დრო შეუმჩნევლად გავიდა. ვისადილეთ. საზამთროსაც გავკარით კბილი.
_ გმადლობთ, _ თქვა ზურიკომ და წამოდგა.
_ გაიზარდე. ახლა ეზოში ჩადით, შვილო. ბიჭებს გააცანი შენი სტუმარი, _ ვთავაზობ ირაკლის.
_ არა, არ მინდა, _ ერიდება ზურიკოს.
_ რა ვიცი, წამოვიდეს, _ ცალი მხარი აიჩეჩა ირაკლიმ. ზურიკო ფეხს ითრევს.
_ მიდი, მიდი, ნუ გრცხვენია. შუბლზე კი არ გაწერია, ლიმონს რომ ყიდი, _ გავეხუმრე… წავიდნენ. აივნიდან გადავხედე. ირაკლის მხარზე გადაუხვევია ხელი ზურიკოსთვის და საქანელებისკენ მიდიან. ამასობაში გადავქექე ირაკლის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ამოვარჩიე და ზურიკოსთვის გადავდე. ესენი კარგად ექნება…
* * *
მოსაღამოვდა. ქაქანით ამოვიდნენ გაოფლილები, სახეალეწილები.
_ რა ხდება?
_ ფეხბურთი ვითამაშეთ, დე. წავაგეთ, _ ქოშინებს ირაკლი. _ არადა, რვით ექვსს ვიგებდით.
_ აი, თქვე დოყლაპიებო! _ არ დავინდე არც ერთი.
_ ირაკლიმ პენალტი დაარტყა და… აახაია! _ ხითხითებს ზურიკო.
_ აახაია? ეს რას ნიშნავს? პირველად მესმის.
_ ააცილას, _ მიხსნის ირაკლი.
_ აუჰ! მომჭერი თავი, ხომ? _ შევიცხადე.
კვდებიან სიცილით.
_ დე, იცი, ბიჭებს როგორ მოეწონათ ზურიკო? მარცხენა ფეხით ურტყამს პენალტებს. გააგიჟა სუყველა! ხვალაც ჩამოიყვანეო, მთხოვეს. დარჩეს რა, ჩვენთან? დარჩები? _ მიუბრუნდა ზურიკოს. უარის ნიშნად თავი გადააქნია.
_ დედაჩემი მომკლავს. უნდა წავიდე, _ გულსაკლავად ამოთქვა.
_ კარგი. როგორც გინდა, _ დათმო ირაკლიმ. მერე განზე გამიყვანა და ჩურჩულით მეკითხება:
_ დე, რა ვაჩუქო?
_ რა ვიცი, შვილო. რაც გინდა, ის აჩუქე.
_ შეიძლება? _ ნებართვას მთხოვს.
_ სათამაშოები შენია. რასაც გინდა, იმას უზამ!
გაიქცა. აიღო კომპიუტერის კასეტები, აარჩია ერთი და ზურიკოს შეაჩეჩა.
_ შენი იყოს. ეს სუპერმენია (ეს მისი საყვარელი კასეტაა).
_ რად მინდა? მე კომპიუტერი არ მაქვს, _ უკან დაუბრუნა.
ირაკლი წამით შეყოყმანდა.
_ მაშინ… კომპიუტერიც წაიღე. მე დედაჩემი მაინც ახალს მიყიდის.
_ არც ტელევიზორი მაქვს, _ მხრები აიწურა ზურიკომ. ირაკლი ერთხანს დაფიქრდა.
_ იეს! ვიცი, რაც უნდა გაჩუქო! _ უცებ აღმოაჩინა ჩემმა «არქიმედემ», წაავლო ხელი ზურიკოს და სათამაშოების გროვასთან მიიყვანა… დიდხანს არჩიეს. ზურიკოს ერთ «მერსედესზე» ძალიან დარჩა თვალი. დიდია, ბრინჯაოსფრად შეღებილი. ირაკლის არ გამოპარვია. აიღო და უყოყმანოდ ისიც პარკში ჩაუდო. ზურიკო უძალიანდება.
_ აიღე. დედას გეფიცები, მე უკვე აღარ ვთამაშობ ამეებით, მომბეზრდა, _ გულწრფელად ეუბნება.
დაბნეულმა ზურიკომ მე გადმომხედა. «შეიძლება?» _ მკითხა თვალებით.
_ აბა, თვალების ჭუტვას თავი დაანებე! დაიუტ, ბერი! _ მივბაძე მამამისს…
მერე ახლები ჩავაცვით ჩვენს სტუმარს და გაჩერებამდე ჩავაცილეთ.
_ კიდევ ხომ მოხვალ? თბილისის ზღვაზე წაგვიყვანს დედაჩემი! _ შეპირდა ირაკლი. ზურიკო ჩაჯდა რაფში… ირაკლი დიდხანს უქნევდა ხელს მიმავალ მანქანას…
_ დე, ისეთ «მერსედესს» კიდევ ხომ მიყიდი? _ მეკითხება მოულოდნელად. მაინც დაწყდა გული.
_ გიყიდი შვილო, ორს გიყიდი, სამს, ოთხს… _ დაეჭვებით შემომხედა, რას მატყუებო.
მე კი არ ვიტყუებოდი…
* * *
იმ საღამოს ირაკლიმ გვიანობამდე შეკითხვებით გამაწამა: «რატომ მათხოვრობს, დე? დედამისი ცემს ხოლმე? რა კარგი ბიჭია, არა? კიდევ ხომ მოიყვან? როგორ მეცოდება იცი, დე?..» ლამის იყო, თავზე დაგვათენდა…
* * *
_ ვა, რონალდოს ფორმა გაცვია? ჩვენ ბოდიში! _ მოწონება ტუჩებით გამოვხატე. კვასკვასა წითელი ფერის სპორტული მაისური და ტრუსები აცვია, რვალარიანი.
_ საიდან?
_ მამაჩემის ძმაკაცმა მიყიდა. აქ შემხვდა გუშინ. გამიწყალა გული, რამე უნდა გაჩუქოო. მეც ეგ ავირჩიე.
_ მაგარია. გიხდება, _ გავფშიკე ცერი.
არაფერი უთქვამს. რაღაც მოწყენილი მეჩვენება.
_ რა გჭირს?
_ არაფერი, _ უხასიათოდ ჩაილაპარაკა.
როგორ არაფერი! ცხვირი გაქვს ჩამოშვებული. აბა, მომიყევი წვრილად, რა ხდება! _ მოვითხოვე კატეგორიულად.
განზე იყურება და მარცხენა ფეხის წვერს ათამაშებს.
_ გუშინ საღამოს ძაღლმა მიკბინა, _ ხმა შეეცვალა.
_ რას ამბობ! როგორ, სად, როდის?.. _ მივაყარე ავტომატის ჯერივით, _ აბა, მიჩვენე! ძალიან გაქვს?
_ ისე, რა!
_ შემახედე, შე საძაგელო, სადამდე გეხვეწო! _ გავბრაზდი ბოლოს.
_ ო-ო-ჰ! შეხვეული მაქვს. რა გახსნის ახლა ამას.
აიწია შარვლის მარჯვენა ტოტი და სახვევის შეხსნა დაიწყო. შეიხსნა და ფეხი გამოსწია, კარგად რომ მენახა. კინაღამ გული წამივიდა, ისე ჰქონდა ბარძაყზე ხორცი გამოგლეჯილი. ნეტა, როგორ დადის ასე ღია ჭრილობით!
_ კი მაგრამ, სად იპოვე, ბიჭო, ძაღლი, ასე რომ დააკბენინე თავი! _ შეძრწუნებას ვერ ვმალავ. არ შემიძლია ასეთი რამეების ყურება.
_ აქ დაბოდიალობს ხოლმე, ერთი შავი ძუკნაა. ახლახან დაყარა ლეკვები. ვაჭმევდი ხანდახან. წუხელ კიდე, რო ვნახე, ლეკვებით იყო. ერთი მომეწონა ძალიან, სულ შავი იყო, შუბლზე კი თეთრი ზოლი ჰქონდა. ვიფიქრე, მივეფერები-მეთქი, მოვკიდე ხელი და არ მეცა უცებ? ძლივს ამაგლიჯეს.
_ ძალიან გეტკინა? _ შევწუხდი. ლამისაა, ვიტირო.
_ პირველ წამს ვიგრძენი ცო-ტა (თითით მაჩვენა) წვა, მერე ვაფშე არ მტკიებია, რა! _ ზრდასრული ბიჭივით გააქნია ხელები.
_ ახლავე უნდა წავიდეთ ექიმთან! _ მივიღე გადაწყვეტილება.
_ რა ექიმთან! ხომ არ გაგიჟდი! რა მინდა ექიმთან!
_ შენ რასაც გეუბნებიან, ის გააკეთე. ახლავე ადექი და გამომყევი, თორემ…
თვალმოჭუტულმა შემომხედა. არ ვიცი, რა დაინახა ჩემს «თორემში», ერთი კია, მაშინვე წამოდგა და მორჩილად დამიდგა წინ.
_ ნემსი გაგიკეთებია ოდესმე? _ შევარბილე ტონი.
_ არა.
_ გეშინია?
_ რისი?
_ ნემსის.
_ ჰმ! ნემსის კი არა, მგლის არ მეშინია.
_ მაშინ წავედით.
* * *
მიმღებში ვიღაც თეთრხალათიანი ქალი თვლემს. ალბათ, ექთანია. ექიმი მოვითხოვე. ქალი უცნაურად ჩიფჩიფებს, თან წარამარა კბილზე იკიდებს ხელს. შევამჩნიე, საუბრის დროს როგორ უყანყალებს პროთეზი. «ემანდ არ გადმოუვარდეს»! _ გავიფიქრე.
_ სადღაც აქ არის. მალე შემოვა, დაელოდეთ.
_ ქალბატონო, ბავშვი ძაღლმა დაკბინა. ლოდინის დრო ნამდვილად არა მაქვს, _ სიმკაცრე შევმატე ხმას. შენც არ მომიკვდე, წარბიც არ შეიხარა.
_ თქვენნაირი მდგომარეობით მოდის აქ ყველა, ჩემს სანახავად კი არა! _ გაკაპასდა.
არ ღირს კამათის გაგრძელება. ველოდებით. კარგა ხანი გავიდა, ექიმი კი არა და არ ჩანს.
_ როგორ ფიქრობთ, კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ? _ დავკარგე ბოლოს მოთმინება.
პროთეზიანმა, როგორც იქნა, იკადრა და ტელეფონის ყურმილს გადაწვდა…
_ მე ვარ. მანდ არის?
_ …
_ უთხარი, ჩამოვიდეს. ძაღლის ნაკბენია.
დაკიდა ყურმილი.
_ თქვენ ყველა პაციენტს ასე ექცევით, ქალბატონო? _ ვერ ვიკავებ თავს.
სათვალის ზემოდან გაოცებული მზერა მესროლა.
_ უკაცრავად! რითი ხართ უკმაყოფილო? _ ირონიულად მეკითხება.
_ იმით, რომ მე ნახევარი საათის წინ მოვითხოვე ექიმი, თქვენ კი მხოლოდ ახლა იძახებთ მას, _ ახლა კი «ნამეტნავად» ავუწიე ხმას.
_ თქვენ სად მუშაობთ, გენაცვალე? _ ისევ ირონიით.
_ ჟურნალისტი ვარ! _ «მივახარე» ნიშნის მოგებით. ერთი წამით გახევდა.
_ მერე, მასე გეთქვა თავიდანვე, შე ქალო! _ «გაუხარდა».
მოუსვენრობა შეეტყო. ჯერ მაგიდის უჯრა გამოაღო, ვითომ რაღაცას ეძებდა, მერე კარადას ეცა, იქაც ვერაფერი იპოვა, ბოლოს საპროცედუროს კარი შეაღო და ოთახში გაუჩინარდა. არ გასულა წუთიც და ოდნავ შეღებული კარიდან გამოგვძახა:
_ აბა, შემოდი, ბიჭუნა, მოგამზადებ, სანამ ექიმი მოვა.
ზურიკომ მუდარით ამომხედა.
_ მეც შემოგყვები, ნუ გეშინია.
_ არ მეშინია, მაგრამ მაინც შემოდი.
ზურიკო სკამ-ლოგინზე გაწვა და თვალები დახუჭა.
_ მთელი ჩემი ცხოვრება ამ საავადმყოფოში გავატარე. ავადმყოფი არასდროს დამიტოვებია უყურადღებოდ. ეს ყველამ იცის და სულ «პადარკებით» მოდიან. ერთხელ ერთმა ბიჭმა მითხრა, დეიდა, თქვენ ისეთი ყურადღებიანი ხართ, ისე შემაყვარეთ თავი, ვერ მოვისვენებ, პატივი რომ არ გცეთო და 20 ლარი მაჩუქა, _ ქაქანებს ქალი, _ მოიტანენ ხოლმე ყვავილებს, ან «ბამბანერკას». ვის რათ უნდა დღეს შენი ყვავილები და კამფეტები. არ ჯობია, ერთი-ორი ლარი ჩაუკუჭო ჯიბეში ადამიანს? მაინც ხომ იმდენი ეხარჯებათ მაგ საჩუქარში! ჩემთვის კიდე, მადლია, პურს მაინც ვიყიდი ან შაქარს, _ გაუტია.
«მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტარითაც ხარ ნაჩხვლეტი», _ გამახსენდა ილიას «მგზავრის წერილები»…
ამ დროს კარი ხმაურით გაიღო და ჯერ ღიპი შემოვიდა, მერე _ კაცი, ნახევრადგამელოტებული თავით.
_ აბა, რომელს გვიკბინა ძაღლმა? _ ხელებს იფშვნეტს და თან გვათვალიერებს, _ დედას თუ შვილს?
_ შვილს, შვილს, _ ჩემ მაგივრად პასუხობს ღიმილად ქცეული ექთანი.
_ ჭრილობა დაუმუშავეთ რაიმეთი? _ მომიბრუნდა ღიპიანი.
_ ა-რა, _ დავიბენი უცებ.
_ როდის უკბინა?
_ გუშინ საღამოს.
_ მერე, აქამდე სად იყავი, კაცო? _ მხოლოდ ახლა მიიღო საქმიანი იერი ექიმმა.
_ სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს გავიგე, _ ავიწურე მხრები.
_ კი მაგრამ, თქვენ ამ ბავშვის დედა არა ხართ? _ დაიწყო დაკითხვა.
_ არა.
_ აბა? დეიდა? _ არ მეშვება «ღიპი».
_ არა, არც დეიდა.
_ აბა ვინ ხართ, მეზობელი?
_ მეგობარი ვარ. _ გულწრფელად ვპასუხობ.
_ ა-ა-ა. გასაგებია, გასაგები, _ ჩაილაპარაკა გაოგნებულმა. თუმცა, აშკარად ეტყობა, არაფერიც არ არის გასაგები.
_ თქვენ თუ გყავთ შვილი? _ აგრძელებს დაკითხვას.
_ თქვენ ბავშვის მდგომარეობა გაინტერესებთ, თუ ჩემი? _ გავიწყვიტე მოთმინების ძაფი და შეტევაზე გადავედი.
«ღიპმა» ხმა გაკმინდა. მერე საპნიანი წყლით მობანა ჭრილობა, მერე რაღაცით დაუმუშავა და… შეხვევა დაიწყო.
_ რას შვრებით, არ უნდა გაუკეროთ? _ შევშფოთდი.
_ სამი დღე ძაფების დადება არ შეიძლება. ტეტანუსზე აცრილია?
_ არა მგონია.
_ ჰოდა, მით უმეტეს. სამი დღის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, გავკერავთ. ძაღლი შინაური იყო?
_ არა, მაწანწალა.
_ სად მოხდა დატაკება? _ დეტექტივივით იკითხა ექიმმა.
_ ბაზრობაზე.
_ ბაზრობაზე? იქ რა…
_ იქვე ცხოვრობს, _ გავაწყვეტინე.
_ მაშინ მოუწევს მუცელში ნემსების კეთება. მინიმუმ თხუთმეტი მაინც დასჭირდება.
_ აუჰ! _ გული შეუღონდა ზურიკოს, _ რა ამბავია!
_ აბა! ასეა! სხვანაირად არ გამოვა მაგ საქმე. ეს ყველაფერი კი ფული ჯდება. ხომ ხედავთ, სახელმწიფო არაფერს გვაძლევს. ამ წამლების ყიდვა კი ბევრი გვიჯდება. არც იშოვება, რომ იცოდეთ. ბინტი რომ ბინტია, ისიც ჩვენი საყიდელია.
_ კი მაგრამ, მე ჟურნალისტი ვარ და ვიცი, რომ ცოფზე მკურნალობა უფასოა! _ ვაგრძელებ შეტევას.
_ იცით, ჩემო კარგო, რომ ამ წამლებს მე საკუთარი ჯიბიდან ვყიდულობ? კი არ მჩუქნიან! ისიც მეყოფა, ლტოლვილებს რომ ვემსახურები სამადლოდ!
«აგაშენა ღმერთმა! მეც მანდა ვარ!» _ გავიფიქრე გახარებულმა და ვატაკე:
_ ჰოდა, ზურიკოც დევნილია.
_ დევნილი? საიდან გამოდევნეს? _ ვერ მიხვდა ექთანი.
_ ლტოლვილია, ქალბატონო, ანუ დევნილი. ეს ერთი და იგივეა.
_ ახ! ეს გაზეთების ენაზე, ალბათ, არა? _ «გაუნათდა» გონება ქალს და პროთეზი კვლავ «შეისწორა».
ექიმს ნირი წაუხდა. აშკარად. დანა პირს არ უხსნის. დგას გამეხებული და ამპულას ხსნის.
_ მომიტანოს ცნობა, რომ ლტოლვილია… თუ დევნილი! _ დაამატა მკვახედ.
_ კი ბატონო! _ თაფლის სანთელივით დავდნი.
_ მომსახურების ფული მაინც გადაიხადეთ. თქვენც ხომ არა ხართ ლტოლვილი, _ ტილივით გათავხედდა ექიმი.
რას ვიზამ. ჩემი სული მის ხელშია. ბავშვს არაფერი ავნოს.
_ ახლა მთლად უპატივცემულოდ ნამდვილად არ დაგტოვებთ… ინტერვიუს გავაკეთებ თქვენზე, _ დავაკონკრეტე მომსახურების გადახდის ფორმა.
ექიმმა ამოქაჩა ამპულიდან წამალი, მერე მოიმარჯვა შპრიცი, ორივე ხელით მაღლა ასწია და ჰაერი გამოუშვა…
_ აბა, ბიჭი. ცოტა გეტკინება, მაგრამ უნდა მოითმინო, _ და ჩაარჭო მუცელში. ზურიკო მხოლოდ დაიჭყანა. არც დაუყვირია, არც დაუკვნესია.
_ ე! ეს ვინ ყოფილა! მალადეც! _ აღტაცებაში მოვიდა «ღიპი» და ზრდილობის გულისთვის ძლივს გაიღიმა.
_ მორჩა! დაბანა სასტიკად არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში. აწი ივლით ყოველდღე. ზეგ ჭრილობასაც გავკერავთ. იმ ძაღლს თუ დაიჭერთ, შეიძლება ამდენი ნემსი არც დასჭირდეს, _ მოკლედ მოჭრა და საპროცედურო დატოვა.
ზურიკოს სახე და ხელები გაუოფლიანდა. ექთანი არ გვშორდება. შაბაშის მოლოდინშია, ალბათ. გავხსენი ჩანთა, ქალი ხელებში მიყურებს. «რით განსხვავდება ახლა ეს ქალი ზურიკოსაგან? არაფრით», _ გამომაქვს დასკვნა, ვიღებ ჩანთიდან ცხვირსახოცს და ბავშვს ოფლს ვწმენდ. ექთანს მოლიდინი გაუცრუვდა…
გაგრძელება იქნება