სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" მსახიობების შერჩევა კასტინგ-მენეჯერის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ეკა მჟავანაძის პრეროგატივაა... თუმცა მას, როგორც მსახიობს, კარგად იცნობენ. მაყურებელმა იგი პირველად სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" შეიყვარა, მოგვიანებით კი "ჩემი ცოლის დაქალებშიც" ვიხილეთ.
– ვინ არის ეკა მჟავანაძე?
- ერთი ჩვეულებრივი, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს თბილისი და თბილისელები.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ბავშვობაში ვგეგმავდი, რამდენი შვილი მეყოლებოდა, როგორი იქნებოდა ჩემი ქმარი და როგორ გავზრდიდით ჩვენს შვილებს. ჩემს ფანტაზიებში ზღაპრული სამყარო მქონდა დახატული, მაგრამ 90-იან წლებში შევქმენი ოჯახი და პირველი შვილი რომ გამიჩნდა, ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა იყო, რომელიც ძალიან შორს იდგა ჩემი ოცნებებისგან. სამშობიაროდან რომ გამოვედი, შუქი ჩაქრა და 12 წლის შემდეგ აინთო. რაზე უნდა გეოცნება მაშინ – იმაზე, რომ შუქი მოსულიყო და ტელევიზორისთვის გეყურებინა? დაინგრა კომუნისტური წყობა, დარჩი ნულზე და ყველაფერი შეიცვალა – ეს იყო მაშინ ჩვენი რეალობა. მოგვიწია ამასთან შეგუება და ყველაფრის ნულიდან დაწყება. ვიღაც ძლიერი აღმოჩნდა, ვიღაც – სუსტი. ვფიქრობ, რომ მე ამ შემთხვევაში ძლიერი აღმოვჩნდი. მიღებულმა გამოცდილებებმა უფრო მებრძოლი გამხადა, ვიდრე მეოცნებე. თუმცა, ოცნებაც არასდროს დამვიწყებია. პირიქით, ფიქრი და ოცნება ძალიან მიყვარს. მაშინაც ვოცნებობდი, როდესაც ქვეყანა იქცეოდა. ალბათ, იმიტომ, რომ ოპტიმისტი ვარ.
– ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ, რას გააკეთებდით?
– ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ არ მინდა. ამხელა ფულის სწორად განაწილებას დრო, ენერგია და ნერვები უნდა. დაღლილი ვარ და აღარ მინდა ფორიაქი. დასვენება და სიმშვიდე მირჩევნია (იცინის). რომ გითხრა, ფული არ მინდა-მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ რაც მის მოგებას მოჰყვება, ამაზე ფიქრიც კი უკვე დამღლელია. ხარბი არასდროს ვყოფილვარ, აბსოლუტურად არაფრის მიმართ, მაგრამ ღმერთი ყოველთვის მაძლევდა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად თუ შეცდომად?
– რომ ვთქვა, შეცდომა არ დამიშვია-მეთქი, მართალი არ იქნება, თუმცა, ვცდილობ, რომ არ დავუშვა. დამიშვია და ალბათ, კიდევ დავუშვებ, მაგრამ ცხოვრება ისეთი რამეა, რომ შეცდომები ბევრს გასწავლის. ვცდილობ, სხვებს არ ვატკინო გული. მირჩევნია, ჩემი შეცდომის შედეგებმა ჩემზევე გადაიაროს უარყოფითად და სხვა არ დაზარალდეს.
– რა გამოსცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?
– ჩემი საქმე იმდენად მრავალფეროვანი და სიურპრიზებით სავსეა, რომ მე სულ გამოცდების წინაშე ვარ, იქნება ეს თეატრში თუ ჩემს მეორე პროფესიაში, ვგულისხმობ ქასთინგმენეჯერის საქმიანობას. მუდმივად ახლის ძიებაში ვარ და როდესაც ვპოულობ, კიდევ ვრწმუნდები, რომ შევძელი და ეს ყოველ ჯერზე სიახლეა. როცა მოქმედი ხარ და საქმეს აკეთებ, მით უმეტეს, როცა რამეს ხელმძღვანელობ, სულ ძიებასა და გამოწვევებში ხარ და ალბათ, წინ კიდევ ბევრი ახალი გამოცდილება მელოდება.
– ოდესმე რამე თუ მოგიპარავთ?
– მე ბავშვობაში ხშირად დავდიოდი სამეგრელოში ბებია-ბაბუასთან. ძალიან მიყვარს ჭყინტი სიმინდი და შემიძლია, უზომო რაოდენობით ვჭამო (იცინის). მახსოვს, ბავშვები გავიპარებოდით ხოლმე მის მოსაპარად. მე ხომ ძალიან შორეული წარსულიდან ვარ, მაშინ კომუნისტური წყობა იყო და ჩვენც კოლმეურნეობის ყანებს მივაშურებდით ხოლმე სიმინდისთვის (იცინის). მაშინ ეს ჩემთვის გმირობის ტოლფასი იყო. მეზობლის ბავშვებთან ერთად შევიპარებოდი ყანაში, სიმინდებს ვტეხდით და მერე მდინარის ნაპირზე კოცონს დავანთებდით და ვწვავდით. ძალიან აზიზი ბავშვი ვიყავი, ყველაფრის მეშინოდა, ხვლიკის, ბაყაყის და ასე შემდეგ და სულ შიშით გავრბოდი ხოლმე, რომ რამეს არ წავწყდომოდი. ასე მოპოვებული სიმინდი ისეთი გემრიელი იყო და ეს ყველაფერი – იმხელა თავგადასავალი, რომ დღემდე საოცრად მახსოვს (იცინის). სახლში რომ მოეტანათ ის სიმინდი, ასეთი გემრიელი არ იქნებოდა და ვერც მე ვიქნებოდი ისეთი ბედნიერი.
– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– კეთილი ტყუილი მითქვამს. ტყუილი არ არის ჩემი პროფესია?! ქასთინგზე რომ მოდიან მსახიობები, ვეუბნები, კარგად მომატყუე-მეთქი. როცა კარგად იტყუები, კარგადაც თამაშობ და მეც აღფრთოვანებული ვუყურებ შენს თამაშს. ცხოვრებაში კი არ მიყვარს ტყუილის თქმა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არ მითქვამს და ამ დროს ძალიან ვიბნევი. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებაში ვერ ვარ დიდი მატყუარა.