მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
განცხადება შეწყალების თხოვნის შესახებ:
ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ რა თხოვნით, მოგახსენებთ, რომ გასამართლებული ვარ ს.ს. კოდექსის 104-ე მუხლით (ახალი რედაქცია - 109), იმ დანაშულისთვის, რომელიც მე არ ჩამიდენია. დაკავებული ვარ 1995 წლის 29 დეკემბერს და დღემდე სასჯელს ვიხდი. საერთოდ, ბოლო დროს დამკვიდრებული მოსაზრების შესაბამისად, შეწყალებას ითხოვს ის პატიმარი, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ მე ე.წ. "სამართალდამცავების" უსამართლობის მსხვერპლი ვარ. 1996 წელს, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყავით, მოგმართეთ თხოვნით და თქვენ ძალზე გულისხმიერად მოეკიდეთ ჩემს განცხადებას. დაავალეთ გენერალურ პროკურორს, ჩემს საქმეზე დანიშნულიყო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და დაეკითხათ ალიბის მოწმეები, რაც საშუალებას მოგვცემდა, უამრავ კითხვაზე გაცემულიყო პასუხი. აღნიშნულ წერილზე მხოლოდ 2002 წელს (6 წლის შემდეგ) მიპასუხეს. პასუხი თავდაპირველად, დადებითი იყო და ბატონმა გია მეფარიშვილმა მაშინ ჩემს საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. შემდეგ კვლავ ამუშავდა კლანური, მაფიოზური მანქანა და გენერალურ პროკურორს გადაათქმევინეს მისივე წინამორბედის გადაწყვეტილება. ძიება შეწყდა.
კერესელიძე, ჟღენტი, წერეთელი, ჯიმი ყიფიანი, ნუგზარ გაბრიჩიძე, როლანდ გილიგაშვილი - აი, იმ თანამდებობის პირთა სია, ვის პირად ინტერესებსაც შეეწირა ჩემი ახალგაზრდობა, ოჯახი, მამაშვილური სიყვარული. მხოლოდ მოხუცი დედაღა შემომრჩა გულშემატკივრად და მე, ყველასგან მივიწყებული პატიმარი, ველი სამართლის აღსრულებას. ცხადია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებს ვერანაირად ვერ გავუწევდი წინააღმდეგობას.
გაცნობებთ, რომ ჩემი საქმე დაკავების მომენტიდან წარიმართა პროცესუალური დარღვევებით. ჩემი აღიარებითი ჩვენება მიიღეს წამების საფუძველზე, რომელსაც ახორციელებდნენ მცხეთა-მთიანეთის მაშინდელი სამხარეო პროკურორის მოადგილის, ჭინჭარაულის დამქაშები. წამებაში მონაწილე პოლიციელები დაისაჯნენ შ.ს. მინისტრის ბრძანებით. გამოძიებამ და სასამართლომ ყურად არ იღეს მაშინდელი სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ჩვენება, მკვლელობის დღეს ჩემი სამსახურში ყოფნის შესახებ, 25 ალიბის მოწმის (ჩემთვის სრულიად უცხო ხალხის) დაკითხვისას მიღებული ახსნა-განმარტებები და ძიების მთავარი მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი და აშკარად ყალბი მონაჩმახი საფუძვლად დაედო ძველი ხელისუფლების ზეწოლით გამოტანილ განაჩენს. ამ განაჩენმა 15 წლით თავისუფლება წამართვა 22 წლის, სრულიად უდანაშაულო ბიჭს და 2 შვილის მამას.
ერთი წუთითაც კი არ შემიწყვეტია ბრძოლა სიმართლის დასადგენად. წლიდან წლამდე ველოდი დადგენილებებს, ძიების შედეგებს და ვინ მოთვლის, რამდენი ინსტანციიდან პასუხებს ჩემს განცხადებებზე. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ჩემ სასარგებლოდ მეტყველებდა, მაგრამ სამართალი ჯერჯერობით ვერ ვიპოვე.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემი ეჭვები, რომ წინასწარ განწირული ვიყავი, სრულიად დადასტურდა. ეს ძალზე მძიმედ გადავიტანე. გამომძიებელი, რომელიც აწარმოებდა ძიებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (2002 წელს), დღეს ჩემნაირი პატიმარია. აქედან გამომდინარე, მომეცა მასთან გულახდილი საუბრის საშუალება. მან თითქოს აღსარება ჩამაბარა. "აღიარა", თუ როგორ შევიდა შუამდგომლობით, საგამოძიებო ვადის გასაგრძელებლად გენერალურ პროკურატურაში და იქ გამართულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ - თ. მახარაძე, ჟღენტი, ვ. ბენიძე, ნუგზარ ჭინჭარაული, შ. გოგოლიძე, საბაური, კერესელიძე, როგორ გადაწყდა ჩემს თავს დატრიალებული უბედურების გაგრძელების საკითხი. მისთვის ნახევრად ხუმრობით უთქვამთ - საქართველოს ბიუჯეტის ნახევარი არ ეყოფა იმ კომპენსაციას, რაც უდანაშაულო ჩუთლაშვილს უნდა გადავუხადოთო. თან გააჩუმეს: შენ არავინ გეკითხება ძიების გაგრძელებასო. რევოლუციის შემდეგ დანიშნულ გენერალურ პროკურორს, ი. ოქრუაშვილს გადაათქმევინეს საქმის ხელახალი წარმოება, რასაც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ითვალისწინებდა. ეს გამოიწვევდა ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას, რასაც უპირობო გათავისუფლება მოჰყვებოდა. ცნობილი გახდა ისიც, თუ როგორ ცდილობდა ნ. ჭინჭარაული, ძველი კავშირების გამოყენებით ზეგავლენა მოეხდინა ძიების პროცესზე და ცდილობდა, რომ არ დაკითხულიყვნენ ალიბის მოწმეები. მაღალჩინოსანი თ. მახარაძე ურეკავდა გამომძიებელს როლანდ გილიგაშვილის დავალებით და მბრძანებლური ტონით სთხოვდა გილიგაშვილის მიერ დამტკიცებული საბრალდებო დასკვნის ძალაში დატოვებას. ეს ყოველივე მცირედი ნაწილია იმ უამრავი სამხილისა, რომელიც ჩემ სასარგებლოდ მეტყველებს სისხლის სამართლისა თუ უსამართლობის საქმეში.
ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩემი საქმე, როგორც იტყვიან, თეთრი ძაფით არის ნაკერი. არავითარი კომპენსაცია არ მინდა, მხოლოდ სიმართლის დადგენას ვითხოვ, რაც ოჯახში დაბრუნების საშუალებას მომცემს.
2005 წელს დედაჩემმა გენერალური პროკურატურიდან სახლში მიიღო უწყება და იქ მისულს გენპროკურორის მოადგილე, ჯანაშია შეეგება: - ქალბატონო, ჩვენ ყველაფერი ვიცით და თუ ზაზა პრეზიდენტის სახელზე შეწყალებას დაწერს, მე თვითონ ვუშუამდგომლებ. იქნებ ამ გზით მაინც მოახერხოს შინ დაბრუნებაო. - სამწუხაროდ, ის მალე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და დაპირება დაპირებად დარჩა. 2006 წელს კი მივიღე საბოლოო უარი ძიების განახლებაზე.
12 წელია, ჩემი შვილები მამის გარეშე იზრდებიან. მხოლოდ გისოსებიდან ვხედავდი, როგორ აიდგეს ფეხი და ისწავლეს ლაპარაკი. მერე მოკლევადიან პაემნებზე ვხვდებოდი და ძლივს ვასწრებდი მათ მოსიყვარულებას. 2002 წელს კი მეორე, ჩემ დაკავებაზე არანაკლები ტრაგედია დატრიალდა ჩემს თავს. ვინაიდან ჩემმა პატიმრობამ ოჯახს დამაშორა, მეუღლემ მარტოობას ვერ გაუძლო და გათხოვდა. არც კი ვიცი, რომელი უფრო დიდი ტკივილი იყო ჩემთვის - უდანაშაულოდ თავისუფლების აღკვეთა თუ ოჯახის დანგრევა. მხოლოდ დედამ და შვილებმა არ მიმატოვეს. მათ დღემდე აქვთ იმედი, რომ ყველაფერი გაირკვევა და ერთად ვიქნებით. ეს "მალე" კი წლებია, გრძელდება. ჩემი შვილები უკვე 12-13 წლისანი არიან და ძალიან ვდარდობ, რომ მათ ჩემი ყურადღება აკლიათ. მათ გვერდით მამა სჭირდებათ. სკოლებში დღეს ძალზე გაურკვეველი სიტუაციაა და მეშინია, გზას არ ასცდნენ. მე ჩემს თავს აღარ ვჩივი, შვილების მომავალი მაღელვებს. თუ აქამდე მცირეწლოვნები იყვნენ და უმამობას მძაფრად ვერ აღიქვამდნენ, ახლა უკვე დიდები არიან და ძალიან განიცდიან მომხდარს. ჩემ გათავისუფლებამდე დღეებს ითვლიან. კალენდრებს აგროვებენ და ყოველი კვირის გასვლის შემდეგ მას გადახაზავენ ხოლმე.
როდესაც თქვენ იუსტიციის მინისტრი იყავით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემნები გახანგრძლივდა, რაც ერთგვარი შვება იყო ჩემთვის. უფრო ხშირად და ხანგრძლივად ვახერხებდი ოჯახთან შეხვედრას. ახლა კი მხოლოდ თვეში ერთხელ ვხვდები მათ, ისიც 1 საათით. ეს კი არ არის საკმარისი იმ სითბოს გამოსახატავად, რასაც მე ვგრძნობ. თუმცა, ჩემი ბედი ალბათ ეს არის და განსაცდელს უნდა გავუძლო. ღვთის წყალობით ჯანმრთელობა ჯერჯერობით ხელს მიწყობს და ეკლესიაში ლოცვასაც ვახერხებ, სულის სიმშვიდისთვის. შვილები დღემდე თვალცრემლიანები მხვდებიან. რატომ? მე ხომ დანაშაული არ ჩამიდენია?
პატიმრობის 12 წლის მანძილზე 1 დარღვევაც არ მქონია. სამეურნეო მომსახურებაში ყოფნის დროს დავიმსახურე 9 მადლობა. სასჯელი¾ 2007 წლის მარტში მოვიხადე. ახლა ველი პირობით ვადამდე გათავისუფლებას. თუმცა, თავისუფლებაზე დაბრუნების ეს კანონიერი საშუალება ჩემთვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. არადა, კანონი მაძლევს იმის საშუალებას, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის სასამართლოს წინაშე წარვდგე. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დადებითად ვხასიათდები. ყველას, ციხისა თუ საპყრობილის თანამშრომელს ჩემი უდანაშაულობის სჯერა და მეგობრული თვალით მიყურებენ. სიტყვიერად მამხნევებენ და განსაცდელის გადატანაში მეხმარებიან, მაგრამ ჩემთვის შვება მხოლოდ ოჯახში დაბრუნებაა.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველი რეჟიმის დროს არცთუ იშვიათად იხდიდნენ სასჯელს უდანაშაულო ადამიანები. ასევე თქვენი მეოხებით ბევრი მათგანი გათავისუფლდა და რეაბილიტირებულია. მართალია, ჩემი საქმე არ გახლავთ პოლიტიკური ხასიათის, მაგრამ გარწმუნებთ, თუ ნებისმიერი იურისტი საქმეში ჩაიხედავს და გულდასმით შეისწავლის ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილ ბრალდებებს, ჩემ უდანაშაულობაში დარწმუნდება. იქ ნახავს უამრავ კითხვას, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია. ახლა, თქვენი პრეზიდენტობის დროს, როგორც იქნა, საქართველო დაადგა ევროპული ცივილიზაცისკენ მიმავალ გზას. თქვენი ახალგაზრდული ენერგია იძლევა იმის საშუალებას, რომ 24 საათის განმავლობაში ქვეყნის სისხლხორცეული ინტერესებისთვის იზრუნოთ სხვადასხვა სფეროში. ყველა გრძნობს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები თქვენთვის პრიორიტეტულია. ბატონო მიხეილ, მე მართლაც არ ვარ რიგითი დამნაშავე. ჩემს შემთხვევაში სამართალდამცავი სისტემის იმ ხარვეზთან გვაქვს საქმე, როდესაც შეიძლება, რომ უდანაშაულო ადამიანი სასჯელს იხდიდეს. ანალოგიური შემთხვევები შესაძლოა, დემოკრატიის პიკზე მყოფი ქვეყნებისთვისაც არ არის უცხო. თუმცა, სამართლიანობის აღდგენის იმედი ყოველთვის არსებობს.
ვიცი, რომ ძალზე მოუცლელი ხართ. გთხოვთ, გამოძებნოთ რამდენიმე წუთი და დაინტერესდეთ ჩემი, როგორც უბრალო ადამიანის და მოქალაქის მდგომარეობით. მე ხომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, რომლის პრეზიდენტიც თქვენ ხართ. მე არ გთხოვთ არარეალურს. არ გთხოვთ უკანონო გამართლებას ან ისეთი სახის სამართლებრივი ქმედების განხორციელებას, რაც თქვენს კომპეტენციაში არ შედის. გთხოვთ მხოლოდ შეწყალებას და გათავისუფლებას.
ბატონო პრეზიდენტო!
ბატონო მიხეილ!
გთხოვთ გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოაღნიშნული და გამოიყენოთ თქვენთვის კონსტიტუციით, კანონითა და ღვთისგან ბოძებული შეწყალების უფლება. გამათავისუფლეთ სასჯელის მოუხდელი ნაწილისგან, რითაც სამართლიანობას აღადგენთ და საშუალებას მომცემთ, დავუბრუნდე ოჯახს, მონაწილეობა მივიღო შვილების აღზრდაში და მოხუცმა მშობლებმა მშვიდად განაგრძო ცხოვრება.
გამოჩენილი გულისხმიერებისთვის წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით, ზაზა ჩუთლაშვილი.
25.05.2007.
ახლა კი - ამბის გაგრძელება
რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემს საქმეში ახალი ადვოკატი ჩაერთო, რომელიც ერთ-ერთი მოკლულის მოგვარე იყო. ის თავისი სურვილით დაუკავშირდა ნანას და საქმე შეისწავლა. 1999 წლის დასაწყისში პარლამენტმა ცვლილება შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რამაც საშუალება მომცა, განაჩენი გამესაჩივრებინა და საქმის ხელახალი ძიება მომეთხოვა, ახალაღმოჩენილ გარემოებათა გამო. კოტე ხშირად მოდიოდა, ყველაფერს დაწვრილებით მეკითხებოდა, ალიბის მოწმეები ხელახლა დაჰკითხა. ამის შემდეგ შეიტანა საჩივარი პროკურატურაში. ამასობაში 4 წელი გავიდა და საპყრობილეში ყოფნის ვადა მიიწურა. პატიმრები ამბოდნენ, რომ XXI საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ამნისტია გამოსულიყო. მაშინ იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. ერთხელ ალიაქოთი ატყდა, მინისტრი მოდისო. ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა, რომ ყველაფერი დაწვრილებით მომეყოლა, მაგრამ მასთან არ მიმიშვეს.
ვიდრე "კრიტიდან" კოლონიაში გადამიყვანდნენ, რამდენიმე დღით ადრე ჩვენი საკნის კარი გაიღო და ციხის ზედამხედველი რამდენიმე ადამიანს საკანში შემოუძღვა. უცნობი ადამიანები გვაკვირდებოდნენ. მათ შორის რამდენიმე ქალი იყო. ზოგიერთმა ჩვენთან გასაუბრება მოინდომა. ამ დროს ერთი ქალი უეცრად ჩაიკეცა და იატაკზე მოადინა ბრაგვანი. გულწასული ძლივს მოვასულიერეთ და "ნარზე" დავსვით. ფერი მთლად დაჰკარგოდა და ძლივს სუნთქავდა. ცოტა ხანში ციხის ექიმიც შემოვარდა ქოშინით - ჰაერი არ მყოფნისო, ძლივს ამოილუღლუღა ქალმა. სასწრაფოდ გარეთ გაიყვანეს. მას დანარჩენებიც მიჰყვნენ. ცოტა ხნის შემდგე, მორიგეს დავუძახეთ. "კარმუშკიდან" შეგვეხმიანა.
- ვინ იყვნენ? - ჰკითხა ერთ-ერთმა პატიმარმა.
- მიშა სააკაშვილის დავალებით მოსამართლეები "ჩორნი ვორონში" ჩასხეს და აქ მოიყვანეს, რომ ენახათ, როგორი პირობებისთვის სწირავენ პატიმრებს. მიხვდნენ, რა გაუსაძლისი პირობებია აქ და მაქსიმუმს რომ უსჯიან პატიმრებს, ცოტა ჰუმანური განაჩენი რომ გამოიტანონ - აგვიხსნა მორიგემ.
- ვაა, უყურე შენ! - გაიკვირვა ერთმა. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ იუსტიციის მინისტრი მოსამართლეებისგან ითხოვდეს, ჰუმანურები იყავით და სასჯელის მაქსიმუმი არ გამოიტანოთო. მაშ, გამოდის, თუ რაიმე დანაშაულისთვის 2-დან 7 წლამდე პატიმრობა გემუქრება, მოსამართლემ 2 წელი უნდა გამოიტანოს... ეს რაღაც სიახლეა, არა? - მომიბრუნდა, მე მხრები ავიჩეჩე.
რამდენიმე დღის შემდეგ "კრიტიდან" ციხეზე, სამეურნეო სამსახურში გადამიყვანეს. ეს გამიხარდა კიდეც, რადგან ჩვენი, ყოფილი სამართალდამცველების ზონა მაშინ ხობში იყო და იქ დედას და ნინოს ისე ხშირად ვეღარ ვნახავდი. თუმცა, ნინო ამ ბოლო დროს ისე ხშირად ვეღარ მოდიოდა. თავიდან კვირაში ერთხელ აუცილებლად მოდიოდა, მერე 2 კვირაში ერთხელ, მერე – თვეში ერთხელ თუ მოახერხებდა შემოვლას. ახლა კი უფრო იშვიათად მნახულობდა. ამის გამო უკმაყოფილებას გამოვთქვამდი, რა თქმა უნდა, მაგრამ მიზეზი ის იყო, რომ ბავშვები წამოიზარდნენ, ბევრი საქმე ჰქონდა და ვეღარ ახერხებდა ძველებურად ხშირად მოსვლას. გულში ძალიან ვბრაზობდი, მაგრამ ხმამაღლა ნინოს არაფერს ვეუბნებოდი, მისთვის გულის ტკენას ვერიდებოდი.
ერთხელ დილით წერილი გადმომცეს და თან მითხრეს, პასუხს ელიანო. მეგონა, დედაჩემის გამოგზავნილი იყო, მაგრამ შევცდი. ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი, თუნდაც ნახევარი საათით. პასუხი მივწერე და პაემანი მეორე დღეს დავუნიშნე.
სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ვღელავდი. უკვე დიდი ხანი იყო, ირინა არ მენახა - რაც დავქორწინდი, მას მერე. გამახსენდა ის დრო, როდესაც შეყვარებულები ვიყავით. ძალიან ლამაზი ურთიერთობა გვქონდა. ძალიანაც რომ მომეწადინებინა, ერთ შემთხვევასაც ვერ გავიხსენებდი, რომ მას ჩემთვის გული ეტკინოს. დილიდანვე დავიწყე შეხვედრისთვის მზადება. პირი გავიპარსე, ტანისამოსი საგანგებოდ შევარჩიე და ოთახში მოუსვენრად სიარული დავიწყე. როგორც იქნა, მორიგემ დაიძახა, ჩუთლაშვილო, პაემანზე გეძახიანო. პაემნებისთვის საკმაოდ მოზრდილი ოთახია გამოყოფილი, სადაც მაგიდები და სკამები დგას. იქ ყველა პატიმარი და მნახველი ერთად იყრის თავს. მისხდებიან კუთხეში და საუბრობენ. ოთახში რომ შევედი, კუთხეში მჯდარი ირინა მაშინვე დავინახე. გულში რაღაცნაირად, სითბო ჩამეღვარა. დამინახა თუ არა, წამოდგა და ერთმანეთს გადავეხვიეთ.
- ზაზა, როგორ მომენატრე, ბიჭო - ჩამჩურჩულა და მისმა ცხელმა სუნთქვამ დენივით დამიარა ტანში.
გაგრძელება იქნება
ავტორი: მარი ჯაფარიძე