მედეა ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს.
„აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარელი. როგორ შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას... პანაშვიდი კვირას და ორშაბათს, დაკრძალვა სამშაბათს, 13 აგვისტოს (თბილისის ზღვის სასაფლაო, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძრის წინ სარიტუალო დარბაზი)", - წერს შორენა მახარაძე.
ხალისიანი, ქოთქოთა, დაუზარელი და მუდამ ყველაზე მზრუნველი მანანა ბებო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ტელეეთერში გასვლისთანავე შეიყვარა მაყურებელმა. მედეა ლორთქიფანიძე 73 წლისა იყო, როცა ამ როლზე მიიწვიეს, სულ ცოტა ხნის წინ, 1-ელ თებერვალს კი მას 86 წელი შეუსრულდა.
"ძალიან მეტიჩარა ვიყავი. ჩემს მეგობარს - ჯონი სტროტინსკის, რამდენი ბიჭი ჰყავდა ნაცემი ჩემ გამო, ვინ მოთვლის. ერთმა კურსელმა 30 წლის მერე მითხრა, შენ გამო, იცი, როგორ მცემეს ბიჭებმაო? ჩვენს დროს ბიჭს თუ მოეწონებოდი და სახლამდე მიგაცილებდა, მერე უბნის ბიჭები დახვდებოდნენ და დათეთქვავდნენ... უბანმა გოგოს დაცვა იცოდა და ვაგლახად ვერავინ ვერაფერს გაგიბედავდა. მაშინ სხვანაირი შეხედულებები ჰქონდათ. ქუთაისში ბაღის კიდეზე ორჯერ ზედიზედ რომ გაგევლო, რა იყო, რა ფამფორასავით დადიხარო, გეტყოდნენ. ფამფორა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო.
ლაღი და თამამი გოგო ვიყავი. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და "ხატულის" მეძახდნენ. შეყვარებულიც მყოლია, კარგი ბიჭი იყო. წიგნებზე ვსაუბრობდით და ერთმანეთისთვის მხოლოდ ხელი უნდა ჩამოგვერთმია. ახლა შეყვარებულებს პირდაპირ ლოგინში მიათრევენ... სანამ ერთმანეთის პატივისცემას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება. თუმცა ახლა ისეთი მოკლე კაბებით დადიან, ყველაფერი უჩანთ. მოკლე კაბებით ჩემი ქალიშვილიც დადის, ქმარი არაფერს უშლის, მაგრამ მე მაინც სულ ვეჩხუბები. უხდება, მაგრამ... ამას წინათ დახეული ჯინსით მომადგა და გადამრია", - იხსენებდა მსახიობი საკუთარი ბავშვობის შესახებ.
მედეა ლორთქიფანიძეს მშობლები ადრე გარდაეცვალა. ტრაგიკულ შემთხვევას ის დღემდე ემოციურად იხსენებს:
"ბავშვობა და სტუდენტობა შესანიშნავი მქონდა, სანამ ტრაგედია არ დაგვატყდა თავს და ჩემი მშობლები არ დაიხოცნენ... ძმა და მოხუცი ბებია დამრჩა, მათთვის ხელი უნდა შემეწყო. ძალიან გამიჭირდა, საბავშვო ბაღში მომაწყვეს მეორე მასწავლებლად და იცი, რას ვნატრობდი? ღმერთო, ნეტავ ვინმემ კარაქიანი პური, კანფეტი ან "პეჩენია" დატოვოს, რომ ბებიაჩემს და ჩემს ძმას წავუღო-მეთქი.
მე და მამა ავარიაში მოვყევით, საკმაოდ დავშავდი მაშინ. გორის თეატრიდან ცხინვალში სპექტაკლი "გაყრა" მიგვქონდა და ავტომობილი დაგვეჯახა. მამა ადგილზე გარდაიცვალა, ნეკნმა ფილტვი გაუხვრიტა... ამის ნიადაგზე, დედას ჯერ თვალებში ჩაექცა სისხლი, მერე - გულში... მამა 44 წლის იყო, დედა - 41-ის.
„ჩემმა მეგობარმა ბანკიდან ფული გამომატანინა, დაჰკრა ფეხი და საფრანგეთში წავიდა... ყველაფერი დავკარგე, მაგრამ რომ მოვიდეს და დამიჩოქოს, ვაპატიებ“ - მედეა ლორთქიფანიძე. ჩემი მეგობარი ლეო ანთაძე იხსენებს ხოლმე მამაჩემს ხშირად: გორის თეატრში ახლაც კიდია მამაშენის სურათიო. ეს ძალიან სასიამოვნოა. ქუთაისის თეატრში არ კიდია და ამაზე მწყდება გული - თამარა პაკროვსკაიას და თეიმურაზ ლორთქიფანიძის სურათი იქ რომ არ ეკიდოს, ძალიან საწყენია", - ამბობს მსახიობი.
"ჩემი ქმრის წერილები ახლაც მაქვს შენახული. თავიდან არ მივყვებოდი, არ მომწონდა... ბევრი თაყვანისმცემელი რომ მყავდა, გათამამებული ვიყავი და ვიწუნებდი, თმა არ ჰქონდა, ცოტა დაბალიც იყო, მაგრამ იმდენი მოახერხა, მიზანს მიაღწია. უძლიერესი ექიმი იყო, საქართველოში პირველმა ჩაატარა გულის ოპერაცია. ძალიან განათლებული კაცი იყო და ამით მომხიბლა, მაგრამ ამ თავის განათლებას თავს არ მოგახვევდა. მაგალითად, რამე თუ არ ვიცოდი, მეტყოდა - შენ ეს იცი, უბრალოდ, დაგავიწყდა და არ დააკვირდი, ეგ არაფერიაო. მერე მზე და მთვარე ამომდიოდა მასზე, სად არ დავყავდი, მთელი უცხოეთი მოგვატარა მე და ჩემს შვილს. როცა გარდაიცვალა, იმდენად განვიცადე, 15 წელი ეზოშიც კი არ ჩავსულვარ. 35 კილო მოვიმატე, სახლში ვიჯექი, ვჭამდი და ტელევიზორს ვუყურებდი... ქვეყანაზე აღარაფერი არსებობდა, მაგრამ ჩემი შვილის და მეგობრების წყალობით, გადავიტანე.
ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს გავლილი, ახლა კი ხალხის სიყვარული მაქვს და ეს ძალიან მავსებს", - ამბობდა მედეა ლორთქიფანიძე.