მსახიობ მაკა შალიკაშვილის ცხოვრებაში უამრავი განცდა, სიხარული და ტკივილი იყო, ისეთი რთული პერიოდები, როცა არ ეღიმებოდა, თუმცა, ყოველთვის გულწრფელად უღიმოდა მათ, ვინც მის მიმართ სითბოს გამოხატავდა. როგორც თავად ამბობს, მან ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჯილდო მოიპოვა – ხალხის სიყვარული და ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ის რეალურ ცხოვრებაში, არასოდეს თამაშობს. მიუხედავად რთული ყოფისა, თავს მაინც ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს და ცდილობს, მისი წილი დადებითი ენერგია, ყველა იმ ადამიანს გაუნაწილოს, ვინც მის გვერდითაა.

მაკა შალიკაშვილი
ამჯერად მაკა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ცხოვრებისეულ სირთულეებზე, მათ შორის ადამიანებისგან მიღებულ წყენაზე საუბრობს და კითხვას, როგორ უმკლავდება გულისტკენას, პასუხობს:
ზოგი ადამიანი მე მოვიცილე, ზოგმა თავად მომიცილა. ცხოვრება ასეთია. ყველანი ჩვენ-ჩვენს ნავში ვსხდებით და ვაგრძელებთ გზას. ზოგისთვის იქნებ მე გამოვდექი სარეველა, არ ვიცი. ზუსტად ისეა, როგორც ლექსშია: „ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება. ყველაფერი წამიგია, მეგობრები გვაკლდება. ბრაუნინგით არ მომკვდარა, ვინც დღეს ჩვენთვის მკვდარია, არც ფანჯრიდან გადმომხტარან, მშვენიერად არიან“.
ადამიანებს თავიანთი ცხოვრების წესი აქვთ. თავიანი პიროვნული თვისებები აქვთ. მე მაგალითად, ზედმეტად ალალი ვიყავი და რაღაც ასაკში მეგონა, ყველა ისეთი იყო, როგორიც მე ვარ, ან მე ვიყავი ყველასნაირი. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. არც ეს ყოფილა პრობლემა. ყველაფერმა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, გამხადა ზუსტად ისეთი, როგორიც დღეს ვარ.
სისულელეა წყენის და გულისტკენის შემდეგ არჩიო მომხდარი და ისევ იმ ადამიანის გვერდით მოინდომო ყოფნა, ვინც შენ ისეთი ვერ დაგინახა, როგორიც ხარ. ძალიან მიყვარს პატიება, მაგრამ გააჩნია წყენის ხარისხს. როცა ის ძალიან დიდია, აუცილებლად გვერდზე უნდა გადგე. დაშორდე, ვინც გიმტრო და ტკივილი მოგაყენა.
ადამიანი უგუნური ხომ არ ხარ. გულთან მოიხმო და ჩაიხუტო ის, ვინც მუდმივად გკბენს. თუმცა ძალიან მეცოდება ასეთი ადამიანი. დასანანია, რომ დროებით და მოკლე წუთისოფელში არ ვინდობთ ერთმანეთს. ტერენტი გრანელის ლექსს მოვიშველიებ: „ვიცი, მე შენ გამიწიე მტრობა, მაინც მოხვალ და საყვედურს მეტყვი. ისევ ვეძებ მარადიულ ყოფას, სიკვდილია სიცოცხლეზე მეტი“.