ნატუკა კახიძე გენიალური კომპოზიტორის, დირიჟორის, ლოტბარის, ჯანსუღ კახიძის შვილიშვილი და ასევე ცნობილი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ვახტანგ კახიძის ქალიშვილია. ნატუკამ თავადაც ხელოვნების სფერო, თუმცა განსხვავებული მიმართულება აირჩია. ის 2013 წლიდან „მარჯანიშვილის თეატრის“ მსახიობია. მისი ნახვა დღეს „სამეფო უბნის თეატრის“ სცენაზეც შეგიძლიათ, რამდენიმე როლი კი, მათ შორის, სპექტაკლებში „ჰარირა“ და „საპნის ოპუსი” „რუსთაველის თეატრშიც“ შეასრულა.
ნატუკა კახიძე 2010 წელს არდიფესტის გამარჯვებული გახდა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში სპექტაკლით “მედეას დაბრუნება”. 2017 წელს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ ქალად დაასახელა სპექტაკლში “კატარინა ბლუმის შელახული ღირსება”შესრულებული როლისთვის, ამავე როლისთვის მას 2018 წელს პრემია დურუჯი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გადაეცა.
ნატუკა კახიძის ბაბუა ყველასთვის კარგად ნაცნობი, საყვარელი და საამაყო კომპოზიტორი ჯანსუღ კახიძეა. მისი მეუღლე კი ვანდა კაკაბაძე იყო, რომელიც ჯანომ კონსერვატორიაში სწავლის დროს გაიცნო.
„ერთმანეთი კონსერვატორიაში გაიცნეს, ერთ კურსზე სწავლობდნენ. დაახლოებით სამი წელი იბრძოდა, რომ ვანდა კაკაბაძე ცოლად მოეყვანა. დედა ქუთაისიდანაა. მამა არ ჰყავდა და მხოლოდ დედა ზრდიდა. მამაჩემი ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ყოფილა, მაგრამ, თავქარიანი. დედაჩემის დედა, ლორთქიფანიძის ეს ულამაზესი ქალი, შეშინებული იყო: სათუთად აღზრდილი ვანდა ჯანოს ხელში რომ მოხვდებოდა, რა ელოდა, თუ არა ტანჯვა?! ამიტომ, მათი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი წასულა. თან, გარეგნულადაც არ მოსწონდა. მამა არასდროს ყოფილა სიმპათიური კაცი. დედაც თავიდან ყურადღებას არ აქცევდა, რადგან სხვა თაყვანისმცემლები ჰყავდა, მაგრამ, საბოლოოდ, მისმა ნიჭმა და ექსტრავაგანტურობამ დააინტერესა და, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გაიპარნენ. დედა პირდაპირ სახლში, მშობლებთან მიიყვანა. ბებია დედას დაახლოებით ერთი წელი არ ელაპარაკებოდა. მერე მამაჩემი გიჟდებოდა თავის სიდედრზე, ვერც კი იტყოდით, თუ თავიდან ყველაფერი ასე ცუდად დაიწყო“,- იხსენებდა ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი, თეონა კახიძე. ჯანსუღსა და ვანდას ორი შვილი, თეონა და ვახტანგი შეეძინათ.
ნატუკა კახიძის მშობლები ვახტანგ კახიძე და თამუსია კახიძე-ბერიძე არიან.
„13 წლის ასაკში ვატომ გადაწყვიტა, საერთოდ თავი დაენებებინა მუსიკისთვის, იმიტომ, რომ ძალიან ეზარებოდა მეცადინეობა. იმ პერიოდში უფრო სპორტით იყო გატაცებული. მამაჩემი მაშინ პოლონეთში მუშაობდა, ქალაქ ლოძის საოპერო თეატრის მთავარი დირიჟორი იყო და სულ წერილებს სწერდა – აღარ მინდა მუსიკის სწავლაო. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე მამამ ჯაზი მოასმენინა, რაღაცები ასწავლა, როგორ დაეკრა და, ამან ისე გაიტაცა, მას შემდეგ აღარც ყოფილა ლაპარაკი მუსიკისთვის თავის დანებებაზე მამა ვატოზე ყოველთვის იმას ამბობდა, რომ ჩემზე გაცილებით ნიჭიერია. მან შეძლო, განეხორციელებინა ის, რაც ჩემში იდო და მე ვერ გავაკეთეო”, - იხსენებდა ძმაზე თეონა კახიძე. ვახტანგ კახიძე დღეს წარმატებული კომპოზიტორი და დირიჟორია.
ნატუკა კახიძემ პირველად ადრეულ ასაკში იქორწინა და, როგორც თავად იხსენებდა, მის ამ გადაწყვეტილებას ოჯახში წინააღმდეგობა შეხვდა: „16 წლის გავთხოვდი, ამ ნაბიჯს მწვავე რეაქცია მოჰყვა, ოჯახის წევრები გამიბრაზდნენ. იმ მომენტში მამა საქართველოში არ იყო. მერე კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა. მაშინ შევრიგდით, როცა ჩემი ვაჟი დაიბადა. მე და ჩემმა მეუღლემ 6 წელს ვიცხოვრეთ ერთად, დაშორება ჩემი გადაწყვეტილება იყო“, - იხსენებდა ნატუკა. ნატუკა კახიძესა და მის ყოფილ მეუღლეს, ოთო თოფურიძეს ერთი საერთო შვილი, გიორგი ჰყავთ, რომელიც უკვე 23 წლისაა.
„ძალით და ომით დამთანხმდა, რომ დაბადებულიყო. კონფლიქტში შემიყვანა სამშობიაროს უკლებლივ ყველა ექიმთან. მშობიარობის სპეცტექნიკა შევთავაზე მედიცინას იმიტომ, რომ “ისე”არ აწყობდა, როგორც ყველას. ეს, ყველაფერი იმიტომ, რომ მას თავისი გეგმა ჰქონდა. აი, ასე, თავისი გეგმით და სტრატეგიით ცხოვრობს, ყველაფერს თვითონ ირჩევს, ბევრს შრომობს და გასაოგნებელ შედეგებს აღწევს“, - ასე ახასიათებდა ნატუკა საკუთარ ვაჟს.
მოგვიანებით მსახიობმა რეჟისორ დათა თავაძეზე იქორწინა. დათა დედის მხრიდან სამი თაობის მსახიობთა შთამომავალია – მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის შვილთაშვილი, მაკა მახარაძის შვილიშვილი, ნიკა თავაძის და ნატა მურვანიძის შვილი. მამის მხრიდან – იზა გიგოშვილისა და მერაბ თავაძის შვილიშვილია. ნატუკამ და დათამ ერთმანეთი „სამეფო უბნის თეატრში“ გაიცნეს: „ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა და ამ თეატრში როგორ აღმოვჩნდი, აღარც მახსოვს. მე და დათამ სპექტაკლში „სხვისი შვილები“ ცოლ-ქმარი ვითამაშეთ და მაშინ დავახლოვდით. სიყვარულის ახსნა არ ყოფილა, ვერ გავიხსენებ, როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა... კარგია, როცა წყვილი ერთ სფეროში ტრიალებს, მასთან მუშაობა სასიამოვნოა“, - ამბობდა ნატუკა კახიძე.
ნატუკა კახიძეს წლების მანძილზე არაერთი საინტერესო პერსონაჟი შეუქმნია, რომელთა გამორჩევაც ძალიან ძნელი იქნება. მისი ბოლოდროინდელი როლები „სამეფო უბნისა“ და“მარჯანიშვილის თეატრებში“ კი გულგრილს ვერავის დატოვებს. ნატუკა კახიძის ნახვა სპექტაკლებში „ტროელი ქალები“, „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, „დემონები“, „მსახურთა შემოდგომა“, „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“ და სხვ. შეგიძლიათ.