"წლოვანებას არასოდეს ვმალავ, 51 წლის ვხდები; კარგად რომ გამოვიყურები, ეს იმის დამსახურებაა, რომ მიყვარს ადამიანები" - ცისანა სეფიაშვილის ცხოვრების ამბები - Marao

"წლოვანებას არასოდეს ვმალავ, 51 წლის ვხდები; კარგად რომ გამოვიყურები, ეს იმის დამსახურებაა, რომ მიყვარს ადამიანები" - ცისანა სეფიაშვილის ცხოვრების ამბები

2024-08-26 16:22:46+04:00

მომღერალ და კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის შვილი ცისანა სეფიაშვილი  დაიბადა 1973 წლის 9 ნოემბერს. პროფესიით თეატრმცოდნე და პიარ-სპეციალისტია. ცისანა სეფიაშვილის მუსიკისადმი სიყვარული არავის გაჰკვირვებია, თუმცა მომღერლობაზე არასოდეს უფიქრია. ბავშვობაში ტელე-რადიომაუწყებლობის ბავშვთა გუნდში აღმოჩნდა ზურა და ლალი სიხარულიძეებთან. ამ პერიოდს მომღერალი დაუვიწყარს უწოდებს.

  • "ცისანა გათხოვდა მესამედ; ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება" - რას ამბობს ჯემალ სეფიაშვილი შვილის, ცისანა სეფიაშვილის დაოჯახების შესახებ 

1997 წელს გადაწყვიტა ,ტელეეთერში "ბრავო, მაესტროზე" მამისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და დუეტი ჩაწერა მერაბ სეფაშვილთან – „ღრუბელს რაღა უნდოდა“. იდეა ერთჯერადი უნდა ყოფილიყო, თუმცა მსმენელმა ისე აიტაცა ცისანას შესრულება, რომ სავიზიტო ბარათად იქცა.

ცისანა სეფიაშვილის ცხოვრება 

"ყველა მამას ვუსურვებ, რომ შვილები ბედნიერები ნახონ. არც ერთი ქალი არ თხოვდება მეორედ და მესამედ იმიტომ, რომ ბედნიერებას გაურბის. პირიქით, ბედნიერებას ეძებს.  რა სიხარულია, როცა იმ ბედნიერებას იპოვის. ცისანა გათხოვდა მესამედ. სხვათა შორის, არაერთხელ მაქვს ნათქვამი ინტერვიუებში, რომ მინდა, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი. ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება. არ უნდა გაექცეს ბედნიერების ძებნას“, - ამბობდა ჯემალ სეფიაშვილი შვილის შესახებ. 

  • „ამ გარკვევა-გარკვევაში აღმოჩნდა, რომ ჩემი ოცნების კაცი იყო ქალი“ - ცისანა სეფიაშვილი წარსული ურთიერთობის შესახებ საუბრობს 

თავად ცისანა კი საკუთარი ცხოვრების შესახებ ვრცლად "თბილისელებთან" საუბრობს: 

"მე წლოვანებას არასოდეს ვმალავ. 44 წლის ასაკში დამენგრა ოჯახი და ერთი წელი ვიყავი განცდებში. უცებ გამოვიხედე და ჩემს თავს ვუთხარი: "ცისანა, 45 წლის ხარ, ერთი წელი განცდაში გაატარე, გაუშვი ეს ყველაფერი, იცხოვრე და იყავი ბედნიერი, შენ ხარ ბედნიერი დედა, გაქვს საყვარელი საქმე, ხარ წარმატებული, სულ ვითარდები და სამყარო აუცილებლად დაგაჯილდოებს". მე სულ ვვითარდები, არ შემიძლია ერთ ადგილას ყოფნა. მე არ ვარ მომღერალი, ეს არ არის ჩემი წარმატება. უბრალოდ, ვიმღერე, ხალხმა შემიყვარა და აქამდე მომიყვანა, როგორც მომღერალი ცისანა სეფიაშვილი. ამისთვის დიდი მადლობა მათ! თუმცა, კიდევ ვამბობ, მე არ ვარ მომღერალი, მაგრამ დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ კუთხით შემიყვარა. მოკლედ, უცებ მივხვდი, რომ მე ჩემი თავი უნდა შევიყვარო და შევიყვარე, გავაგრძელე ცხოვრება და უცებ, 47 წლის ასაკში, გაშორებიდან სამი წლის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში მოვიდა ადამიანი, მოვიდა დიდი ბედნიერება. როცა ხარ ბედნიერი, არაფერს მალავ. კიდევ ვამბობ, არასოდეს დამიმალავს ჩემი ასაკი და არც არასოდეს დავმალავ.

  • „სიყვარული პატივისცემაა, ზრუნვა და ბედნიერებაა, თუ გაუფრთხილდები, არსად წავა... მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ შეყვარებულია“ - ცისანა სეფიაშვილი პირადი ცხოვრების შესახებ 

ნოემბერში 51 წლის ვხდები, უკვე ბებია ვარ. მყავს შვილიშვილი – უსაყვარლესი ნიკო წერეთელი. ბევრისგან მსმენია: ხუთი წლის წინ ისე კარგად არ გამოიყურებოდი, როგორც ახლაო. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრს ჰგონია, თავს განსაკუთრებულად ვუვლი, არადა, არაფერს მივმართავ იმისთვის, რომ ახალგაზრდობა გავიხანგრძლივო. წელიწადში ერთხელ თუ მივალ კოსმეტოლოგთან. არც სატრენაჟორო დარბაზში დავდივარ, არც მასაჟებს ვიკეთებ, არც ვვარჯიშობ, არც ვდიეტობ და არც სწორად ვიკვებები. კარგად რომ გამოვიყურები, ეს იმის დამსახურებაა, რომ მიყვარს ადამიანები, მიყვარს ცხოვრება, ყველას ბედნიერება მიხარია, შიგნიდან ვარ ბედნიერი და ამას ვასხივებ. თუმცა, როგორც გამოვიყურები, ამაში გენეტიკაც მეხმარება, რასაკვირველია. ყველა ქალბატონს მინდა, მივმართო: გიხაროდეთ და გაბედნიერებდეთ სხვისი ბედნიერება, ისწავლეთ სხვისი წარმატებით ტკბობა, ნუ იქნებით ბოღმიანები და აუცილებლად გაიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას. თუ გულში ღვარძლი და ბოღმაა, ოცი წლის ასაკშიც დაბერდები ადამიანი. ამიტომ, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, გიხაროდეთ სხვისი კარგი, ნუ დახარჯავთ დროს სხვებზე უარყოფითი კომენტარების წერით და დამიჯერეთ, თავადაც ბედნიერი იქნებით", - ამბობს ცისანა სეფიაშვილი.