ნინოს სახეზე ძალიან ბევრი რამ იკითხებოდა. ჩაცვენილი თვალებით შემომხედა და ჩემ წინ დაჯდა.
- გამარჯობა, ზაზა, - ძლივს გასაგონი ხმით მომესალმა.
- გაგიმარჯოს, - ვუპასუხე და ის დრო გამახსენდა, როდესაც ახალი გასამართლებული ვიყავი და ნინო ჩემ სანახავად მოდიოდა ხოლმე. მაშინ გვერდიგვერდ ვსხდებოდით და ერთმანეთს ვეხუტებოდით. ხელს მოვხვევდი და ტანზე ვიკრავდი ხოლმე, ის კი შემომცინოდა და თვალებში მიყურებდა. მაშინ მის თვალებში სიყვარული, მონატრება, სურვილი და კიდევ ბევრი ისეთი რამ იკითხებოდა, რასაც სიტყვით ვერ გადმოსცემ და რასაც მხოლოდ 2 შეყვარებული ადამიანი კითხულობს ერთმანეთის თვალებში. მაშ, რა მოხდა შემდეგ? დაიღალა? მოსწყინდა? ვნებას აჰყვა? შეუყვარდა? ეს კითხვები თავისთავად დალაგდა გონებაში და სურვილი გამიჩნდა, რომ ყველა ერთბაშად დამესვა. ყველაზე მეტად კი მისი მოსვლისა და ჩემთან შეხვედრის სურვილის მიზეზი მაინტერესებდა. რატომ გადაწყვიტა ამდენი წლის შემდეგ შეხვედრა?..
ამ ყველაფერმა გონებაში წამებში გაირბინა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. არ მინდოდა, მისთვის ტკივილი მიმეყენებინა. იქნებ ამ თემაზე ლაპარაკი არ სურდა? მე კი მის სულში ხელის ფათურს არ ვაპირებდი, მიუხედავად იმისა, რომ ასე მატკინა გული. ის ახლა სხვისი ცოლი იყო და მე მასზე უფლებები აღარ მქონდა. თუმცა, შესაძლოა, ვცდებოდი, როცა ამას ვფიქრობდი.
ფიქრებიდან გიორგის ხმამ გამომარკვია. ბავშვი რაღაცას მეკითხებოდა. მერე ნათია ჩაერთო ჩვენს საუბარში. მე ისევ ბავშვებს მივუბრუნდი. ნინო კი იჯდა და ხმას არ იღებდა. ხანდახან გავხედავდი ხოლმე და როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდებოდა, მზერას მარიდებდა და თავს ხრიდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც ჰქონდა სათქმელი, მაგრამ საუბრის დაწყება უჭირდა. გადავწყვიტე, ისევ მე დავხმარებოდი.
- როგორ ხართ, რას შვრებით? - ვკითხე და თვალებში ჯიქურ ჩავხედე.
- ცუდად, - კარგა ხნის დუმილის შემდეგ მიპასუხა.
- რატომ? რა მოხდა? - მართლა გამიკვირდა მისი ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულადაც არ ეტყობოდა ბედნიერების კვალი.
- ვერ დაგივიწყე, ზაზა... - თქვა და თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით წამოუვიდა.
სურვილი გამიჩნდა, რომ დამემშვიდებინა და თავზე ხელი გადამესვა, მაგრამ თავი შევიკავე. არ ღირდა გულისამაჩუყებელი სცენების გათამაშება. არადა, რამდენი რამის თქმა მინდოდა... ვარჩიე, ისევ დიპლომატიურობა გამომეჩინა და ჩემი სურვილები მოვთოკე.
- ზაზა, არ ვიცი, დაიჯერებ თუ არა, მაგრამ მართლა ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს. ვიცი, რომ ახლა აღარაფრის შეცვლა არ შეიძლება და ყველაფერი სამუდამოდ გავაფუჭე, მაგრამ მინდა იცოდე, რომ საკუთარი დანაშაული შეგნებული მაქვს.
- ჰო, ახლა გვიანია, - თავის ქნევით ვუპასუხე. - მაგრამ ალბათ იმიტომ ნანობ, რომ ბედნიერება ვერ იპოვე. შენ რომ ბედნიერი იყო, არ ინანებდი.
- არ ვიცი, არ ვიცი... - თქვა და ცოტა ხნით ჩაფიქრდა. - თავის მოკვლა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, - დაამატა ჩუმად.
- მერე, ბავშვებზე არ ფიქრობდი? - წარბი ავწიე. - მე აქ ვარ გამომწყვდეული, ბავშვებს შენ ჰყავხარ და შენც თავს იკლავდი? მაინც რატომ გააკეთე ეს? - ვერ მოვითმინე და დავსვი ის კითხვა, რომელიც წლების განმავლობაში ასე მაწვალებდა.
- არ ვიცი, ზაზა, ცხოვრებამ დამაბნია. ფაქტობრივად, მარტო დავრჩი. გალიაში გამომწყვდეული მხეცივით ვაწყდებოდი უხილავ კედლებს. დედამ და დამაც იქონიეს გავლენა... ისე არ გაიგო, თითქოს სხვას ვაბრალებდე, მაგრამ მაშინ, როცა ამ ნაბიჯს ვდგამდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად ვიქცეოდი, თუმცა, მალევე მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი.
- ამაზე ლაპარაკი არ ღირს. კარგად იცი, რომ მე აღარაფრის შეცვლა არ შემიძლია.
- ვიცი. მე ქმარს გავშორდი.
- ღირდა ეს ყველაფერი ჩვენი ოჯახის დანგრევად? - მწარედ ჩამეცინა და ძალიან მომინდა, რაღაც მწარე მეთქვა, მაგრამ ისევ ბავშვების გამო შევიკავე თავი და მხოლოდ ეს წარმოვთქვი.
- ახლა ბავშვებთან ერთად დედასთან ვცხოვრობ, - ისე ამბობდა, თითქოს ელოდა – მის სიტყვებს რომ მოვისმენდი, სიხარულით გავგიჟდებოდი.
- ნინო, მინდა, ერთი რამ იცოდე: ძალიან მიყვარდი და უშენოდ სიცოცხლე ვერ წარმომედგინა. სწორედ ამიტომ მიჭირს პატიება. ახლა შენ მხოლოდ ჩემი შვილების დედა ხარ და მეტი არაფერი. ესენი ახლა პატარები არიან. როცა გაიზრდებიან, თავად გამოიტანენ დასკვნას და იმედია, მაპატიებენ იმას, რომ ვერ გპატიობ გაუაზრებლად გადადგმულ ნაბიჯს. ჩვენ შორის ყველაფერი იმ დღეს დამთავრდა, როცა შენ ჩემი ღალატი გულში გაივლე. ჩვენი ერთად ცხოვრება არ გამოვა, არც ახლა და არც იმის შემდეგ, როცა აქედან გამოვალ. როცა იქნება, დავაღწევ თავს ამ კედლებს და ახალ ცხოვრებას დავიწყებ. მართალია, უშენოდ, მაგრამ ეს შენი არჩევანი იყო. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. მე რომ ნამდვილად დამნაშავე ვიყო და მკვლელი, ალბათ მაშინ გაცილებით იოლი იქნებოდა ყველაფერი, რადგან თავს დამნაშავედ ჩავთვლიდი შენსა და ჩვენი შვილების წინაშე, რომ ჩემი წინდაუხედაობით ასეთი განსაცდელის წინაშე დაგაყენეთ, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ მე დამნაშავე არ ვარ. სწორედ ამიტომ უნდა დამდგომოდი გვერდით და ეს გასაჭირი ჩემთან ერთად გადაგეტანა. დამხმარებოდი, რომ გაიოლებულიყო ჩემთვის აქ ყოფნა. მაშინ დროც უცებ გავიდოდა და ჩვენ ისევ ერთ, შეკრულ ოჯახად დავრჩებოდით. შენი საქციელით სასიკვდილო განაჩენი გამომიტანე. უცხო ადამიანმა დამინდო, სასიკვდილოდ მოსამართლემაც კი არ გამწირა, შენ კი ერთი ხელის მოსმით ყველაფერი წამართვი თავისუფლებაწართმეულ კაცს. მე გაპატიებ, მაგრამ ჩვენ ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ. ჩემი საბოლოო პასუხი ასეთია.
- იმის უფლებას თუ მომცემ, რომ ბავშვები მოვიყვანო და მეც მათთან ერთად მოვიდე შენ სანახავად?
- ბავშვებს დედაჩემი მოიყვანს. შენ კი ნუღარ მოხვალ, რადგან შენი ნახვა უზომო ტკივილს მაყენებს.
- კარგი, როგორც შენ გინდა, ისე იყოს, - მითხრა და თავი ჩაქინდრა.
უზომოდ მტკიოდა გული, მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემეძლო. მე არ შემეძლო იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გასაჭირში მიმატოვა. სიყვარული კი დროებითი ყოფილა. ის თურმე მიდის და ქრება, მაგრამ დიდ ტკივილს და შეუხორცებელ იარას ტოვებს, რომელზე შეხებაც ყოველთვის აუტანელ ტკივილს გაყენებს.
ასე დამთავრდა ჩემი და ნინოს სიყვარულის ამბავი, რომელიც მეგონა, რომ დაუსრულებელი იქნებოდა და ვფიქრობდი, რომ ერთმანეთს ვერაფერი დაგვაშორებდა.
სამაგიეროდ, ჩემი ტუსაღური ცხოვრება გაგრძელდა. 12 წლის განმავლობაში ბევრ სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილს გავუძელი, ბევრი გასაჭირი გადავიტანე, მაგრამ ვერაფერმა გამტეხა. ციხეში გატარებული ყოველი დღე დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილია. ეს დიდი სკოლაა, სადაც შეგიძლია ისწავლო, როგორ არ უნდა მოიქცე. ათასი ჯურის ადამიანს შევხვდი, დამნაშავეს, გარემოების მსხვერპლს, თაღლითს, მკვლელს, სახელმწიფო მოხელეებს. ყველა თავისებურად უყურებს ცხოვრებას, ყველას თავისი შეხედულება აქვს და ვერაფრით გადაათქმევინებ იმას, რასაც ფიქრობს. ეს გასაჭირი ჩემი გადასატანი იყო და გადავიტანე კიდეც.
ახლა შეწყალებას ველოდები. იქნებ გამიმართლოს?.. მომავალს იმედის თვალით შევყურებ და მგონია, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება...
დასასრული
ავტორი: მარი ჯაფარიძე