ჟურნალ OK!-ის აგვისტოს ნომრის მთავარი გმირი ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი და მისი ოჯახია.
გიორგი: როგორც მეუბნებიან, ფეხი რომ ავიდგი, პირველი ნაბიჯები ბურთისკენ გადავდგი და ხუთი წლის ასაკიდან ჩემს გონებაში მხოლოდ ფეხბურთია. რა თქმა უნდა, დედა ყოველთვის ჩემს განათლებასა და სწავლაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ორივე, დედა და მამა, ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ არცერთი ვარჯიში არ გამეცდინა, წვიმასა თუ ქარში მევარჯიშა. მოგვიანებით ლოგიკურად გაჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი. ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ტელევიზორში ფეხბურთს. ჩემები მეუბნებოდნენ, დავიღალეთ ამდენი ფეხბურთის ყურებით, გადართეო, მაგრამ მაინც სულ ფეხბურთი იყო ჩემს სახლში.
(ნინო შანშიაშვილი, გიორგის დედა): "გიორგი სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. მიზანდასახული და აზარტული, ბუნებრივად ლიდერი. ადვილად გამოსდიოდა სწავლა. მასწავლებლები სულ მსაყვედურობდნენ, გამოიყვანეთ ამ ფეხბურთიდან და გაჰყვეს ბავშვი რომელიმე მეცნიერებასო. გიომ კი აირჩია ფეხბურთი და ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ მხარში ამოვდგომოდით".
(როინ ქოჩორაშვილი, გიორგის მამა): "გიოს ბურთის ისეთი სიყვარული ჰქონდა, რომ მისი ბავშვობიდან შეგუებული ვიყავით, ფეხბურთს რომ გაჰყვებოდა. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. თავიდანვე სრული სერიოზულობით უდგებოდა თავის ამ გატაცებას. რა თქმა უნდა, მშობლებმა ხელი შევუწყვეთ. შვილს რა მიმართულება და ნიჭიც აქვს, ვფიქრობ, ყველა მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს, რომ ბავშვმა ეს ნიჭი განავითაროს. მგონია, არც შევმცდარვართ. გვიხაროდა, რომ ფეხბურთი უყვარდა, ჩვენი მიზანიც იყო, ჯანსაღ გარემოში, სპორტული ცხოვრებით ეცხოვრა. ყველა მშობელი ამყარებს თავის შვილზე იმედებს და, ცხადია, ჩვენც ასე ვიყავით. გიომაც სრულად გაგვიმართლა იმედები".
გიორგი თამაშობდა საქართველოს 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია. 2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4:2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
გიორგი ქოჩორაშვილს ჰყავს მშობლები და ერთი და. ის წარმოშობით კახეთიდანაა და ბავშვობის დიდი ნაწილიც იქ აქვს გატარებული. 25 წლის ვარსკვლავი 2018 წელს წავიდა ესპანეთში და დღემდე იქ ცხოვრობს.
გიორგი შეყვარებულია. მისი რჩეული სანდრა მენდოსაა. სანდრა 2021 წელს კადრებს თვითმფრინავიდან აქვეყნებდა, სადაც ჩანდა, რომ ის ბორტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, უცნობია, რას საქმიანობს ის ახლა, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა და, როგორც ჩანს, ის გასულ წელს საქართველოში, გიორგის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.
"სანდრა ვალენსიაში გავიცანი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცხოვრება გაძლევს იმას, რაც იმ მომენტში გჭირდება. მაშინ ვიპოვე ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა" - ამბობდა გიორგი ქოჩორაშვილი.