა გაუგებრობა, ჩემი თვალით ვნახე-მეთქი... ისე, რანაირად გადაუღე ასე ახლოდან, ჰა?
- მე არ გადამიღია-მეთქი, - ჰკითხე მეგის, იქ ვიყავი თუ არა... იქნებ გაიხსენოს კიდეც, მათ სიახლოვეს ვინ იყო...
- აუ, ახლა მაგის დანახვა არ მინდა, იმენა რაა...
- მოდი, ყავას გავაკეთებ! მეც გათიშული ვარ... რა მაგარი დილა გამითენდაა... ყოფილი ქმარი თავის მეორე ქორწილის ღამეს ჩემს დივანზეა გათხლეშილი...
- ეგ არაფერია იმასთან, რომ ჩემმა ყოფილმა ცოლმა, ჩემს ახალ ცოლს, ქორწილის ღამეს ბუს კვერცხები მიართვა!
ნიკას უცებ არანორმალური სიცილი აუტყდა. თავი ვერც ნინიმ შეიკავა. ეს იყო ისტერიკული სიცილი...
ყავა დალიეს და ნიკას ნინის დივანზე დაეძინა. ნინიმ კომპიუტერი ჩართო და ტრიქსტერს მისწერა:
- ინტრიგანო!
- რაო, შავგვრემანო?
- ახლა ჩემი მისაღები ოთახის დივანზე ჩემს ყოფილ ქმარს სძინავს...
- მერე?
- მადლობა!
- არაფრის
- ვინ ხარ? სად გნახო? ახლავე მითხარი!!!
-
- ეს რამ მოგაფიქრებინა?.. რა გამაკეთებინე?
- სიგიჟეების ჩადენაზე შენ ოცნებობდი, მე მხოლოდ დაგეხმარე... ცოტა
- შემხვდი!
- უნდა გამოიცნო, სად ვარ... ორ ვარიანტს გეტყვი, ერთ-ერთი ლოკაცია იქნება სწორი...
- რას მეთამაშები, მითხარი პირდაპირ...
ნინიმ გააცნობიერა, რაც მისწერა და გაეცინა.
- კაი, ვითამაშოთ! თუ ესაა მხოლოდ ერთადერთი გზა, შენი ნახვის... გამოუშვი ვარიანტები!
- ორი გვირაბია. ერთი უბრალოდ ბნელი... ფარანი ხელში გიჭირავს. - მეორე გვირაბი
განათებულია, ოღონდ საეჭვოდ...
- ეგ რას ნიშნავს?
- იქაური აურა და სინათლის ინტენსივობა გიტოვებს შეგრძნებას, რომ რაღაც საფრთხე გელის...
- და შენ ამ ორიდან ერთ-ერთში ხარ?
- კი
- საეჭვო! შენ სხვაგან რა გინდა...
- დარწმუნებული ხარ?
- კი...
- ნახევარ საათში მძღოლი მოგაკითხავს! კოდურ სიტყვას ეტყვი და ის მიგიყვანს დანიშნულების ადგილამდე. გვირაბში მარტო შეხვალ!
- კაი...
ნახევარ საათში ნინი უკვე მანქანაში ჯდებოდა. გზაში მძღოლთან გამოლაპარაკება სცადა, მაგრამ ამაოდ... დამუნჯებული იჯდა და მანქანა მიჰყავდა სადღაც...
მინდორში გადაუხვიეს და შენობის ნანგრევებთან მივიდნენ. ბიჭმა ლუქი მოძებნა, ბოქლომი მოხსნა და გააღო.
- ბოქლომი მე მომეცი! - უთხრა ნინიმ.
- რისთვის?
- იმისთვის, რომ გარედან არ ჩამკეტო!
- კაი... აჰაა! - ბიჭმა წინააღმდეგობა აღარ გაუწია და ბოქლომი გაუწოდა. ნინიმ ბოქლომი ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო და კიბეებზე დაეშვა.
დერეფანს ფრთხილად მიუყვებოდა და ყველა კარს სათითაოდ სინჯავდა. მხოლოდ ოთხი მათგანი იყო ღია. მესამე ოთახში რკინის მაგიდა იდგა, რომელზეც ვერცხლის მედალიონი იდო - თვალის ფორმის სიმბოლო, რომელსაც ცენტრში ჩაღრმავება ჰქონდა.
ნინიმ მედალიონი ჯიბეში ჩაიდო და კედელზე დახატულ სიმბოლოს მოჰკრა თვალი... თვალში ჩასმული ხელი და იმ ხელში კიდევ პატარა თვალი...
რომ გამობრუნდა, ფეხი რაღაცას დაადგა... ძირს სურათი ეგდო. ნინი დაიხარა და ფოტო ხელში აიღო. სურათზე ახალგაზრდა გოგო და ბიჭი იყვნენ, როგორც ჩანს, ცოლ-ქმარი და შუაში მათი შვილი... გოგო ლამაზი იყო, - ქერა. ნინი ბიჭს დააკვირდა და ვიდეოში ნანახი ტიპი ამოიცნო, რომელიც ნიკას ახალ ცოლს ეკურკურებოდა.
ფოტოს უკანა მხარეს ეწერა: - "ბორჯომი, 14/07/2011. - მე, საბა და ლუკა"...
ნინიმ სურათი ჯინსის უკანა ჯიბეში ჩაიდო და ბოლო, მეოთხე ოთახისკენ დაიძრა. თან ფიქრობდა, რომ სურათი ტრიქსტერმა დაუტოვა, მაგრამ რისთვის?..
მეოთხე ოთახში ფურცელი იპოვა. ზედ უცნაური სიმბოლოები იყო გამოსახული.
კედელზე ეწერა: "თუ ამ ნაწერს კითხულობ, ესე იგი, არ შეგეშინდა და ბოლომდე მოხვედი, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ მედალიონი და მანუსკრიპტი იპოვე!"
Trickster