„ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა გახდნენ პირველი ქალები, რომლებმაც უშბის მწვერვალი წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს:
"ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე - არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე", - წერს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია.
მარიამ გელაშვილი - ალპინისტი
"მე ვარ მარიამ გელაშვილი, მთამსვლელი და მეკლდეური. თავდაპირველად ვარჯიში ბოტანიკურ ბაღში დამოუკიდებლად დავიწყე. ძალიან ხშირად მეუბნებოდნენ, რა გინდა, რას დადიხარ, გოგოსთვის ეს შეუფერებელია და ჯობია სხვა რამ აკეთოო.
ბევრი დეტალია, რაც მთაში წასვლამდე უნდა იცოდე და ამის სასწავლად რამდენიმე წელი დამჭირდა. ყველაზე რთული ლაშქრობა იყო, როცა 4 გოგო წავედით მწვერვალ ასათიანზე. კარგ დროს ავედით და გვეგონა, რომ მალე დავეშვებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა, დაგვაღამდა და ძალიან რთული იყო, რადგან პირველად გავედით დამოუკიდებლად და ყველა პასუხისმგებლობა ჩვენზე იყო.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სქესს წარმოადგენ, მთავარია, იპოვო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს და მთელი გულით აკეთო, მთელი დრო და ენერგია დაახარჯო. თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო, სტერეოტიპებს ყურადღება არ უნდა მიაქციო.
ამ სფეროში წარმატებად მიმაჩნია, რომ შემიძლია სხვადასხვა სირთულის მწვერვალზე ავიდე. ჩემი ყველაზე დიდი მიზანი, რაც ძალიან მინდა, არის ის, რომ ავიდე უშბაზე", - ამბობდა მარიამ გელაშვილი გასულ წელს Hammock Magazine-თან ინტერვიუში, დღეს კი მან ეს ოცნება აისრულა. მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ ქართული ალპინიზმის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერეს. გოგონები გვარწმუნებენ, რომ პროფესიას სქესი არ აქვს და რომ ნებისმიერი ოცნების ახდენა შესაძლებელია, თუკი ამას მიზნად დაისახავ.