თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალშია და დღეს სრულიად საქართველოს მას უგულშემატკივრებს. ნახევარფინალში მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს მოუგო.
გენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ვერცხლის დ ბრინჯაოს მფლობელია, ახლა ჯერი ოქროზეა.ყველას ახსოვს გენოს ემოციური ვერცხლის მედალი 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე. ქართველი მოჭიდავესთვის მაშინ გადამწყვეტი ბოლო წამები აღმოჩნდა, რადგან მეტოქესთან სწორედ ბოლო წამში ერთი ქულით დამარცხდა.
ტიტულოვანი სპორტსმენისგან საქართველოს ოქროს მედლის მოლოდინი ჰქონდა, უმაღლეს ჯილდოს ელოდა თავად პეტრიაშვილიც, რომელიც დაჯილდოვების დროს ოლიმპიურ კვარცხლბეგზე ატირდა.
27 წლის ფალავანის ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. დღეს ყველა მედია იხსენებდა იმ დროს, როდესაც 11 წლის ასაკში გენო პეტრიაშვილი ტყვეობაში აღმოჩნდა. 2005 წლის 19 აგვისტოს, 11 წლის გენო, ქარელის რაიონის სოფელ ნულიდან, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ოსურ-ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, ოკუპირებული ჯავის რაიონის მიმართულებით გაიტაცა.
ბიჭმა ტყვეობაში 99 დღე გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ 2005 წლის 25 ნოემბერს მოხერხდა. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება ტყვეობაში ყოფნის დროს, ბიჭი საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფებოდა.
გათავისუფლების შემდეგ სტრესის დაძლევა გენოსთვის მარტივი არ ყოფილა. ამბობენ, რომ ჭიდაობაზე შეყვარებულ გენოს, ურთულესი წლები მისმა გამზრდელმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გადაატანინა. დღეს მწვრთნელი მის გვერდით არ ყოფილა, რადგან ბატონი ნუგზარი 2021 წლის 24 იანვარს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ჩემი ნუგზარი მასწავლებელი... თქვენ ყოველთვის ჩვენთან იქნებით...მადლობა ყველაფრისთვის" - წერდა პეტრიაშვილი მწვრთნელის გარდაცვალების შემდეგ.
წაიკითხეთ სრულად