ჰოლივუდის ვარსკვლავთა ცხოვრებასა და მიღწევებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს მსოფლიო დონის ვარსკვლავი მერილ სტრიპი, რომელმაც შეძლო და მთელი თავისი კარიერის განმავლობაში უამრავი საოცარი როლი შეასრულა. კინოკრიტიკოსთა აზრით, ის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია თანამედროვე ისტორიაში, რომელიც ყველაზე ბევრჯერ წარადგინეს „ოსკარის“ დაჯილდოებაზე. მსახიობის ფილმებს შორის არის ისეთი დაბალბიუჯეტური ფილმებიც, რომელთა გამოც მას ძალიან დაბალი ჰონორარი აქვს აღებული, თუმცა ითამაშა მხოლოდ იმიტომ, რომ გადაღების პროცესი აინტერესებდა...
ძნელია, თანამედროვე კინო მერილ სტრიპის გარეშე წარმოიდგინოთ. ამერიკელი მსახიობი ცნობილია თავისი მრავალფეროვნები პერსონაჟებით - სტრიპი არის მრავალი აკადემიის, ოქროს გლობუსის, ტონის და ემის ჯილდოს მფლობელი და ხშირად აფასებენ, როგორც “თაობის საუკეთესო მსახიობს“.
მიუხედავად საყოველთაო აღოარებისა, მერილ სტრიპის ცხოვრებაში ბევრი მარცხი, უარი და შეურაცხყოფაც ყოფილა.
„შენ ძალიან მახინჯი ხარ როლისათვის” – ასეთი სიტყვებით გამოისტუმრეს მსახიობი ფილმ “კინგ კონგის” ქასთინგიდან, როდესაც ის ჯერ კიდევ 27 წლის იყო.
ამ ყველაფერს მიუხედავად მან ირწმუნა საკუთარი თავის და ამ შემთხვევას ასე იხსენებდა: “მე ღრმად ჩავისუნთქე და ვთქვი: ძალიან ვწუხვარ, თუ მახინჯი გგონივართ, მაგრამ თქვენი მოსაზრება ზღვაში მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი წვეთია ათასიდან, მე ვეცდები უკეთესი დინება მოვნახო”.
მერი ლუიზ სტრიპი 1949 წლის 22 ივნისს ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მომავალი მსახიობის ოჯახში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ.
მერილ სტრიპი გაიზარდა ოჯახში, სადაც ხელოვნება ძალიან უყვარდათ. ხელოვნებისადმი სიყვარული დედამ ჩაუნერგა, რომელიც მხატვარი იყო. ის ორ ვაჟსა და პატარა მერილს, პირველ რიგში, მშვენიერებისა და ხელოვნების სიყვარულს ასწავლიდა. სტრიპის მამა ფარმაცევტულ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა და ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავდა.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა მსახიობმა იელის დრამატურგიულ სკოლაში ჩააბარა, თეატრალური სასწავლების დასრულების შემდეგ კი ბროდვეის დაპყრობა სცადა. ის სხვადასხვა პიესაში მონაწილეობდა და პირველი ჯილდოც სწორედ მაშინ მიიღო.
დამწყები მსახიობი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სასტუმროში ოფიციანტადაც მუშაობდა.
„ახალგაზრდობაში ოფიციანტად ვმუშაობდი და საუკეთესო, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა, 8 მაგიდის ერთდროულად მომსახურება იყო. ამით ძალიან ვამაყობდი. წლები გავიდა და თითქმის არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ის 8 მაგიდა დღეს უკვე "8 ფილმმა", შვილებმა, ბევრმა ნათესავმა და უამრავმა საქმემ ჩაანაცვლა, რომელთაც ყურადღება უნდა დავუთმო. ჩემი ოჯახი და ჩემი სამსახური - აი, ეს არის ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში“.
მერილ სტრიპი პირველად ფილმში 1977 წელს გადაიღეს. მელოდრამა „ჯულია“ დამწყები მსახიობისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ფილმმა 3 „ოსკარი“ მიიღო. ამ ფილმის შემდეგ მერილი რეჟისორებმა შეამჩნიეს და სხვადასხვა როლიც შესთავაზეს. მსახიობის მორიგი ფილმი იყო „ირმებზე მონადირე“, რომელში მონაწილეობის დიდი სურვილი არ ჰქონია, თუმცა ეს მისი შეყვარებულის - ჯონ კაზალეს გამო გააკეთა, ისიც მონაწილეობდა ფილმში და უკვე იცოდა მისი სენის (ძვლის კიბოს) შესახებაც.
წარმატებული მსახიობის პირადი ცხოვრება სავსეა როგორც ტრაგიკული, ასევე - ბედნიერი პერიოდებით. ნიუ-იორკში ერთ-ერთ სპექტაკლზე მუშაობისას ახალგაზრდა მსახიობმა ჯონ კაზალე გაიცნო. 1976 წელს მათი ნიშნობა შედგა, თუმცა წყვილის ბედნიერება ხანგრძლივი ვერ აღმოჩნდა. სულ მალე ექიმებმა ჯონს სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნე აღმოუჩინეს. შეყვარებული წყვილი ერთად მხოლოდ 3 წელს ცხოვრობდა, მამაკაცი საყვარელი ქალის ხელებში გარდაიცვალა.
მძიმე დეპრესიიდან თავის დაღწევა მსახიობმა სამსახურის დახმარებით შეძლო, შემდეგ კი სტრიპის ცხოვრებაში მოქანდაკე დონ გამერი გამოჩნდა. ისინი 1978 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ და 40 წელზე მეტი იყვნენ ერთად, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.