მომღერალი ბარბარა სამხარაძე ფართო საზოგადოებამ 2016 წელს პოპულარული შოუ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან ხალხის სიყვარული განსხვავებული ხმის ტემბრითა და სტილით მალევე მოიპოვა და შოუში გამარჯვებაც მოახერხა. 2019 წელს კი მონაწილეობა მიიღო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“.
ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და რჩევებს წონის კლებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამომწერებს ხშირად აძლევს.
როგორც ცნობილია, ბარბარა წლების განმავლობაში ცდილობდა ზედმეტი წონის დაკლებას, ახლა კი სწორი კვებითა და ვარჯიშით სასურველ შედეგს ნაბიჯ-ნაბიჯ არწევს.
"მინდა, ახალი ბარბარა უთქმელად დაინახონ და თქვან: ვა, რა მაგარია! ჯერ 15 კილო მაქვს დაკლებული, შემოდგომაზე უკვე 30 კილო მექნება და მერე ვნახოთ. ასე რომ, სულ მალე ერთ-ნახევარ ადამიანს ჩამოვიცილებ ჩემი სხეულიდან. არაერთხელ დამიწყია დიეტა, დამიწერია სოციალურ ქსელში: არიქა, დიეტა დავიწყე-მეთქი და მეორე დღეს დამირღვევია. ახლა კი ვთქვი: არ ვილაპარაკებ და პირდაპირ შედეგს დავდებ", - ამბობდა ბარბარა სამხარაძე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.
ცოტა ხნის წინ ბარბარაბ დის ფოტოები გამოაქვეყნა და მეგობრები და გულშემატკივრები დააბნია, რადგან გოგონები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: "სანამ დაწერთ, როგორ გამხდარხარო, მე არ ვარ, ჩემი დაა. ვგავართ?" - წერს ბარბარა.
- დილით, როცა იღვიძებ, ცხოვრების მოტივაციას რა გაძლევს?
- პირველ რიგში, მახსენდება, რომ ბავშვობაში ჩემ მიერ მოგებულ სახლში ვარ - ვაუ, რა მაგარია, ყოჩაღ, ბარბარა-მეთქი (იღიმის)! მადლიერების შეგრძნებით ვიღვიძებ.
- შენს ცხოვრებაში ბოლოს მომხდარი სასიამოვნო სიახლე გაგვიზიარე...
- ერთ-ერთი კლინიკიდან გამოვდიოდი. მიმავალმა კურიერმა მოპედი გააჩერა და მითხრა, - ამ წამს შენს სიმღერას ვუსმენდიო. ძალიან გამიხარდა, უბედნიერესი ვიყავი!..
- უსიამოვნო სიახლეც გაგვანდე...
- რკინადეფიციტური ანემია აღმომაჩნდა. ამასთან გასამკლავებლად, ბევრი დრო, ექიმების ჩარევა და მთელი ამბები დამჭირდა.
- როგორ გინდა, რომ წლების მერე, ხალხს დაამახსოვრდე?
- ყოველთვის ასე მიხსენებენ, - უი, ის პუტკუნა, სოფლელი გოგოო... წინათ ეს არ მსიამოვნებდა - ჩემში დისკომფორტს იწვევდა, მაგრამ ახლა მინდა, ყველას ასე ვახსოვდე, რადგან რაღაც განსაკუთრებული გონებაში ყოველთვის ღრმად იბეჭდება და რჩება. თუკი ხალხს ამ "ერთი სოფლელი გოგოთი" მე გავახსენდები, დაე, ვიყო სოფლელი გოგო, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. ზუსტად იმ სოფლიდან დაიწყონ ჩემი გახსენება...
- ასაკის მატება გაშინებს?
- პირიქით - ჩემთვის ასაკის მატება შესაძლებლობების მატებასთან ასოცირდება, რადგან 16 წლიდან მოყოლებული, ყველა მეუბნებოდა, - ამა თუ იმ საქმის გასაკეთებლად ასაკი გჭირდებაო.
- ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა უთქვამთ შენთვის?
- სპარსული კატა მყავდა, რომლის შესახებაც ერთხელ მომწერეს, - ერთმანეთს ემსგავსებითო. ეს მსგავსება საიდან "მოდიოდა", აზრზე არ ვარ - როგორ შეიძლებოდა, მე და კატა ერთმანეთს დავმსგავსებოდით (იღიმის)?..
- კატას რა ბედი ეწია?
- ისევ მყავს. უბრალოდ, მისმა ბეწვმა ალერგია მომცა. ამიტომ კატა ახლა სოფელშია.
- ოდესმე შენს შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?
- არა. საბედნიეროდ, ამ საკითხში რეალისტი ვარ.
- რამ განაპირობა, რომ ყოველთვის ზუსტად იცი, რა შეგიძლია?
- ალბათ იმან, რომ ჩემს თავს ძალიან კარგად ვიცნობ. საერთოდ, სამყაროს აღქმისას რეალისტი ვარ, მაგრამ განსაკუთრებულად - საკუთარი თავის აღქმისას. მაგალითად, ვიღაცამ რომ მომთხოვოს, - მოდი, სირბილში შემეჯიბრეო, ვიცი, ვერ "გავქაჩავ" და არ "გავიწელები" - წამოდი, გაგასწრებ-მეთქი. ვიცი, რა შემიძლია, რა არის ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამ ზღვარს არასოდეს ვკვეთ.
- სიმღერის გარდა, ყველაზე უკეთ რა საქმე გამოგდის?
- მასწავლებლობა. მოსწავლეებს ჩემ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ.
- როგორ ფიქრობ, შენ შესახებ ხალხს როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად, როგორი ხარ?
- ძალიან სწორი წარმოდგენა აქვს, ვინც ჩემზე დადებითად ფიქრობს. "ჩვენი გოგოთი" მომმართავენ, როცა მხვდებიან, რადგან ოჯახის წევრად აღმიქვამენ. რასაც ვაკვირდები, ჰგონიათ, რომ ჩემთან ყველაფერზე საუბარი შეუძლიათ, თუნდაც - ქუჩაში გავლის დროს, ბევრს თავისი შვილის შესახებ მოუყოლია. ეს ყველაფერი არ მაღიზიანებს, პირიქით - ბავშვობიდან მოყოლებული, დედა სულ მეუბნებოდა, - ხალხის ნუგეში უნდა იყო, მათი საამებელი აკეთოო. ცოტათი ცუდი შეგონებაა, მაგრამ იმ სოციუმში განვითარებისთვის, სადაც ვარ, ვფიქრობ, სასიკეთო და ძალიან სწორი გათვლაა, რომ ჩემთან ურთიერთობისას, ნებისმიერ ადამიანს თავი სახლში, შინაურულ გარემოში ვაგრძნობინო. ამას მართლა ვცდილობ. თუკი გამომდის და ხალხს ამის აღქმა შეუძლია, ვფიქრობ, ამაზე კარგი არაფერია. მოკლედ, რეალურადაც ისეთი ვარ, როგორი წარმოდგენაც აქვთ, რადგან არაფერს ვთამაშობ - ისეთი ვარ, როგორიც სინამდვილეში.