მსახიობ ნინო კობერიძის ცხოვრება დიდი წარმატებით დაიწყო, შემდეგ იყო შედარებით პასიური პერიოდი და ემიგრაცია, სადაც დიდი გეგმებით წავიდა, თუმცა გაჩერება დიდხანს ვერ შეძლო და კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.
- ბავშვობაში პიონერთა სასახლეში დავდიოდი და იქ ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გავატარე. ძალიან კარგი როლები მქონდა, არაჩვეულებრივი პარტნიორები მყავდა და გარემოც საოცარი იყო. კარგი როლები და პარტნიორები შემდეგში არც თეატრსა და კინოში მაკლდა, მაგრამ ბავშვობის წლები მაინც საუკეთესოდ მახსენდება.
– მაშინ როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი?
– შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი ისეთი წარმომედგინა, როგორიც მქონდა, ყველაფერი ამიხდა. ძალიან წარმატებული ვიყავი კინოშიც და თეატრშიც. თეატრში 30 წელი გავატარე, მთავარი როლები მქონდა ყველა ჟანრში, სხვის მაგივრადაც მიმუშავია, მაგალითად, ქალბატონ სოფიკო ჭიაურელის მაგივრადაც „შემაგდეს“ სპექტაკლში. ძალიან კარგი პარტნიორები მყავდა.
– ვისთან პარტნიორობას გაიხსენებდით გამორჩეულად?
– რეზო ჩხიკვიშვილი, ქეთევან გეგეშიძე, ლია ქობულაძე, თამარ სხირტლაძე, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მედეა ჯაფარიძე, შოთიკო მშვენიერაძე – რომელი ერთი გავიხსენო.
– ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ რომ ძალიან ცნობილ და აღიარებულ მსახიობებთან დაიწყეთ პარტნიორობა, არ გეშინოდათ, არ ნერვიულობდით?
– სხვათა შორის, ვერიკო ანჯაფარიძეს მოვესწარი. „შემაგდეს“ პეტერბურგში გასტროლის დროს სცენაზე, სხვა მსახიობის მაგიერ, ერთ დღეში მომზადებული როლით. ისე ვითამაშე, რომ ვერიკომ სცენაზე მაკოცა. მაშინ სულ ახალბედა ვიყავი. ღმერთო ჩემო, ასეთი დიდი მსახიობისგან ასეთი შეფასება ძალიან ბევრს ნიშნავდა, ახლაც მახსოვს ის ემოცია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ასეთი ადამიანების გვერდით თამაში, რასაკვირველია, სანერვიულოც, მაგრამ როგორღაც გამოდიოდა, ყოველთვის კარგი შედეგი იყო. მოწოდებით მსახიობი ვარ და ალბათ, ამიტომ.
– გახსოვთ, როდის გადაწყვიტეთ მსახიობობა?
– ძალიან პატარა ვიყავი, ხუთი წლის. ტელევიზორში ვნახე სპექტაკლი და ვიკითხე, ეს რა არის-მეთქი?! ამიხსნეს, რომ მსახიობები თამაშობდნენ სხვის როლებს და ეს იმდენად გასაოცარი იყო ჩემთვის, რომ მაშინვე დამაინტერესა. ყველაფერი ამ გაოცებამ განაპირობა.
– პოპულარობის დასაწყისი როგორ გახსენდებათ?
– ეს იყო ბატონი გიზო ჟორდანიას სპექტაკლი ინსტიტუტში „სამოთხის ჩიტი“. ძალიან კარგი და გახმაურებული სპექტაკლი იყო. ძალიან გვაქებდნენ. ბევრი კომპლიმენტი გვესმოდა, ბევრ საჩუქარს ვიღებდით, გვეფერებოდნენ, კარგ და თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ ჩვენ მიმართ. „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“ – გოგი თოდაძის ამ არაჩვეულებრივი სპექტაკლის მსვლელობისას, მოულოდნელად, გოგონამ მაყურებელთა წინა რიგებიდან ხელში შოკოლადი ჩამიდო. ასეთი სითამამე ძალიან მოულოდნელი იყო. საოცარი ბარათები მაქვს შენახული, რომელსაც მაყურებლისგან ვიღებდი. ერთმა უდიდესი ბარათი მომწერა სპექტაკლის შესახებ. სპექტაკლში ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდა გაგებული, ყველა სცენას ძალიან სწორად აფასებდა.
– ყურადღების ცენტრში რომ მოექეცით, არ გაგიჭირდათ?
– ეს რთულიც არის და სასიამოვნოც. მაგალითად, ზოგჯერ პერსონაჟთან გაიგივებენ, პერსონაჟი კი ბევრნაირი შეიძლება იყოს.
– წლების შემდეგ თეატრის დატოვება გადაწყვიტეთ. არ იქნებოდა მარტივი ნაბიჯი...
– არა, რეალურად ეს ძალიან მარტივად მოხდა. მაშინ მე აღარ ვიყავი აქტუალური, თან ჩემი სურვილი იყო გეოგრაფიის შეცვლა, ამიტომ იოლად დავემშვიდობე თეატრს. მერე საინტერესო ცხოვრება მქონდა და ნოსტალგია არ გამჩენია. მაშინ ასე იყო, თუმცა ახლა კი მაქვს ნოსტალგია.