როგორც ამბობენ, 1915 წლის სუსხიანი დეკემბრის ღამეს, პოლიციელს, რომელიც უბნის პატრულირებას ახდენდა, ყვირილი შემოესმა. ადგილზე მისვლისას, მან მშობიარე ქალი აღმოაჩინა. ახალშობილი დედამ პოლიციელის ლაბადაში შეახვია და ედიტი დაარქვა.
ედიტის დედა უიღბლო მსახიობი ანიტა მაიარი იყო, რომელიც სცენაზე ლინა მარსის ფსევდონიმით გამოდიოდა. მამამისი, ლუი გასიონი კი – ქუჩის აკრობატი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ლუი ფრონტზე მოხალისედ წავიდა. პირველი ორდღიანი შვებულება ფრონტიდან ლუიმ 1915 წელს შვილის სანახავად გამოიყენა.
ორი წლის შემდეგ ლუიმ შეიტყო, რომ ცოლმა მიატოვა, ქალიშვილი კი თავის მშობლებს დაუტოვა. გარემო, რომელშიც პატარა ედიტი იზრდებოდა, საშინელი იყო და ლუიმ ედიტი დედამისთან გადაიყვანა, რომელიც ნორმანდიულ საროსკიპოში მზარეულად მუშაობდა.
სიცოცხლის პირველსავე თვეებში ედიტს კატარაქტი განუვითარდა, რომელსაც მაიარების მოხუცმა ოჯახმა თავის დროზე ყურადღება არ მიაქცია. როცა გაირკვა, რომ სამედიცინო გზით ბავშვს არაფერი განკურნავდა, ბებიამ ქალაქ ლიზიეში წმინდა ტერეზას საფლავზე წაიყვანა, სადაც ათასობით მლოცველი იკრიბებოდა სრულიად საფრანგეთიდან. 1921 წლის 19 აგვისტოს ისინი საფლავთან მივიდნენ, 25 აგვისტოს ედიტს მხედველობა აღუდგა. იგი ექვსი წლის იყო.
იმავე წელს ედიტი სკოლაში წავიდა, თუმცა თანაკლასელების მშობლები აღშფოთებით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ გოგონა საროსკიპოში ცხოვრობდა და ძალიან მალე მისი სწავლა დასრულდა. მაშინ მამამ ედიტი პარიზში წაიყვანა, სადაც მათ ერთად დაიწყეს მუშაობა – ლუი ქუჩაში სხვადასხვა სირთულის აკრობატულ ნახტომებს ასრულებდა, ედიტი კი მღეროდა.
მამაკაცები ედიტის ცხოვრებაში მალე გაჩდნენ – ფაქტობრივად, მამასთან დაშორების მერე. კაბარეში მან გაიცნო ლუი დიუპონი, რომელსაც მალევე გაჰყვა ცოლად, ერთი წლის მერე კი ქალიშვილი მარსელი შეეძინა. თუმცა ლუის არ მოსწონდა, რომ ედიტი ძალიან დიდ დროს უთმობდა სამსახურს და მოსთხოვა, კაბარე დაეტოვებინა. ედიტმა იუარა და წყვილი დაშორდა ერთმანეთს. თავდაპირველად მარსელი დედასთან ცხოვრობდა, მაგრამ ერთხელაც სახლში დაბრუნებულმა ედიტმა იგი ვერ იპოვა. ლუი დიუპონმა ქალიშვილი თავისთან წაიყვანა, ეგონა რა, რომ ამით დედამისს შეურიგდებოდა. ამ დროს ევროპაში ესპანური გრიპის ეპიდემია იყო, რომელსაც პატარა მარსელიც ვერ გადაურჩა. გოგონა საავადმყოფოში აღმოჩნდა, ედიტი, რომელმაც შვილი პალატაში მოინახულა, ასევე ამ სენით დაავადდა. საუკუნის დასაწყისში ამ ავადმყოფობას მედიკამენტებისა და ცოდნის ნაკლებობის გამო, შეიძლება ითქვას, ვერ კურნავდნენ, თუმცა საბოლოოდ ედიტი გამოჯანმრთელდა, მარსელი კი – გარდაიცვალა.
1935 წელს, 22 წლის ედიტი ქუჩაში ლუი ლეპლემ შეამჩნია. ლეპლე ელისეს მინდვრებზე მდებარე პრესტიჟული კაბარე „ჟერნისის“ მეპატრონე იყო. მან ედიტს თავის პროგრამაში გამოსვლა შესთავაზა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ლუი ლეპლემ ბევრი რამ ასწავლა ახალგაზრდა მომღერალს: აკომპანიატორთან რეპეტირება, სიმღერის ამორჩევა, არტისტის ჩაცმის თავისებურება, მიმიკისა და ჟესტების მნიშვნელობა. სწორედ ლეპლემ მისცა ედიტს სცენური გვარი – პიაფი, რაც პარიზულ არგოზე „ბეღურას“ ნიშნავს.
ომის შემდგომი პერიოდმა უდიდესი წარმატება მოუტანა. მას აღფთოვანებით უსმენდა ფრანგი გლეხიცა და ინტელიგენციის წარმომადგენელიც, მუშები და ინგლისის დედოფალი.
მიუხედავად მსმენელთა სიყვარულისა, მისი ცხოვრება სულ უფრო მარტოობისკენ მიისწრაფოდა.
"პუბლიკა გულში გიკრავს, თავის გულს გიხსნის და მთლიანად გშთანთქავს. შენ ივსები მისი სიყვარულით, ის კი შენით. შემდეგ ჩამქრალ დარბაზში გესმის მიმავალი ნაბიჯების ხმა. ეს ჯერ კიდევ შენი ნაბიჯებია. ჯერ კიდევ კარგად გრძნობ თავს. შემდეგ გადიხარ ქუჩაში და ხვდები, რომ მარტო ხარ."
1958 წელს ედიტმა დაიწყო „ოლიმპიის“ საკონცერტო დარბაზში გამოსვა, წარმატება ფანტასტიკური იყო. გამოსვლების დასრულების შემდეგ მან თერთმეტთვიანი ტურნე მოაწყო აშშ–ში, შემდგომ კი საფრანგეთშიც ჩაატარა კონცერტების სერია. ფიზიკურმა და ემოციურმა დატვირთვებმა მისი ჯანმრთელობა შეარყია, 1961 წელს 46 წლის ასაკში ედიტმა შეიტყო, რომ უკურნებელი სენით იყო ავად – ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს.
იგი 1963 წელს, გარდაიცვალა.