ლაშა გურული ქართველი მოკრივე, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორია. საერთაშორისო ტურნირის სამგზის ჩემპიონი (ბელარუსი, 2018, 64 კგ; საქართველო, 2018 და 2019, 64 კგ). ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (რუმინეთი, 2018, 64 კგ). 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი.
ნახევარფინალში 27 წლის ქართველი სპორტსმენის მეტოქე კუბელი ერისლანდი ალვარეს ბორხესი იყო, რომელმაც ლაშასთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. გურულმა უდიდეს წარმატებას მიაღწია და რამაზ ფალიანისა (1992 წელი, ბარსელონა) და ვლადიმერ ჭანტურიას (2000 წელი, სიდნეი) შემდეგ გახდა რიგით მესამე ქართველი მოკრივე, რომელიც ოლიმპიადაზე საპრიზო მესამე ადგილზე გავიდა. ლაშამ მერვედფინალსა და მეოთხედფინალში შესაბამისად, აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვსა და ყაზახ ბაზარბაიმუჰამედსაბირს დამაჯერებლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე აჯობა და უმაღლესი დონის კრივი აჩვენა.
ლაშა გურულის კარიერა
ბოლო სამი წლის განმავლობაში გურული თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს გამორჩეული მოკრივეა განსაკუთრებული სტილითა და იმ დამაჯერებლობით, რასაც რინგზე თითოეული შეხვედრისას აჩვენებს, მოწინააღმდეგეებისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა. ის 2021 და 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და 2022 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. 2023 წელს ის ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.
ლაშა გურულის ოჯახი
2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ლაშა გურული ბოლო დროს უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო. 27 წლის ლაშა გურული დაოჯახებულია, მისი რჩეული მარიამ მუმლაძეა.
ამჯერად ლაშა მეუღლესთან ერთად ოლიმპიადასა და მიზნებზე საუბრობს:
ლაშა: ოლიმპიური თამაშების გარეშე ჩემი კარიერა შემდგარი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩემპიონობისთვის ვიყავი მზად, მაგრამ ეს სპორტია - როგორც მე მინდა გამარჯვება, ისევე უნდა სხვასაც. საბოლოო ჯამში, ძალიან ბედნიერი ვარ.
ჩემს კარიერაში რაც ხდება, მარიამმა ყველაფერი დეტალურად იცის. ის ჩემი მეგობარი, ფსიქოლოგი და მოტივატორია" - ამბობს ლაშა.
მარიამი: ჩემთვის ლაშას თითოეული ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ემოციურად აღელვებული ვარ, თუმცა მწამს, დასახულ მიზანს მიაღწევს. ვამაყობ, რომ გვერდით ასეთი ადამიანი მყავს".