სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად "ლივერპულის" მეკარეა. ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონი ევროა. გიორგი 1-წლიანი იჯარით "ვალენსიაში" დარჩება, "ლივერპულს" კი 2025 წლიდან შეუერთდება. ეს წარმატება ქართველ სპორტსმენს მეგობრებმა, თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში მიულოცეს. ამ სიახლეს ვრცელი წერილი მიუძღვნა გიორგის მეუღლემ, მოდელმა ელენე ეპიტაშვილმაც:
"ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა ვალენსია, ვალენსიელები და ის გულშემატკივრები, რომლებიც მუდამ დიდ სითბოსა და უზარმაზარ მხარდაჭერას გამოხატავდნენ გიოს მიმართ. ვამაყობ, რომ გიო ასეთი შეკრული ოჯახის წევრი გახდა. მე ყოველთვის მემახსოვრება ვალენსია, როგორც ჩემი მეორე სახლი", - წერს ელენე.
გიორგი მამარდაშვილისთვის ფეხბურთი ბავშვობიდან ახლობელი იყო - მამა, დავით მამარდაშვილი, ვეტერანი მეკარე გახლავთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით თამაშობდა - მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობით დაკავდა.
გიორგი მამარდაშვილის დედა თამუნა ბლიაძეა. დედა გიორგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ხშირად ესწრება თამაშებს და ყოველთვის მხარში უდგას მას.
გიორგის ჰყავს და, ნინიკო მამარდაშვილი, რომელიც სტუდენტია. ნინიკოს "ტიკ-ტოკის" მომხმარებლები კარგად იცნობენ, რადგან ის აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ. მის გამომწერებს განსაკუთრებით მოსწონთ გიორგისთან ერთად გადაღებული ვიდეოები და მუდმივად ითხოვენ მის კადრში გამოჩენას. და-ძმა ერთად დიდ დროს ვერ ატარებს, რადგან გიორგი ვალენსიაში ცხოვრობს, ნინიკო - თბილისში, თუმცა მათ განსაკუთრებულ დაძმობაზე ბევრს წერენ - ნინიკო ყველაზე ძალიან ამაყობს ძმით და ყოველთვის უმაგრებს ზურგს.
გიორგისა და მისი უმშვენიერესი მეუღლის, ელენე ეპიტაშვილის შესახებ მედია ხშირად წერს.
ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
ელენე პიტაშვილი წლების მანძილზე თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან და მათ გვერდზე მშვენიერი მოდელის არაერთ კადრსაც შეხვდებით. განსაკუთრებული იყო ელენეს გამოჩენა ქართველი მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის კლიპში "სიყვარულის გემი".
ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: "შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს. სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს.
მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც", - ამბობდა გიორგი.