"ჩვენს ზურა მამას გაუმარჯოს" - ზურა ყიფშიძე იუბილარია - Marao

"ჩვენს ზურა მამას გაუმარჯოს" - ზურა ყიფშიძე იუბილარია

2024-08-10 11:27:52+04:00

ზურა ყიფშიძე იუბილარია. მსახიობი დღეს 71 წლის გახდა. მას სოციალურ ქსელში დაბადების დღეს შვილი, ლენუკა ყიფშიძე ულოცავს და მამასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

  • ვიდეო: "და-ძმა, ნატალია და ალექსანდრე" - გიორგი ყიფშიძე უფროს შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 
  • "დედაჩემს მივუძღვენი ეს ვარსკვლავი და, საერთოდ, იმ ქალებს, რომლებმაც მომიარეს, გამზარდეს და ახლა მათბობენ..." - ზურა ყიფშიძის ემოციები ვარსკვლავის გახსის შემდეგ 

ცნობილია, რომ ზურა ყიფშიძესთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშორებს მის შვილიშვილის, ნატალია ყიფშიძეს. ნატალიან ბაბუას იუბილე ემოციურად მიულოცა: 

"დღეს ზურკინას დაბადების დღეა! ვფიქრობ, რომელი სურვილი ავირჩიო... იმდენია… ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შენი ახალგაზრდა, მეამბოხე ზურა არსად გაუშვა. სულ იყო საკუთარ აზრზე და ამისთვის იბრძოდე ზუსტად ისე, როგორც სტუდენტობის დროს იბრძოდი უსამართლო რეჟიმთან. კიდევ მაქვს ბევრი სურვილი: მინდა, რომ ჩემთან ერთად მუსიკის მოსმენა არ მოგბეზრდეს. მინდა, რომ საღამოს ერთად ვჭამოთ ბუენო და უცნაური ისტორიები მომიყვე. ყველაზე მეტად მინდა, რომ ბედნიერება შენს ყოველდღიურ მდგომარეობად იქცეს. რომ გაიღვიძებ, ღიმილით შეხვდე ყველა დაბრკოლებას, რომელიც არ გასვენებს და ამგვარად მოგვარდეს ყველაფერი ისე, როგორც შენ გინდა. მიყვარხარ ძლიერ და ამას ვერაფერი შეცვლის, მათ შორის, ის უაზრო ადამიანებიც, რომლებსაც ეს ძალიან უნდათ. ზურკინ, კიდევ ერთხელ გილოცავ! დიდი ბიჭი გაიზარდე", - წერს ნატალია. 

ზურა ყიფშიძე

1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი "როცა აყვავდა ნუში" გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს, მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.

„იმ 50-60 ფილმიდან, რომლებშიც გადამიღეს, ყურადსაღები და საინტერესო შეიძლება იყოს სადღაც ათი ფილმი, მაგრამ აქ, საქართველოში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „როცა აყვავდა ნუში” აღმოჩნდა. ალბათ, იმიტომ, რომ პირველი ფილმი იყო, რომელიც ახალგაზრდობის მტკივნეულ პრობლემას ეხებოდა."

მსახიობის სიყვარულით, თბილისში არაერთ ბავშვს დაარქვეს ზურა, უამრავი გოგონა კი მალულად ეტრფოდა მის ნიჭსა და უზადო გარეგნობას. სწორედ მაშინ, როცა ზურა ყიფშიძე კარიერული წარმატების პიკზე იყო, ცოლად შეირთო უმშვენიერესი ლელა გოცირიძე.

 წყვილმა ერთმანეთი პირველად ვასო გოძიაშვილის დასაფლავების დღეს ნახა, რომელსაც ლელა ბებიასთან ერთად ესწრებოდა. განსაკუთრებული სტილისა და გარეგნობის უცნობი გოგონა ზურას მაშინვე მოხვედრია თვალში, თუმცა მათი ურთიერთობა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი.

დასაფლავების შემდეგ ზურა ყიფშიძე მოსკოვში წავიდა, საქართველოში დაბრუნებულს კი გოგო, რომელიც ერთი დანახვითაც კი დაამახსოვრდა, გათხოვილი დახვდა.

„მე ისევ მოსკოვში წავედი. რომ დავბრუნდი, ერთხელ მეგობრებთან ერთად ვარ და ახლობელი მეუბნება - ცოლი მოვიყვანე, აი, ნახეო და ექაჩება ვიღაცას, ის კი არ გამოდის. ბოლოს გამოქაჩა და უცებ ის გოგო არ შემრჩა, გოძიაშვილის დასაფლავებაზე რომ ვნახე? იქ რა მოხდა, არ ვიცი - ეს იყო რაღაც ელვასავით. მერე დაშორდნენ... მის ქმართან დაშორებაში არაფერ შუაში ვარ" - ამბობდა ზურა ყიფშიძე.

ლელას ოჯახი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, თუმცა წყვილს ამან ხელი ვერ შეუშალა, რომ დაქორწინებულიყვნენ: "ურთიერთობის წინააღმდეგი იყო მამამისი, რადგან სხვა გეგმები ჰქონდათ, თუმცა მაინც ჩვენი გავიტანეთ. მერე შემირიგდნენ, სხვა რა გზა ჰქონდათ“, – იხსენებს მსახიობი.

ლელა გოცირიძე და ზურა ყიფშიძე ლელას მამის მანქანით გაიპარნენ. მერე იყო პატარა, 10-კაციანი ქორწილი. მიუხედავად იმისა, რომ ზურას თაყვანისმცემლების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა, ის არასდროს გამხდარა ჭორებისა თუ მითქმა-მოთქმის ობიექტი. მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ თანაცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს, იყოს კარგი მეუღლე და მამა: "ჩხუბიც გვქონია, გაყრაც... არ არის ყველაფერი რბილად და თბილად. არ ვამბობ, რომ იდეალური ქმარი ვარ, მაგრამ რაც შემიძლია, ვაკეთებ. შეიძლება შეგიყვარდეს ვიღაც, არავინ არის ამისგან დაზღვეული, სიბერეშიც კი. ერთგულება რა არის, ვიცი, მაგრამ არაფერია გამორიცხული. სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა!" - ამბობდა მსახიობი.