ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, 59 წლის მონიკა ბელუჩი, სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს. 59 წლის ვარსკვლავი Madame Figaro-სთვის პოზირებს. მსახიობმა გადაღებისთვის Karl Lagerfeld-ისა და Tods-ის სამოსი მოირგო. ვარსკვლავს ფოტოებში Cartier-ის აქსესუარები ამშვენებს.
მონიკა ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში. მამამისი ლუიჯი ბელუჩი იყო სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკი, ხოლო დედამისი მარია გუსტინელი — პროფესიით მხატვარია. 13 წლიდან მოდელად მუშაობდა. 1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტზე. სწავლის ფული რომ ეშოვა, 16 წლიდან მუშაობდა მოდელად „Liceo Classico“-სთან. სამოდელო ცხოვრებით ბელუჩი მეტად დაინტერესდა. 1988 წელს მონიკა ბელუჩი საცხოვრებლად გადადის ქალაქ მილანში, სადაც კონტრაქტი გააფორმა „Elite Model Management“-თან. 1989 წელს ბელუჩი, როგორც მოდელი, განთქმული იყო პარიზსა და ნიუ-იორკში. იმ დროისათვის იგი პოზიორობდა ისეთ ცნობილ მოდის სახლთან, როგორიცაა „Dolce & Gabbana“. ამასთანავე, თანამშრომლობდა ცნობილ მოდის საერთაშორისო ჟურნალთან „ELLE“.
2000 წლიდან ბელუჩის ფოტოსურათები იბეჭდებოდა სხვადასხვა პრესტიჟულ ჟურნალში. 2003 წელს ბელუჩი გახდა პოპულარული ჟურნალის, „Maxim“-ის სახე. იმ პერიოდში წარმატებას მიაღწია მოდის სფეროში, ამასთანავე, ცნობილი იყო, როგორც იტალიის სექს-სიმბოლო. სამოდელო კარიერაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ბელუჩიმ კინემატოგრაფშიც დაიწყო მოღვაწეობა. სწორედ მოდელის კარიერამ მიიყვანა ბელუჩი კინოში. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა, როგორც პროფესიონალ მოდელს, ამიტომ მას სულაც არ უჭირდა კამერის წინ თავისუფლად მოძრაობა და სხვადასხვა სცენის გათამაშება.
ბელუჩის დებიუტი იტალიურ კინოში შედგა 1990-იან წლებში. კარიერის პირველ ეტაპზე ეპიზოდურ როლებს იღებდა, თუმცა სიტუაცია შეიცვლა მას შემდეგ, რაც ბელუჩი მიიწვიეს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში — „დრაკულა“, სადაც დრაკულას პატარძლის როლი შეასრულა. მომდევნო წლებში ფილმში სათამაშოდ მას სხვა კინორეჟისორებიც იწვევდნენ. განსაკუთრებულ წარმატებას ბელუჩიმ მიაღწია 1996 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „ბინა“, სადაც მისი პარტნიორი იყო ვენსან კასელი. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის წარდგენილი იყო სეზარის პრემიაზე ნომინაციაში იმედისმომცემი მსახიობი. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მსახიობი ვენსან კასელი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. 1997 წელს გამოდის ცნობილი ფრანგული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „დობერმანი“. 1997 წლისათვის ბელუჩიმ ერთბაშად სამ ფილმში მოასწრო თამაში. 1990-იანი წლებში იგი მეტად პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობი ხდება. 2000 წელს გამოდის გახმაურებული კინოფილმი „მალენა“.
2001 წელს ფრანგმა კინორეჟისორმა კრისტოფერ განსმა გადაიღო თავისი ცნობილი მძაფრსიუჟეტიანი მისტიკური ფილმი „მგლის საძმო“. ერთ წელიწადში ბელუჩიმ მიიღო როლი ცნობილ ფილმში „ასტერიქსი და ობელიქსი-მისია კლეოპატრა“, რომელიც იქცა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდშემოსავლიან ფილმად. ამავე წელს გამოდის ფილმი „გარდაუვალობა“, სადაც ბელუჩის ისევ და ისევ თავის მეუღლესთან მოუწია თამაში. კინოთეატრებში კინო მძიმედ აღიქვეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბელუჩის პერსონაჟს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სასტიკად აუპატიურებენ. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ფილმი „მზის ცრემლები“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ბრიუს უილისმა. შემდეგ იყო ისეთი ფილმები, როგორებიცაა: „ქრისტეს ვნებანი“, „შაითანი“, „დახვრიტე ისინი“, „უკან არ მოიხედო“ და ა.შ. მონიკა ბელუჩი ქორწინებაში იმყოფებოდა კლაუდიო კარლოს ბასოსთან, თუმცა წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1999-2013 წლებში იყო ფრანგი კინომსახიობის, ვენსან კასელის მეუღლე, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ და სპარსულ ენებს.