2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ნაწილმა დაარღვია საქართველოს სუვერენული საზღვარი და საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის ფედერაციამ ქართულ მხარეს წაუყენა ცრუ და პროპაგანდისტული ბრალდებები „გენოციდსა“ და „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაში“, რის შემდეგაც დაიწყო სრულმასშტაბიანი თავდასხმა საქართველოზე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების გამოყენებით.
2008 წლის აგვისტოს ომს არაერთი გმირი ჰყავს, რომლებმაც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს ქვეყნის ერთიანობისა და მშვიდობის დასაცავად. ერთ-ერთი მათგანი კი გიორგი ანწუხელიძეა.
გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს დაიბადა ქვემო ალვანში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. 1999 წელს დაამთავრა სოფ. ქვემო ალვანის საშუალო სკოლა. 2003-2004 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში. 2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის პირველ აგვისტომდე მსახურობდა II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე იმყოფებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყის რესპუბლიკაში. ერაყიდან დაბრუნებულს, ჯანრმთელობის გაუარესების გამო, სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა. 2008 წლის 17 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა და IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული.
„...ვიდეოში ჩანს, რომ ისინი რიგრიგობით ძლიერად ახტებიან ზურგზე გიორგი ანწუხელიძეს და აიძულებენ მიწას აკოცოს. აგინებენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებიან. პირიდან სისხლი მოსდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ. როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, ძირითადად ოსი და ასევე რუსი სამხედროები არიან. ადამიანი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს გიორგი ანწუხელიძის დაკითხვას, ოსური აქცენტით ქართულ ენაზე ლაპარაკობს, პერიოდულად ისმის მისი ოსურად ლაპარაკიც. იქვე არიან სხვა სამხედროფორმიანი პირებიც; სავარაუდოდ, მათ შორის, არიან ოსი არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებიც. სამხედროფორმიანი პირების სახეები არ ჩანს. მხოლოდ ერთი ადამიანის სახე ჩანს და ის მეორე ვიდეოშიც არის. ერთ-ერთ მომენტში ისმის რუსი სამხედროს სიტყვები, სუფთა რუსულით საუბრობს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის ეროვნებით რუსია. ასევე, მეორე ვიდეოშიც ჩანს, რომ მას სასტიკად სცემენ. გიორგის გარს ბევრი ხალხი ახვევია, ისინი მხოლოდ ოსურად ლაპარაკობენ, გიორგი მიმწყვდეული ჰყავთ ღობესთან და ფეხებით ძლიერად ურტყამენ...“ („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე).
2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა, უკრაინულმა ძალებმა მოკლეს.
გიორგი ანწუხელიძეს მშობლები, ცოლი და ორი შვილი დარჩა. როგორც გმირის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე იხსენებდა, მშობლებმა შვილის ტრაგედიას ვერ გაუძლეს და მალევე გარდაიცვალნენ. თავად კი გიორგი ანწუხელიძის წამების კადრების საყურებლად ძალა დღემდე ვერ იპოვა:
"მისი წასვლის დღე 6 აგვისტო იყო. მე სოფელში წავედი და გიორგი თბილისში დარჩა. როცა დაღამდა, გორის რაიონში ვიყავი, იქ სროლების ხმა იყო, ჩვენთან ცხინვალი ახლოსაა. რამდენიმე წუთში დამირეკეს და მითხრეს, რომ გიორგის ვერ უკავშირდებოდნენ და სამსახურში იძახებდნენ. დავურეკე და ვუთხარი, სამსახურში გიძახებენ, მე მგონია, ომი დაიწყო და ფრთხილად იყავი-მეთქი.
იქიდან გიორგიმ მითხრა, ნუ გეშინია, არაფერი მომივაო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი… მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია აღარ მქონია. არსებობს კადრები, რომლებშიც ჩანს გიორგის წამება, ძალიან სასტიკად აწამეს. ოსებმა აიყვანეს ტყვედ და შემდეგ რუსების ბრძანებით მოკლეს. აწამეს სასტიკად, ხერხემალში გადატეხეს.
გიორგის მშობლება ვერ გაუძლეს შვილის დაკარგვას - ჯერ მამა გარდაიცვალა, შემდეგ - დედა...
მე ვერ შევძლი ამ კადრების ყურება. ჩვენ არ გვაქვს ეს კადრები ნანახი იმის გამო, რომ ძალიან მძიმე საყურებელია. ყოველთვის მინდა, ისეთი გიორგი მახსოვდეს, როგორიც იყო. როდესაც ეს ამბავი მოხდა, მე და გიორგი ორი წლის შეუღლებულები ვიყავით, სულ 2 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ლევანი 10 თვის იყო და ანაზე ფეხმძიმედ ვიყავი.
ეს იყო საუკეთესო დრო ჩემს ცხოვრებაში და საუკეთესო 2 წელი, რომელიც ნამდვილად მთელ ცხოვრებას უდრის. მახსოვს, გიორგი მაშინ სენაკში მსახურობდა, მე კი აქ ვიყავი და დაშორება დიდი ხანი გვიწევდა ხოლმე, ხან რამდენიმე კვირა, ხან ერთი თვე. რომ მოდიოდა, სირბილით ამოდიოდა, კიბის ხმით უკვე ვიცოდი, რომ გიორგი მოვიდა.
არასდროს გვეუბნებოდა, როდის მოვიდოდა, სიურპრიზს გვიკეთებდა ხოლმე. კიბეზე რომ ამორბოდა, ეს ყველაზე კარგად მახსენდება იმ ორი წლის მანძილზე. ლევანი ძალიან ჰგავს გიორგის, აბსოლუტურად ყველაფრით. ვიზუალურად, ხასიათები თითქმის იგივე აქვს, თითქმის ერთი ერთში“.
გიორგი ანწუხელიძის შვილი, ლევანი, მამას ასე იხსენებდა:
"რა თქმა უნდა, თავიდან ვერ ვიაზრებდი, მერე კი ისე აეწყო მოვლენები, ყველაფერი გავიაზრე, სიამაყის გრძნობა დამეუფლა. გიორგი ანწუხელიძის შვილობა არის თან სიამაყე და ამავდროულად, დიდი ტვირთი, რადგან არ არის ისე... ყველაფერი უფრო ნაკლებად უნდა შეგეშალოს…
მამაჩემთან ლაპარაკი რომ შემეძლოს, ყველაფერს მოვუყვებოდი იმ წლების შესახებ, როდესაც ჩემ გვერდით ვერ იყო. თუ სამშობლოს დასჭირდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავეხმარო იმ მეომრებს, რომლებიც სამშობლოს იცავენ. ყოველთვის მზად ვარ, მამაჩემის გზა ღირსეულად გავაგრძელო“.