21 აგვისტოს ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მეუღლეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარას დამიანე დაარქვეს. ხვიჩამ სამშობიაროდან პირველი კადრებიც გაგვიზიარა: "ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე", - დაწერა მან.
დამიანე კვარაცხელიას დაბადებას მისი მშობლების მეგობრები და ოჯახის წევრები სამშობიაროს ეზოში ელოდებოდნენ. მოლოდინისა და პირველი სიხარულის კადრები კი სოციალურ ქსელში ნიცა თავაძის მეგობარმა გაგვიზიარა.
როგორც ცნობილია, ხვიჩა 20 აგვისტოს, შვილის დაბადებამდე ერთი დღით ადრე, იტალიიდან პირდაპირ რეისით გამოემგზავრა, რათა დამიანეს გაჩენის დროს მეუღლისა და შვილის გვერდით ყოფილიყო. ნაპოლიმ ფეხბურთელის პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამბავი გაითვალისწინა და ამის უფლება მისცა.
25 აგვისტოს ნაპოლი-ბოლონიის მატჩი უნდა გაიმართოს, ამიტომ ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში დაბრუნება მალევე მოუწევს.
ნიცა თავაძე და ხვიჩა კვარაცხელია
წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
გასული წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.
გავრცელდა კადრები იმის შესახებაც, თუ როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ნიცა და ხვიჩა იცხოვრებენ. როგორც ცნობილია, ქორწილის მეორე დღეს ისინი იტალიაში გაემგზავრნენ და ნეაპოლში დაბინავდნენ. მათი სახლი მყუდროა, ზღვის ხედით.