დაგნი იუელი ნორვეგიელი მწერალი და პიანისტი. ცნობილი იყო სილამაზით, ბოჰემური ცხოვრების სტილით და ახლო ურთიერთობით იმ დროის არაერთ ცნობილ ხელოვანთან, მათ შორის, მხატვარ ედვარდ მუნკთან და დრამატურგ ავგუსტ სტრინდბერგთან.
დაგნი იუელი დაიბადა 1867 წელს ცნობილი ნორვეგიელი ექიმის ოჯახში. ჰყავდა სამი და და ერთი ძმა, რომელიც ადრევე გარდაიცვალა. ბიძამისი დედის მხრიდან, ოტო ბლერი იყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 1902-1903 წლებში.
დაგნიმ განათლება ადგილობრივ კერძო სკოლაში მიიღო. მის მასწავლებელთა შორის იყო ანა სტანგი, ნორვეგიული ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი. 1882 წელს დაგნი მუსიკის სასწავლებლად გერმანიაში, ქალაქ ერფრუტში წავიდა, 1890 წელს კი მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად უმცროს დასთან, რაგნჰილდთან ერთად ოსლოში გადავიდა.
მეამბოხე სულის მქონე დაგნი აქტიურად ჩაება ქალაქის ბოჰემურ ცხოვრებაში. მწერალ იალმარ ქრისტენსენთან ხანმოკლე რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ დაუახლოვდა მხატვარ ედვარდ მუნკს, რომელიც 1892 წლის ბოლოს ბერლინში გადავიდა გამოფენის მოსაწყობად. დაგნიმაც მალევე მიაშურა გერმანიის დედაქალაქს, სადაც მცირე დროით გატაცებული იყო დრამატურგით და მხატვრით ავგუსტ სტრინდბერგით. გარკვეული პერიოდი ასევე დაახლოებული იყო შვედ მწერალთან ადოლფ პაულთან. ის არაერთი სკანდინავიელი ხელოვანის შთაგონების წყარო იყო. დაგნი ფიგურირებს მუნკის 1895 წლის ცნობილი ტილოში „ეჭვიანობა“.
ასევე ბევრი ფიქრობს, რომ დაგნიმ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ნობელის ლაურეატ მწერალ კნუტ ჰამსუნზე: 1892 წელს გამოქვეყნებულ რომანში მისტერიები ერთ-ერთ პერსონაჟს დაგნი ჰქვია და მკითხველების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის თავისი მომხიბვლელობით ძალიან ჰგავს დაგნი იუელის.
მოგვიანებით მუნკმა დაგნის შვედი მწერალი, ავგუსტ სტრინდბერგი გააცნო. ავგუსტსაც თავდავიწყებით შეუყვარდა დაგნი, მაგრამ მისგან უარი მიიღო. სწორედ ავგუსტისაგან გაიცნო დაგნიმ მომავალი ქმარი, ცნობილი პოლონელი მწერალი-სიმბოლისტი სტანისლავ პშიბიშევსკი.
დაგნის მეუღლე ედვარდ მუნკზე ეჭვიანობდა და ერთხელაც ის დუელში გამოიწვია, სადაც ტყვია მარჯვენა ხელში მოახვედრა და დამცინავად უთხრა: "აბა, ახლა ხატე, თუ ბიჭი ხარ!" მუნკმა მაინც შეძლო გაეგრძელებინა დაზიანებული ხელით ხატვა. დაგნისა და სტანისლავის ურთიერთობა კი არ აღმოჩნდა ბედნიერი...
მათ ორი შვილი შეეძინათ. დაგნის ქმარი ხშირად ღალატობდა. დაგნიმ ის მიატოვა, მაგრამ ბოლოს მაინც დაუბრუნდა. 33 წლის იყო, როდესაც სტანისლავის მეგობარს, ვლადისლავ ემერიკს შეუყვარდა. მას თბილისში საწარმოები ჰქონდა და ცოლ-ქმარი სტუმრად თავისთან მიიწვია. სტანისლავმა თავისი ცოლი და 5 წლის ვაჟიშვილი ემერიკს გააყოლა და დაპირდა, რომ თვითონ და მისი ქალიშვილი მოგვიანებით შეუერთდებოდნენ.
მშრალ ხიდთან, ხიდის ქუჩა #1-ში, ცნობილი სასტუმრო - "გრანდ ოტელი", ერთ დროს მშვიდად განაგრძობდა ქართველი თუ უცხოელი სტუმრების მიღებას.
იმ პერიოდის სასტუმროებში ერთი წესი არსებობდა: სასტუმროს მეპატრონეს, გამქირავებელს არ ჰქონდა უფლება, რომ ერთ ნომერში შეეშვა წყვილი, ქორწინების დამადასტურებელი მოწმობის ნახვის გარეშე. სასტუმრო "გრანდ ოტელის" რეგისტრატორმა ერთადერთხელ დაარღვია წესი და საბუთების ნახვის გარეშე გააფორმა ახალგაზრდა წყვილი...
რამოდენიმე ხნის შემდეგ სასტუმროში იარაღის გასროლის ხმა გაისმა. ეს იყო 1901 წლის 23 მაისი.
26 მაისს გამოცემული გაზეთი "კავკაზი" იტყობინება: "გრანდ ოტელის" ნომერში დიდი ხანია ბინადრობს ვარშავის გუბერნიის მემამულე ვლადისლავ ემერიკი. ერთი თვის წინ ემერიკი სამშობლოში გაემგზავრა და ორ კვირაში დაბრუნდა. თან ახლდა მანდილოსანი და მისი 5 წლის ვაჟი.
ემერიკმა მანდილოსანი თავის დად გაასაღა და ისე ჩაასახლა სასტუმროში, რომ მისი დოკუმენტები არ წარმოადგინა. ქალბატონი აღმოჩნდა დაგნი პშიბიშევსკა, პოლონელი მწერლის, სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე. იმ საბედისწერო 23 მაისს ემერიკმა ბავშვი გამოიყვანა დედის ნომრიდან და ნაცნობს მიაბარა.
თვითონ დაგნი პშიბიშევსკასთან დაბრუნდა და კარი ჩაკეტა. მალე ოთახიდან წყვილი გასროლა გაისმა. კარი შეამტვრიეს. პოლიციელებს თვალწინ საზარელი სურათი წარმოუდგათ: ლოგინზე სისხლის გუბეში იწვა მსხვერპლი, - დაგნი პშიბიშევსკა. შუბლზე ნატყვიარი აჩნდა. საწოლის ახლოს, ხალიჩაზე იწვა ემერიკი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა"...
ემერიკმა ორი წერილი დატოვა: ერთი დაგნის მეუღლის, ხოლო მეორე მისი 5 წლის ვაჟიშვილის სახელზე. არც ერთ წერილში მკვლელობის მიზეზი არ ჩანს. სტანისლავისთვის განკუთვნილ წერილში ის წერდა: "მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა.
მე ვკლავ იმ მომენტში, როცა ის ამას ყველაზე ნაკლებად მოელის"... ეს სიტყვები საკმაოდ უცნაურად ჟღერდა გამოძიებისთვის. არსებობდა ვერსიაც, რომ ემერიკს მკვლელობა სტანისლავმა შეუკვეთა.