ამ ზაფხულს 9 წელი გახდა, რაც გუდამაყრელების რძალი გახდა. ამ ხნის მანძილზე კი ხეობა, ადგილობრივი ყოფა კარგად გაიცნო. სამი წლის წინ კი, უკვე ოჯახთან ერთად, იქ მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა. როგორია ქალაქელი გოგოს თვალით დანახული გუდამაყარი, როგორ ცხოვრობს არც ისე მარტივ პირობებში, ამას AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.
მანამდე გეტყვით, რომ ხატია სუხაშვილი პროფესიით მხატვარია, ფერმწერი, მაგრამ თავისი პროფესიისთვის ჯერჯერობით ვერ იცლის, უფრო მნიშვნელოვან საკითხს არის შეჭიდებული, რომელიც მეუღლესთან, გიორგი ბექაურთან ერთად დაგეგმა. შეგახსენებთ, რომ ეს ის წყვილია, რომელმაც 2015 წელს ჯვარი მყინვარწვერზე არსებულ სამლოცველოში დაიწერა...
- რაც დავქორწინდით, მთელ ზაფხულს აქ ვატარებდით, შეჩვეული ვიყავი აქაურ სიტუაციას, ყველაფერი დეტალურად ვიცოდი, რასთან მომიწევდა შეჯახება და რა სირთულეებთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. გიორგის ძალიან უყვარს გუდამაყარი და მაქსიმალურად ვეცადე, ამ ყველაფერს მეც ავწყობოდი... მინდოდა, ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა და მისთვისაც სასიამოვნო იქნებოდა. კოტეჯის აშენება მოვიფიქრე, რომ ხეობა გამოგვეცოცხლებინა, თან ტურისტულად აქტიური გაგვეხადა. ამ კუთხით ჩვენი ხეობა ვერ დაიკვეხნის, არ არის აქტიური.
- რა არის ამის მიზეზი?
- ჩემი აზრით, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში - გზა, რადგან უკვე ყველა შეეჩვია იმას, რომ მაღალმთიან ადგილებშიც ასფალტიანი გზით, მარტივად მიდიან. აქ ზოგან მოხრეშილი და ზოგან გრუნტის გზაა, ამ გზაზე რომ არ იარონ და ავტომობილიც არ დააზიანონ, ურჩევნიათ, ბუნება სხვაგან ნახონ... მეორე მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიც ვთქვათ, თუშეთსა და სვანეთშია, არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ტბები ხეობაში გვაქვს, მაგრამ ხალხისთვის ისინი ცნობილი არ არის... ამიტომ ცნობადობის ამაღლებაა საჭირო. სანამ გავთხოვდებოდი, მეც არ ვიცოდი, გუდამაყარი სად იყო. ერთადერთი გოდერძი ჩოხელის წიგნებით და ფილმებით ვიცნობდი აქაურობას... ჩვენს კოტეჯშიც ხალხი რომ მოდის, მეკითხებიან, - სად არის გუდამაყარი, როგორ მოვიდეთო. ზოგს გუდამაყარი ერთი კონკრეტული სოფელი ჰგონია, ზოგს - ხევსურეთი და ა.შ.
- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს მხარე ისეთივე პოპულარული გახდეს ტურისტული თვალსაზრისით, როგორც უკვე ნახსენები კუთხეები?
- მეტი საოჯახო სასტუმრო და კოტეჯი უნდა იყოს. მით უფრო, რომ აქაურობა, სხვა ხეობებთან შედარებით ქალაქთან ახლოსაა. არ არის ასევე კვების ობიექტები. ზაფხულში ძალიან ცოტა საოჯახო სასტუმრო მუშაობს. ჩვენც მხოლოდ ერთი კოტეჯი გვაქვს, მაგრამ მოთხოვნა მეტზეა, ამიტომ ვერ ვაკმაყოფილებთ და უარის თქმა მიწევს. მოკლედ, ასეთი ბევრი სივრცეა საჭირო და ასევე კვების ობიექტი - აქ ამომსვლელებს ეს აინტერესებთ. მე კვებას ჯერ ვერ ვთავაზობ, მხოლოდ გასაჩერებელი ადგილი გვაქვს. კოტეჯი მთაზეა, ხედებსა და დასვენებაზეა გათვლილი. მესამე წელია, რაც ვამუშავებთ, მაგრამ ჩვენს საქმეს კიდევ განვითარება აკლია. ჯერჯერობით მოგებაზე არ ვართ, აქ რა თანხებიც ჩავდეთ, იმის ამოღებას ვცდილობთ. საქმე თუ კარგად გაგრძელდა, იქნებ დავამატოთ ის, რაც გვაკლია და მოგებაზე მერე ვიფიქროთ... მუშაობაც მხოლოდ ზაფხულშია, ზამთარში ხანდახან წყლის პრობლემა იქმნება ხოლმე, თუ ეს საკითხი მოგვარდა, იქნებ თოვლის დროსაც მივიღოთ სტუმრები.
- ხომ არ ნანობთ, რომ საცხოვრებლად აქეთ გადმოხვედით?
- ...ვერ ვიტყვი, რომ ეს ამბავი გიორგიმ გადამაწყვეტინა, მგონი, უფრო პირიქით იყო, - მე გადავაწყვეტინე. ისიც ქალაქშია გაზრდილი და ჩემამდე არ ჰქონდა გეგმაში ამ ასაკში საცხოვრებლად აქეთ წამოსულიყო. რეალურად გეგმები ერთად დავსახეთ... მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა ქალაქში მაქვს გატარებული, სოფელი არ მქონდა. მგონი, ბავშვობის ის განცდები ჩამრჩა და ალბათ ახლა ამის ანაზღაურებას ვცდილობ. სინანულით ნამდვილად არ მინანია, კომფორტულად ვარ, აქ ცხოვრების პრობლემა ნამდვილად არ მაქვს. მხოლოდ არის, რომ ტექნიკურად არის ხოლმე პრობლემები. ისიც დამღლელია, ზამთრის გასვლას რომ ელოდები, აგვიანებს და გაზაფხულიც რომ ჯერ კიდევ ზამთარია, რაღაცნაირი მელანქოლიური განწყობა გეუფლება. არის მომენტები, როცა ემოციურადაც ცუდ მდგომარეობაში ხარ... მერე აქ მოსახლეობაც არ არის, მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები არიან, ვინც ზამთარში რჩებიან. რაღაც ასეთი მომენტები მაქვს ხოლმე. საბოლოო ჯამში კი ამ პერიოდულ მოწყენილობას პოზიტიური მიმართულება მივეცი, ბლოგების გაკეთება დავიწყე. რთული ეპიზოდები, ვცდილობ, სხვა რაღაცებით შევივსო. ქალაქში წასვლაზეც არ მაქვს პრობლემა, იმ მოწყენილობის დროს თბილისში მივდივართ. მოკლედ, აქაურ გარკვეულ დაბრკოლებებს სერიოზულ პრობლემად ვერ აღვიქვამ. გზა რომ არ იყოს და ქალაქთან დაკავშირება მიჭირდეს, ალბათ უფრო სხვა ემოცია მექნებოდა.