1970 წელს 16 წლის თინათინ ლეკვეიშვილმა 0.00,01-ით გაუსწრო ცნობილ უნგრელ მოცურავე ანდრეა დიარმარტს და ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
ბარსელონამ მოცურავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. თინათინ ლეკვეიშვილმა 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1.07,8-ით ოქროს მედალი დაიმსახურა და ტურნირის რეკორდიც დაამყარა.
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 1970-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მოცურავე გულაღმა სტილით. 1970 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი (100-მეტრიანი დისტანცია), ამავე შეჯიბრებაში ვერცხლის მედლის გამარჯვებული კომბინირებულ ესტაფეტაში (4x100 მ.), 1970 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (200-მეტრი დისტანცია). ოთხგზის (1968–1971) საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ასმეტრიან და სამგზის (1970–1972) 200-მეტრიან (გულაღმა ცურვა) დისტანციაზე. დაასახელეს საქართველოს 1970 წლის საუკეთესო სპორტსმენად.
"ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, - ღიმილით იგონებს ვეტერან მოცურავე. - ახლობლების რჩევით, დედამ თავის ბიცოლასთან - თინა ქოიავასთან მიმიყვანა, რომელიც ტანვარჯიშის მწვრთნელად მუშაობდა. სამი თვის შემდეგ მან ჩემებს გამოუცხადა, თინანოსგან (შინაურები ასე ეძახდნენ) ტანმოვარჯიშე არ დადგება და უმჯობესია, ისევ თავის მუსიკას და ინგლისურს მიხედოსო.
ქალბატონ თინა ქოიავას ვაჟმა, იურიმ, რომელსაც ძალიან ვუყვარდი, ცურვის სექციაში მივიყვანოთო, თქვა. ეს სახეობა, ალბათ, იმიტომ შეარჩია, რომ თავად წყალბურთელობდა. "დინამოს" საცურაომდე ორ ნაბიჯზე - მაშინდელ ტელმანის ქუჩაზე ვცხოვრობდი. მარგარიტა ტატიშვილს ჩააბარეს ჩემი თავი. ოთხი თვე საჭყუმპალაოდან არ ამოვსულვარ, ერთხელ გავცივდი და გაკვეთილები გამიცდა. მშობლებმა აუზს ჩამომაშორეს. ბევრი ვიწუწუნე, მაგრამ ყურიც არავინ მათხოვა.
მუსიკაზე ბებიას დავყავდი. ერთ დღეს ქუჩაში ჩემი მწვრთნელი შეგვხვდა. ქალბატონმა მარგალიტამ ბებია დაიყოლია და დედისგან უჩუმრად მთელი წელიწადი ვიარე ცურვაზე. მერე "მხიარული დელფინის" საქალაქო შეჯიბრებაზე საპრიზო ადგილი დავიკავე. მე და ბებიამ დიდის ამბით მივართვით დედას ჩემი სიგელი. ძალიან გაგვიბრაზდა, მაგრამ მოვთაფლეთ და ვარჯიშზე სიარულის ნებაც დავტყუეთ. მაშინ 10 წლის ვიყავი. ორი წლის შემდეგ საქართველოს პირველობა მოვიგე უფროსებში, ხოლო ლენინგრადში თანატოლებს ვაჯობე საკავშირო პირველობაზე."
"1970 წელი ჩემთვის მართლაც დაუვიწყარია: ჯერ საკავშირო ჩემპიონატზე ორი "ოქრო" ავიღე, შემდეგ საბჭოთა კავშირ-გდრ-ის სამატჩო შეხვედრაზე გავიმარჯვე. ბოლოს ბარსელონაში ამოვყავი თავი, ევროპის ჩემპიონატზე. წინასწარი გაცურვისას ფინალში მეშვიდე შედეგით შევედი. გადამწყვეტი პაექრობის წინ მწვრთნელებისგან დაიმედებული, რომ საკმაო დრო მქონდა დასასვენებლად, არხეინად ვიყავი.
ამ დროს ვლადიმერ ბურემ დამიყვირა, შენები (გაცურვის მონაწილეები) სტარტზე მიდიან, რაღას უცდიო. ამ დროს აფორიაქებული მწვრთნელებიც მოვარდნენ. არ მახსოვს, როგორ გავირბინე მანძილი სტარტამდე. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი და მეშინოდა, წაგება ჩემთვის არ დაებრალებინათ. წყალში გადავეშვით თუ არა, ისე მძლავრად გავცურე პირველი ორმოცდაათი მეტრი, რომ უახლოეს მდევარს მთელი კორპუსით გავუსწარი. დარჩენილ დისტანციაზე კი ვიგრძენი, როგორ მელეოდა ძალა, მეტოქეებიც მეწეოდნენ.
თავს შევუძახე და ბოლო-ბოლო 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში ევროპის ჩემპიონობა მოვიპოვე. 200 მეტრ დისტანციაზე ბრინჯაოს მედალი მერგო, ხოლო 4X100 მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტაში, სადაც ჩემთან ერთად გამოდიოდნენ ოლიმპიური ჩემპიონი გალინა სტეფანოვა-პროზუმენშიკოვა, ვალენტინა ტუტაევა და ტატიანა ზოლოტნიცკაია, კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავედი. იმ წელიწადს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტიც გავხდი. მქონდა სხვა წარმატებებიც, 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადებზეც, მეხიკოს მსგავსად, 4X100 მეტრზე ესტაფეტაში მცირედით გაგვისწრეს მეტოქეებმა და მე-4 ადგილზე დაგვტოვეს.
1973 წელს თინათინ ლეკვეიშვილმა საკავშირო ჩემპიონატზე ბოლო ოქროს მედლები მოიხვეჭა. მერე ცისფერი ბილიკიდან "გადაუხვია" და ჩვეული გულმოდგინებით შეუდგა "სამოქალაქო პროფესიის" ათვისებას. აქაც იყოჩაღა და ონკოგინეკოლოგი გახდა.