ცოტა გავიარეთ. მეც არ ვიცი, საით მივდივართ. ყველაფერი ამომვარდა თავიდან. უაზროდ ვადგავართ გზას.
- იცი, დედაჩემს რა ლამაზი სახელი ჰქვია? - მეუბნება უცებ.
- არ ვიცი? - გადავხედე.
- ნანა. ხომ კარგი სახელია?
- უჰ! ძალიან. საერთოდაც კარგი ქალია, ლამაზი. შენ კი, თურმე, არ უჯერებ. სად გასწავლიან, კი მაგრამ, შვილმა დედას არ დაუჯეროსო? - დავტუქსე მსუბუქად.
- მაგი ცუდად იქცევა. შენ არ იცი. შენ ბევრი რამე არ იცი! - მოიღუშა.
- გცემს ხოლმე, არა?
- მამაჩემის ტყავის ქამრით. ადრე უფრო მერეოდა, ახლა დიდი ვარ და აღარ ვუჩერდები, ეგრევე გავრბივარ ხოლმე. - ამას გარდა… - შეჩერდა, თვალმოჭუტულმა შემომხედა, ვუთხრა თუ არაო.
- მითხარი, რისი თქმა გინდა. ხომ იცი, არავის ვეტყვი. იქნებ შემიძლია დაგეხმარო, - მოვუჭირე ხელზე ხელი.
- შენ იცი, სად არის თბილისში ბავშვთა სახლი, სულ პატარა ბავშვების სახლი?
- ვიცი, როგორ არ ვიცი. იქ რა ხდება?
- შენ რომ მიხვიდე, ხომ შეგიშვებენ? - სუნთქვა გაუხშირდა.
- აბა, რას იზამენ! - ვუდასტურებ.
- მე ორჯერ ვიყავი და არ შემიშვეს.
- კი მაგრამ, იქ რა გინდოდა? - ვგრძნობ, როგორ დავიძაბე.
გაჩერდა. ხელი გამიშვა და გამომცდელად შემომხედა.
- ნუ წელავ, მითხარი, რა ხდება! - უკვე თხოვნაზე გადავედი.
- იქ… დედაჩემმა… ბავშვი ჩააბარა… გოგო… სამი კვირის.
უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ვიგრძენი, როგორ დამბურძგლა.
- ვისი ბავშვი?
- თავისი. ჩემი და.
- როდის?
- მითხარი, ხომ არავის ეტყვი?
- არა, ზურიკო, ვის უნდა ვუთხრა. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.
- არც მამაჩემს, არც დედაჩემს, ხო?
- პირობას გაძლევ.
- შარშან ზამთარში გაუჩნდა გოგო. ნოემბერში. მამაჩემი უკვე ციხეში იყო. მერე საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, თქვა, ბავშვი მკვდარი დაიბადაო. მე კი გავიგე, ერთ ქალს რომ ელაპარაკებოდა ტელეფონით, ჩვილ ბავშვებში ჩავაბარეო, ახლა მისი რჩენის საშუალება არა მაქვს, ცოტა ხანს იყოს და მერე გამოვიყვან, ცოტა რომ წამოიზრდებაო.
- მერე? - ჩემს ხმას ვერ ვცნობ.
- მერე არც კი მისულა. მე ვიყავი ორჯერ, მაგრამ არ შემიშვეს. რამდენჯერმე ვთხოვე, წამიყვანე სანახავად-მეთქი. შენ იქ არაფერი გესაქმებაო. მოასწრებ მის ნახვას, მამაშენი რომ გამოვა ციხიდან, გამოვიყვან და სულ აქ იქნებაო. ახლა ჩვენ ძლივს ვარსებობთ, იმას რა ვაჭამოო…
- აქამდე რატომ არ მითხარი?
- რა ვიცი, აბა! - აიჩეჩა მხრები.
- გინდა, ახლავე წავიდეთ?
- მინდა! - გაუნათდა სახე.
* * *
ჩვილ ბავშვთა სახლში სიწყნარეა. თეთრხალათიანი ქალები გამოგვეგებნენ. თავაზიანად მიმიღეს. ერთი მათგანი ექიმის კაბინეტში შემიძღვა. ზურიკო დერეფანში დავტოვე. ექიმს ავუხსენი ჩემი მისვლის მიზეზი. ქალებმა ერთმანეთს გადახედეს და ცოტათი შეცბუნდნენ.
- იცით, ის ბავშვი რამდენი ხანია, გარდაიცვალა, - შეწუხებული სახით მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.
- როდის? - რაღაც ჩამწყდა გულში.
- იანვარში. საცოდავი, ავადმყოფი იყო, უსუსური. სულ ხაოდა. ტირილიც კი არ შეეძლო. ფილტვები ჰქონდა თავიდანვე ძალიან სუსტი. რამდენჯერმე შევუთვალეთ დედამისს, მოსულიყო და მიეხედა ბავშვისთვის, ან გაშვილების უფლება მოეცა, ან მკურნალობის ფულზე ეზრუნა, მაგრამ… არც კი შემოგვეხმიანა. ჩვენ ვერაფერი შევძელით. თუ გნებავთ, ისტორიას გაგაცნობთ.
- არა, არის საჭირო. გმადლობთ, ქალბატონო.
უხმოდ გამოვტრიალდი. ზურიკო კვლავ დერეფანში მელოდება. კიდევ კარგი, შიგნით არ შევიყვანე. ვფიქრობ, რა ვუთხრა…
- რაო? - მოუთმენლობა ეტყობა ხმაში.
- იცი, ზურიკო, შენი დაიკო ვიღაცას უშვილებია. მდიდარ უშვილო ცოლ-ქმარს და მოსკოვში წაუყვანიათ. კარგ ოჯახში იზრდებაო, მითხრეს, - უმოწყალოდ ვცრუობ. სხვა რა დამრჩენია. პაუზა გაიწელა…
- ვიცოდი, ეგრე რომ იქნებოდა! ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი! - ანგარიშმიუცემლად იმეორებდა ერთი და იმავეს.
- მასე მოუხდება დედაჩემს! წავიდეს ახლა და იპოვოს! ღირსია! - წამოიყვირა აცახცახებულმა უცებ, ხელიდან გამისხლტა და ეზოში გავარდა.
ჭიშკართან ძლივს დავეწიე და საყელოში ჩავავლე ხელი. ვცდილობ, დავაწყნარო. ვთხოვ, შინ გამომყვეს, ირაკლისთან. ირაკლი ახლა უებარი წამალი იქნება მისთვის. როგორც იქნა, დიდი მუდარის შემდეგ დავიყოლიე. ჩავსხედით ტაქსიში და ირაკლის მივაშურეთ…
* * *
შაბათია. კარზე ძლიერმა ბრახუნმა გამომაღვიძა. «ნეტავ ვინაა ამ დილაუთენია?» - გავიფიქრე და მაშინვე მაღვიძარას შევხედე. ათის ნახევარია. კაი დილაუთენია კი ყოფილა! ბრახუნი განმეორდა. სწრაფად წამოვხტი, ხალათი მოვიცვი და ფეხშიშველი გავქანდი კარისკენ.
- ვინ არის? - გავძახე «გამოღმიდან».
ხმას არავინ იღებს. გავიხედე სათვალთვალოში. შენც არ მომიკვდე. ვიღაცას ხელისგული აუფარებია ზედ. მივხვდი, ვინმე შინაური რომ იქნებოდა და უყოყმანოდ გადავატრიალე გასაღები. კარი გამოვაღე თუ არა, უცებ შავი ცელოფნის პარკი ამიფრიალდა ცხვირწინ. შიშისა და მოულოდნელობისგან შევხტი თუ შევკივლე, არ მახსოვს.
ზურიკოა.
- უჰ! შენ რა გითხარი, როგორ შემაშინე! რა არის, ბიჭო, ეს?! რა მოგითრევია, რა სუნი აქვს?!
- ეს თევზია, შენ რომ გიყვარს, - პირი ყურებამდე ჩახევია კმაყოფილი ღიმილისგან.
- რა ყველის ვაჭარივით იკრიჭები, შე მაიმუნო! ამ დილაუთენია რომ დამადექი თავზე, ხეზე გეძინა? - მოჩვენებითად ვუწყრები.
- შემო, შემო, თორემ გავიყინე! - ჩავავლე მკლავში ხელი და შემოვიყვანე. - მოყევი ახლა, ვის აწაპნე ეს თევზი. დედააა! რამდენია-ა-ა?! - აშკარად მიხარია.
- არავის! პროსტა დავიადე! - უკვე ყურებიანად იღიმება და სახეგაბრწყინებული ირაკლის საწოლზე ჯდება.
- პრივეტ! რა დროს ძილია, ბიჭო, აშენდა ქვეყანა! - დაჰკრა ხელი წვივზე საბნის გარედან. გაბადრული ირაკლი წამოხტა და პირდაპირ ზურგზე შეახტა.
- ჰე, მოყევი ახლა, რით გამახარებ! - შევახსენე.
- კაროჩე, სანაპიროზე ხო იცი, ანკესებით რომ თევზაობენ, პივნოი ბართან. ხოდა, იქ ჩავიარე. ადრე იყო ძალიან. ერთი ბიჭი იდგა და ეს აცმა ეჭირა. დავითვალე. ვხედავ, კაი თორმეტი ცალია. იფ! ვიფიქრე, ეს ახლა კაი ღომთან ერთად ხოშიანი სადილი გამოვა-მეთქი. მივედი. ძველი ნაცნობივით მივესალმე. ისიც მომესალმა. რამდენად ყიდი-მეთქი, ვკითხე. ხუთ ლარადო. ხუთი რა ამბავია, ოთხი არ გეყოფა-მეთქი? ჯანდაბას, იყოსო. მაშინ ჩამიდე ცელოფანში და მაიტა-მეთქი. ჩამიდო. გამოვართვი. ახლა მე წავალ და ოც წუთში ფულს მოგიტან, კაცურად, ოღონდ ერთი პირობით-მეთქი: ოთხი ლარის ზევით რაც მომრჩება, ჩემი იყოს-მეთქი. ერთი კი გაიქაჩა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ ვაცალე: რა, არ მენდობი-მეთქი? - შევეკითხე. გაიხედ-გამოიხედა. იფიქრა, ეს მარტო არ იქნება და აქ სიტყვაზე არ დამიწყონ გამოჭერაო. არიქა, არავინ მცემოსო და კიო, მითხრა, რავა არ გენდობიო. ხოდა, სიტყვა სიტყვაა, ოც წუთში ფული აქ იქნება-მეთქი. მოვტრიალდი და წამოვედი. წამოვედი და წამოვედი-ი-ი, - იცინის.
ირაკლიც მისჩერებია გაბრწყინებული სახით, ბაძავს მიმიკებით, თითქოს ეს ყველაფერი თვითონ ჩაიდინა, ისეთი სახე აქვს…
- კი მაგრამ, ის კაცი რომ მოატყუე და სიტყვა გატეხე, ეს არაფერია? - შევაგდე ნამუსზე.
- მერე რა, ის კიდევ დაიჭერს. დიდი ამბავი, - შერცხვა ცოტა.
- სირცხვილი შენი. ადამიანს პატიოსნად ნაშოვნი ლუკმა პირიდან გამოგლიჯე, მე მომიტანე, რომ მასიამოვნო. როგორ გგონია, ყელში გადამივა?
- მე და ირაკლის ხომ გადაგვივა, - ეშმაკურად მომიჭრა.
ხითხითებენ. მოდი ახლა და ელაპარაკე! ხელი ჩავიქნიე და სააბაზანოში შევედი.
გაგრძელება იქნება